კაცი ქალთა გუნდში - როგორ დასაჯა "სპარტამ" ფეხბურთელები

AutoSharing Option
პრაღის "სპარტას" კაცთა გუნდის ორი ფეხბურთელი სასჯელის სახით ქალთა გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

ეს სანქცია ამ მოთამაშეების სექსისტური განცხადების გამო გახდა საჭირო. "სპარტამ" ევროპალიგაზე მილანის "ინტერი" კი დაამარცხა, მაგრამ საშინაო ჩემპიონატში კლუბის საქმე კარგად ვერ მიდის და "ბრნოსთან" შეხვედრაში, რომელიც 3:3 დასრულდა, მეტოქეს ერთი გოლი შეცდომით ჩაუთვალეს, ლაინსმენმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობა ვერ დაინახა.

საქმე ის არის, რომ ეს ლაინსმენი ქალბატონი გახლდათ…. ყველასთვის ცნობილია ერთი ჩვენში გავრცელებული გამოთქმა, რომლის შინაარსიც ასეთია - ქალის ადგილი სამზარეულოშიაო.

ამის ჩეხური ვარიანტი ასეთი ყოფილა - ქალი
გაზქურასთან უნდა იდგესო. ნახსენები მატჩის მერე პრაღელთა მეკარემ, 24 წლის ტომაშ კუბეკმა "ტვიტერზე" დაწერა - ქალი გაზქურასთან დგომისთვის არის გაჩენილიო.

პოზიცია, რომ მდედრობითი სქესი გაზქურისთვისაა შექმნილი, 27 წლის ნახევარმცველმა ლუკაშ ვახამაც გაიზიარა და საკუთარ "ტვიტერზე" ლაკონურად დაწერა ლაინსმენის, ლუსი რატაიოვას სურათთან ერთად - "გაზქურასთან".

"სპარტას" მმართველმა დირექტორმა ადამ კოტალიკმა აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია და კლუბს ჩრდილს აყენებს - ახლა ბიჭები ნახავენ, რომ ქალები მხოლოდ გაზქურისთვის არ არსებობენო. ასე რომ, ვახასა და კუბეკს გარკვეული დროით ქალბატონებთან ერთად მოუწევთ ვარჯიში და სავარაუდოდ, კარგი დღე არ დაადგებათ.

"ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყებენ ბიჭები ჩვენთან ერთად ვარჯიშს" - განაცხადა "სპარტას" ქალთა გუნდის კაპიტანმა ივა მოჩოვამ.

კუბეკმა, რომელიც ჩეხეთის ნაკრების წევრიცაა, ისიც დაწერა - ქალებს კაცთა ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ და მსაჯებად არ უნდა იყვნენო. მოგვიანებით, მან თავისი მეუღლისა და ქალიშვილის ფოტო გააზიარა და მიაწერა - "ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს".

ვახამ კი განმარტა, რომ მისი რეპლიკა არანაირად არ ეხებოდა ზოგადად ქალებს და კონკრეტულ შეცდომაზე ხუმრობა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა, ბედი მომე და ქალთა გუნდში გადამაგდეო. გასახდელი იქნება განსაკუთრებით საინტერესო :)
მერაბი
12:00 06-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული