ტრანსფერ ONLINE: 31 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:05. ეგრევე ცხელი ამბით ვიწყებთ: აქსელ ვიტსელმა ბელგიის ნაკრების საწვრთნელი ბაზა დატოვა და ტურინში გაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "ზენიტი" და "იუვენტუსი" შეთანხმდნენ, რომ 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონში" 18 მილიონ ევროდ გადავა. ამას გარდა, ტრანსფერი ითვალისწინებს ბონუსებსაც. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს "ზენიტმა" ვიტსელი "ბენფიკასგან" 40 მილიონ ევროდ იყიდა.

12:15. შვეიცარიელი ნახევარმცველი გოხან ინლერი, რომელსაც თავის დროზე "უდინეზესა" და "ნაპოლიში" ბრწყინვალე სეზონები აქვს გატარებული, "ბეშიქთაშში" თავისუფალ აგენტად მივიდა. 32 წლის ინლერი 2015 წლიდან "ლესტერში" ირიცხებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში
"მელიებს" მხოლოდ 5 მატჩში დაეხმარა.

12:20. "ლესტერი" ლისაბონის "სპორტინგის" ფორვარდ ისლამ სლიმანის ელოდება. ინგლისის ჩემპიონი 28 წლის ალჟირელ ფორვარდში 35 მილიონ ევროს იხდის.

12:25. სადაცაა "ტოტენჰემი" მუსა სისოკოს ტრანსფერს დაადასტურებს. "სქაი სპორტი" წერს, რომ საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის გაყიდვით "ნიუკასლი" 35 მილიონ ევროს მიიღებს. "მამლები" ამ ფულს 5 ნაწილად გაისტუმრებენ.

12:35. "სტოკს" ორი ახალწვეული ჰყავს და ორივე იჯარით - 27 წლის კოტდივუარელი ფორვარდი ვილფრიდ ბონი "მანჩესტერ სიტიდან" და 24 წლის ჰოლანდიელი მცველი ბრუნო მარტინს ინდი "პორტუდან".

12:40. პსჟ-მ უარი უთხრა "ჩელსის" დავიდ ლუიზის მიყიდვაზე. არადა, "არისტოკრატები" მზად იყვნენ, ბრაზილიელი მცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 37 მილიონ ევროდ დაებრუნებინათ, მაშინ, როცა 2 წლის პსჟ-მ "ჩელსისგან" ის 45 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

12:45. "ინტერის" თურქი ნახევარმცველი ჯანერ ერქინი "ბეშიქთაშის" მე-9 ახალწვეული გახდა. "ნერაძური" ერთწლიან იჯარაში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

12:51. "მარკას" ინფორმაციით, სამირ ნასრი "სევილიაში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

13:05. "დნიპროს" ყოფილი მეკარე დენის ბოიკო "ბეშიქთაშიდან" "მალაგაში" ერთწლიანი იჯარით მივიდა.

13:19. "გრანადაში" მატებაა. ებრაული "ბეითარიდან" მოვიდა ნახევარმცველი ომერ ატცილი. გარიგების საფასური უცნობია.

13:35. 23 წლის სენეგალელი ფორვარდი მუსა სოვი "ალ აჰლიდან" "ფენერბაჰჩეში" დაბრუნდა.

13:37. ლისაბონის "სპორტინგი" ბრაზილიური "კორინთიანსიდან" 31 წლის ნახევარმცველ ელიაშს ელოდება. ჯერჯერობით, პორტუგალიური გრანდი ამ ფეხბურთელზე სატრანსფერო უფლების 50 პროცენტს ყიდულობს.

13:45. 24 წლის ბერძენი მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი "ლევერკუზენიდან" "ლაიპციგში" გადავიდა.

13:50. "მანჩესტერ სიტის" მცველმა ელიაკიმ მანგალამ "ვალენსიაში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

14:05. 32 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ალექსის რომაომ "მარსელიდან" "ოლიმპიაკოსში" ამოჰყო თავი.

14:12. ჯო ჰარტი "ტორინოს" მეკარედ ოფიციალურად წარადგინეს. ტურინული კლუბი ერთი წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტის" ჰარტის 5-მილიონიანი ხელფასის 70 პროცენტს გადაუხდის.

14:15. "ინგოლშტადტმა" "მონაკოსგან" 23 წლის ცენტრალური მცველი მარსელ ტისერანი იყიდა. ტრანსფერის საფასური 5.5 მილიონი ევროა, რაც ბუნდესლიგური კლუბისთვის სარეკორდო გარიგებაა.

14:23. "ეიბარმა" "ესპანიოლისგან" მცველი ანაიტც არბილი იყიდა.

14:30. ემანუელ ადებაიორი გახსოვთ? ტოგოელი ფორვარდი, შესაძლოა, ჩემპიონშიპის ბინადარ "ფულჰემში" აღმოჩნდეს.

14:40. "გარდიანის" ინფორმაციით, "პორტუს" 26 წლის ნახევარმცველი იასინ ბრაიმი "ევერტონს" უახლოვდება.

14:50. "ბილბაოს" ფორვარდმა ბორხა ვიგერმა "ხიხონთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

14:55. "გაძეტა დელო სპორტმა" დაწერა, რომ 21 წლის სერბი მცველი ნიკოლა მაქსიმოვიჩი "ტორინოდან" "ნაპოლიში" 26 მილიონ ევროდ გადადის.

15:10. "ვერდერის" ცენტრალურმა მცველმა ლეონ გუვარამ ერთწლიანი იჯარით "დარმშტადტს" მიაშურა.

15:20. 20 წლის ფორვარდი ხუან მუნიოსი "სევილიადან" "სარაგოსაში" წავიდა.

15:32. "დეილი მეილისგან" შევიტყვეთ, რომ სესკ ფაბრეგასმა კატეგორიულად იუარა "მილანში" ერთწლიანი იჯარით გადაბარგება.

15:47. "სტოკმა" "დერბისგან" 33 წლის მეკარე ლი გრანტი სეზონის ბოლომდე ითხოვა. შეგახსენებთ, რომ მარკ ჰიუზს ძირითად მეკარედ 40 წლის შეი გივენი უდგას.

15:55. BBC-მ გადმოსცა: უახლოეს საათებში ფორვარდი ლეონარდო ულოა "ლესტერიდან" იჯარით "ვესტ ბრომვიჩში" გადავა.

16:10. "ლევერკუზენის" 24 წლის ცენტრალური მცველი ანდრე რამალიო სეზონის ბოლომდე "მაინცის" მაისურით გააგორებს ბურთს.

16:21. "სქაი სპორტი" ამტკიცებს, რომ აქსელ ვიტსელთან ერთად "იუვენტუსმა" ხუან კუადრადოც გადაიბირა.

16:40. უკვე ოფიციალურად: სამირ ნასრი ერთი წლით "სევილიას" შეუერთდა.

16:50. არსენ ვენგერი თანახმაა, ნახევარმცველი ჯეკ უილშირი ერთწლიანი იჯარით "რომაში" გაუშვას.

16:55. "ნიცა" და "ლივერპული" მარიო ბალოტელის თაობაზე საერთო ენას ვერ პოულობენ.

17:08. "არსენალის" 21 წლის ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ "ვერდერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

17:25. "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, "მარსელის" კაპიტანი ლასანა დიარა "ალ ჯაზირაში" მიდის - "გალათასარაი" არ გამოდისო...

17:50. პსჟ ბოლოს და ბოლოს გატყდა: დავიდ ლუიზი "ჩელსისთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა.

18:00. "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კლინტონ ნჯიე ამ სეზონს "მარსელში" გაატარებს.

18:05. 31 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი 2 წლით "გალათასარაის" საკუთრებაში გადავიდა.

18:10. "სქაი სპორტი" წერს, რომ 33 წლის ესპანელი მცველი ალვარო არბელოა, რომელსაც "რეალსა" და "ლივერპულში" უთამაშია, ახლოსაა "ვესტ ჰემში" ტრანსფერთან.

18:40. "მილანის" მცველი ჯერსონ ვერგარა "არსენალში" გადავიდა, ოღონდ არა ლონდონის, არამედ - ტულის. 22 წლის კოლუმბიელი რუსული პრემიერლიგის კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

18:45. "მიდლსბრომ" 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა "ასტონ ვილას" 20 წლის ფორვარდ ადამა ტრაორე დიარას.

18:55. "ვოლფსბურგმა" "სტოკის" ცენტრალური მცველი ფილიპ ვოლშაიდი იჯარით აიყვანა. თუ სურვილი ექნათ, სეზონის ბოლოს "მგლები" 27 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვასაც შეძლებენ.

19:10. "კრასნოდარმა" ლისაბონის "სპორტინგის" ბრაზილიელ მცველ ნალდოს ტრანსფერში 4.5 მილიონი ევრო გაიღო.

19:15. "ვალენსიაში" ელიაკიმ მანგალას ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

19:20. ესეც ოფიციალური ინფორმაციაა: "ჩელსიმ" ფიორენტინელ მარკოს ალონსოს 4-წლიანი კონტარქტი დაუდო.

19:45. "იუვენტუსმა" დაადასტურა, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი, 28 წლის ხუან კუადრადო "ჩელსიდან" იჯარით აიყვანა.

20:15. "ლივერპულმა" ანდრე უისდომი ერთი წლით ავსტრიულ "ზალცბურგში" გაანათხოვრა.

20:20. "ჩელსი" მარსელო ბროზოვიჩს არ ასვენებს. თუ მოესწრება ეს ტრანსფერი, ლონდონელები "ინტერს" ხორვატ ნახევარმცველში 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.

20:40. "ჩელსიმ" დავიდ ლუიზის ტრანსფერი დაადასტურა. ფრანგული გრანდი 37 მილიონ ევროს მიიღებს.

21:10. არანაირი "რომა", ჯეკ უილშირი სამედიცინო შემოწმებას გადის "ბორნმუთში".

21:15. პოლ პოგბას ჰყავს ძმა - პატრიკი. ისიც ფეხბურთელია, ოღონდ სახელოვან ძმაზე მთელი 100 მილიონი ევროთი იაფია. ამიტომაც არ გაუჭირდა როტერდამის "სპარტას" მისი ყიდვა.

21:30. "ტოტენჰემმა" უგო ლორისს დუბლიორი მიუყვანა. პაუ ლოპესს "ესპანიოლში" მეკარედ სამწლიანი ყოფნისას მხოლოდ 20 მატჩი დაუგროვდა.

21:50. მარიო ბალოტელი ნიცაში ჩავიდა, ოღონდ არა პლაჟებზე განცხრომისთვის, არამედ კონტრაქტის გასაფორმებლად.

21:55. ენერ ვალენსიას "ვესტ ჰემში" დარჩენა აღარ უნდა. ასე რომ, "ევერტონს" რამდენიმე საათიღა აქვს საქმის სათავისოდ შემოსატრიალებლად. "სულ რაღაც" 20 მილიონია საჭირო და...

22:00. ეს საქმეც მოგვარდა: ჯეკ უილშირმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთი წლით "ბორნმუთის" ფეხბურთელი გახდა. აბა, "რომა" საიდანღა მოიტანეს?!.

22:15. ცინცხალი ამბავი მუსა სისოკოზე. "ტოტენჰემის" გარდა, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი "ევერტონსაც" გაახსენდა, მაგრამ დააგვიანდა. ამასობაში კი "მამლებმა" "ნიუკასლთან" 37 მილიონ ევროზე მოილაპარაკეს. კონტრაქტი 5-წლიანია.

22:55. ალვარო არბელოას საქმეც მოგვარდა. 33 წლის ესპანელი მცველი "ვესტ ჰემში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მხარეები ერთწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

23:50. მცველი კრისტოფერ სამბა, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილის გვერდით "ბლექბერნში" უთამაშია, "პანათინაიკოსმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა.

00:20. ბელგიელი ჯეისონ დენაიერი სეზონის ბოლომდე "სანდერლენდში" გააგორებს ბურთს.

00:45. "ლივერპულმა" ლაზარ მარკოვიჩი ერთი წლით ლისაბონის "სპორტინგს" ათხოვა.

01:00. "ევერტონი" და "ვესტ ჰემი" დროულად მორჩნენ ვაჭრობას. ენერ ვალენსია სეზონის ბოლომდე "გუდისონ პარკზე" ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული