დიეგო მარადონა
ნარკოტიკი: კოკაინი
დისკვალიფიკაცია: 15 თვე
არგენტინელი ვარსკვლავი მილიონობით გულშემატკივრის აღფრთოვანებას იმსახურებდა დიდებული ფეხბურთის გამო, მაგრამ ამასთანავე დიეგო ძალიან ხშირად ეხვეოდა სკანდალებში და ეს ძალიან აწუხებდათ მის გულშემატკივრებს.
მაშინ, როცა ნეაპოლში ის ნამდვილი ღმერთი იყო და გახლდათ კარიერის პიკში, დიეგომ პირველად გასინჯა კოკაინი. თავად მარადონამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ მას ასეთი გრძნობა ადრე არასოდეს ჰქონია. "ისეთი გრძნობა მქონდა,
როგორ მიეჩვია მარადონა ნარკოტიკს? "ეს თანდათანობით მოხდა. მე მივხვდი, რომ შემეძლო, ყოველდღე ასე ბედნიერად მეგრძნო თავი. მომეწონა და დავიწყე." - ესეც მარადონას მოგონებებიდანაა.
1991 წლის თებერვალში მარადონამ 15 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო კოკაინის მოხმარების გამო. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დიეგოს დოპინგ-ტესტი ჩაუვარდა. არადა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც არგენტინამ ნიგერია დაამარცხა.
ეს უკვე დასასრულის დასაწყისი იყო. დიეგომ ბევრი იმკურნალა და თითქოს, დაუძვრა კიდეც სენს, თუმცა როცა საქმე მარადონას ეხება, წერტილის დასმა ძალიან რთულია.
ადრიან მუტუ
ნარკოტიკი: კოკაინი
დისკვალიფიკაცია: 7 თვე
მუტუმ მარადონასთან მიახლოვებული ფეხბურთიც კი ვერ ითამაშა, თუმცა იყო დრო, როცა ევროპულ ფეხბურთში თავისი ომახიანი სიტყვა ეთქმოდა. "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა "პარმას" მუტუს სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო გადაუხადა. ლონდონში მუტუმ 5 თამაშში 6 გოლი შეაგდო და ყველას უჩვენა, რომ უმაღლეს დონეზეც შეეძლო თამაში. ამ დროს მუტუს კოკაინის კვალი აღმოუჩინეს.
ლონდონურმა კლუბმა უარი თქვა ფეხბურთელის სამსახურზე. მუტუ მივიდა "ფიორენტინაში" და პირელივე სეზონში 32 გოლი გაიტანა და ყველა აღაფრთოვანა, თუმცა მალე ისევ ჩავარდა ნარკოტესტზე. შემთხვევითი არ იყო შვიდთვიანი დკვალიფიკაცია.
მარკ ბოსნიჩი
ნარკოტიკი: კოკაინი
დისკვალიფიკაცია: 7 თვე
მუტუსა და ავსტრალიელი მეკარის პრობლემები ერთმანეთს დაემთხვა. ოკეანეთის ყველა დროის საუკეთესო მეკარე, ვინც ავსტრალიაში მართლაც რომ უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, ირწმუნებოდა, თითქოს, მას კოკაინი კოკტეილში გაურიეს. ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ბოსნიჩისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ის ვეღარ დაუბრუნდა დიდ სპორტს.
გარი ოკონორი
ნარკოტიკი: კოკაინი
დისკვალიფიკაცია: 2 თვე
ინგლისში ასპარეზობის დროს ოკონორმა ნარკოტესტი ჩააფლავა. ოკონორმა რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის "ლოკომოტივში" ითამაშა და თავი იმით დაამახსოვრა მოსკოველ ტაქსისტებს, რომ მათ დაუნანებლად უხდიდა 400 დოლარს ნებისმიერი მოგზაურობისათვის. ინგლისურ ბატალიებს კი ის ასე იხსენებს:
"სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის დროს მე მივხვდი, რომ დამნაშავე ვიყავი. მოვლენებს სულ სხვა თვალით შევხედე,"
პოლ გასკოინი
ინგლისური ფეხბურთის ყველაზე კოლორიტული ვარსკვლავი იხსენებდა, რომ თამაშამდე აუცილებლად სვამდა ერთ ბოთლ ვისკის. შესვენებაზე კი ამას 100 გრამს ამატებდა. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ბარში "გაზას" 13 ბოკალი ლუდი დაულევია. ოთხი თვის განმავლობაში გასკოინმა უარი თქვა როგორც კოკაინზე, ისე ვისკიზე. ცხოვრების ასეთმა წესმა პოლი კინაღამ მოუსავლეთში გაისტუმრა.
"ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ალკოჰოლის გარეშე თამაში. ის თითქოს, დამატებით ენერგიას მაძლევდა. გავდიოდი მინდორზე და მგონი, ჩემი თამაშით უკმაყოფილო არავინ რჩებოდა. უბრალოდ, ჩვენ გვგონია, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება. არადა, ასე არ არის. ერთ დღესაც შენ გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია და გამოწურული ლიმონივით ხარ." - აღნიშნა გაზამ.
ამ დროისათვის გასკოინი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"