ევროუქმეების წინ: კლასიკო 360 გრადუსით

AutoSharing Option
"ელ კლასიკო" საკლუბო ფეხბურთის გვირგვინია, თამაში, რომელიც ფანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სხვა დაპირისპირებებს ავიწყებს.

შაბათს "კამპ ნოუზე" სწორედ ასეთი მატჩია: ქვეყნის ჩემპიონი 6 ქულით წინ გაჭრილ "რეალს" მასპინძლობს; ლუის ენრიკე VS ზინედინ ზიდანი; ლიონელ მესი VS კრიშტიანო რონალდო; კატალონია VS კასტილია... მოკლედ, წინ ფეხბურთის ზეიმია.

ცოტა ისტორია და სტატისტიკა
ამ დაპირისპირებაზე იმდენჯერ დაწერილა, რომ მის ისტორიას ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. ყველაზე დიდი საკლუბო დაპირისპირება ფეხბურთში მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელეაუდიენციას აგროვებს სპორტულ შეხვედრებს შორის დედამიწის ზურგზე.

გარდა იმისა, რომ ამ კლუბების დაპირისპირებას
პოლიტიკური ელფერი მუდამ ჰქონდა, ეს არის მსოფლიოს ორი ყველაზე მდიდარი და წარმატებული კლუბის ჯახი. სოციალური მედიის წყალობით განისაზღრა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ფანი კლუბებს შორის (ყველა სპორტის სახეობაში) სწორედ ამ ორს ჰყავს.

სულ გაიმართა 231 ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის. "რეალმა" მოიგო 93, ხოლო "ბარსელონამ" - 90. თუ 31 ამხანაგურ შეხვედრასაც დავუმატებთ, წინ "ბარსაა" 109 მოგებით 97-ის წილ.

ყველაზე მეტჯერ კლასიკოში მანოლო სანჩისს (რეალი) უთამაშია - 43. ხოლო ყველაზე მეტი გოლის ავტორი ლიონელ მესია (21), რომელსაც კარგა ხანია, არ გაუტანია "რეალისთვის". ბოლოს მესიმ 2014 წელს გაუტანა "რეალს", კიდევ უფრო დიდი დრო გვაშორებს მესის კლასიკორ გოლთან "კამპ ნოუზე", ეს ბოლოს 2012 წელს მოხდა.

სიახლე
ამ სიახლეს ტელემაყურებლები იხილავენ - პირველად ევროპულ სპორტულ ღონისძიებას, იქნება ნაჩვენები მომენტების გამეორებები 360-გრადუსიანი კუთხით. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში იყო შესაძლებელი.

უკვე იცით, რომ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული "შაპეკოენსეს" ფეხბურთელების საპატივცემულოდ. "ბარსამ" და "რეალმა" მოილაპარაკეს და ამ შეხვედრიდან მიღებულ მოგებას ბრაზილიური კლუბის დახმარების ფონდში ჩარიცხავენ.

"ბარსა" კრიზისში, "რეალი" დაფრინავს
"რეალი" მთავარ დაპირისპირებას შესანიშნავი განწყობით ხვდება, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის მძიმე ტრავმას (ბეილმა შესაძლოა, სეზონის მეორე კლასიკოც გამოტოვოს), "სამეფო კლუბში" ყველაფერი რიგზეა. ზინედინ ზიდანმა ახლახან თასზე გამარჯვებით კარლო ანჩელოტის რეკორდი მოხსნა - "რეალს" უკვე 32 მატჩია, არ წაუგია!

ლა ლიგაში "რეალი" "ბარსელონას" უკვე 6 ქულით უსწრებს, არასა, მხოლოდ 13 ტურია გასული. რა ხდება ამ დროს "ბარსელონაში"? გუნდში მართლაც კრიზისია - ლუის ენრიკეს რაზმმა კოპა დელ რეიზე სუსტ "ერკულესსაც" ვერ მოუგო (მართალია, "ბარსამ" შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა), ამას წინ უძღვოდა მოპოვებული (დიახ, მოპოვებული ფრე "ანოეტაზე"), არადამაჯერებელი თამაში მანამდე. მოკლედ, "ბარსელონამ" ბოლო 8 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო და მხოლოდ 3 მოიგო. ეს ერთი ჩვეულებრივი გუნდის სტატისტიკაა და არა ევროგრანდის.

Sportall.Ge

ბარსელონა VS რეალი
* 2016 წლის აპრილში "ბარსელონასა" და "რეალის" თამაში პირდაპირ ეთერში 90-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა.

* ამ შეხვედრას საერთო ჯამში 400 მილიონამდე ადამიანმა უყურა.

* ელ კლასიკოზე ბილეთის საშუალო ფასი 2 600 დოლარია.

* ბოლო კლასიკოს 90 154 ადამიანი დაესწრო.

* "ბარსელონას" სავარაუდო ფასი 3,56 მილიარდი დოლარია, "რეალის" - 3,65 მილიარდი დოლარი.

* "ბარსელონაში" კვირის საშუალო ხელფასი 143 ათასი დოლარია, "რეალში" - 128 ათასი დოლარი.

* "ტვიტერზე" "ბარსას" 18,9 მილიონი მიმდევარი ჰყავს, "რეალს" - 21,1 მილიონი.

* "ფეისბუქზე" "ბარსას" 94,7 მილიონი მომწონებელი ჰყავს, "რეალს" - 92,7 მილიონი.

* "ბარსელონას" 77 ტროფეი აქვს მოგებული, "რეალს" - 80.

* კლასიკო უკვე რამდენიმე ტურნირში გამართულა, მაგრამ ჯერ არ ყოფილა კლასიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

* 1943 წელს "რეალმა" თასზე "ბარსას" 11:1 მოუგო. დღემდე ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა კლასიკოზე.

* 1962-65 წლებში "რეალმა" ზედიზედ 6 კლასიკო მოიგო, ეს ამ კლუბების დაპირისპირების რეკორდია.

* 1917-დან 1928-მდე "ბარსა" ერთხელაც არ დამარცხებულა "რეალთან" 13 მატჩის განმავლობაში.

* სულ 21-ია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც კლასიკო ორივე გუნდის მაისურით უთამაშია. ყველაზე ცნობილები ლუიშ ფიგუ, სამუელ ეტო'ო, მიქაელ ლაუდრუპი, ლუის ენრიკე, ბერნდ შუსტერი და რონალდო არიან.

* 2002 წლის მერე კლასიკოზე 0:0 არ დაფიქსირებულა.

* კრიშტიანო რონალდომ კლასიკოს მატჩებში 16 გოლიდან 10 სტუმრად გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, რონალდო.

პრემიერლიგა: ნუვო რიჩის დერბი
პრემიერლიგაში მართლაც გამორჩეული მატჩია ჩემპიონატის ორი უმთავრესი ფავორიტი (გვაპატიონ "ლივერპულის" ფანებმა) ერთმანეთის წინაშე წარდგება - ხოსეპ გვარდიოლას "სიტი", რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩება ანტონიო კონტეს საოცარ ფორმაში მყოფ "ჩელსის", არისტოკრატებს მასპინძლობს.

"მეტრომ" ამ დაპირისპირებას უკვე შეარქვა "ნუვო რიჩის დერბი". მართლაც, არც ისე დიდი ხნის წინათ, სხვა კლუბების ჩრილში მყოფმა "სიტიმ" და "ჩელსიმ" გრანდობამდე გზა რუსული და აზიური ინვესტიციებით გაიკვლიეს. "მეტრომ" გამოთვალა და ამ მატჩის სათამაშოდ მოედანზე გამოვა 22 ფეხბურთელი, რომელთა საერთო ფასი... 500 მილიონი გირვანქაა.

სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში - ფერნანდინიო, ტურე - სტერლინგი, დე ბრუინი, ნოლიტო - აგუერო
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დ. ლუისი, კეჰილი - მოზესი, მატიჩი, კანტე, მ. ალონსო - პედრო, დ. კოშტა, აზარი.

Sportall.Ge

სერია A: დერბი ბოიკოტით?
სერია A-ს მე-15 ტური განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს და წესით, ნეაპოლში დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. "ნაპოლი" და "ინტერი" ლიდერებს ჩამორჩნენ და ორივე გუნდისთვის მხოლოდ სამი ქულაა მისაღები - შესაბამისად, შემტევ, უშეღავათო და უკომპრომისო ბრძოლას ველოდებით.

ტურინში, "იუვენტუსი" "ატალანტას" მიიღებს და ბუნებრივია, რომ ეს მატჩიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. "ვეკია სენიორა" სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას, "ატალანტა" კი მიმდინარე ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენაა. ბერგამოელებს ცხრილში მეხუთე ადგილი უკავიათ და ლიდერს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან. ბოლო მატჩებში, "ატალანტა" ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, ტურინში კი დიდი გამოცდა ელის.

ტურის ცენტრალური მატჩი დედაქალაქში შედგება, სადაც რომაული დერბია. დიახ, ერთმანეთის პირისპირ "ლაციო" და "რომა" წარდგებიან, ამ გუნდების დაპირისპირება კი განსაკუთრებული მოვლენაა. მოახლოებულ მატჩს ისიც მატებს ინტრიგას, რომ ორივე გუნდი ლიდერთა შორისაა - "რომას" მეორე ადგილი უკავია, "ლაციო" კი მეოთხეზეა და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. რომაულ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა დევს...

ბოლო ორი წელია, რომაული დერბი ულტრასების გარეშე ტარდება. გუნდების ყველაზე ერთგული გულშემატკივრები აპრტოტესტებენ უსაფრთხოების გაძლიერებულ ნორმებს, რომელიც მხოლოდ რომაულ დერბიზე ვრცელდება და შესაბამისად, ამ მატჩებს არ ესწრებიან.

სხვა დიდი იტალიური მატჩებისგან განსხვავებით, რომაული დერბი შუა დღეს ტარდება და არა გვიან საღამოს, გულშემატკივრებს კი ერთმანეთისგან სპეციალური ჯებირები ჰყოფთ. ეს ნორმები ულტრასებს არ მოსწონთ და თამაშებსაც ამიტომ არ ესწრებიან.

ერთი ხანობა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტრასები ბრუნდებოდნენ ტრიბუნებზე, მაგრამ ბოლო მომენტში, "რომას" ქომაგებმა ისევ ბოიკოტს დაუჭირეს მხარი. დიახ, ბოლო ინფორმაციით, "რომანისტები" არც მოახლოებულ დერბის დაესწრებიან, "ლაციოს" ქომაგთა პოზიცია კი ჯრჯერობით, უცნობია.

თუ ფედერიკო მარკეტის არ ჩავთვლით, "ლაციო" დედაქალაქურ დერბის ოპტიმალური შემადგენლოიბით ხვდება. სიმონე ინძაგი ტრადიციულ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში კი ნაცად ტრიოს გაამწესებს ბალდე კეიტას, ფელიპე ანდერსონის და ჩირო იმობილეს შემადგენლობით. ნახევარდაცვას მარკო პაროლო, ლუკას ბილია და მილინკოვიჩ-სავიჩი გაამაგრებენ, დაცვის კვარტეტი კი ასე დაკომპლექტდება: ბასტა, ვოლასი, რადუ, ლულიჩი. ბოლო მატჩებში, ინძაგი სწორედ ამ შემადგენლობას ენდობა და გუნდიც წარმატებით ასპარეზობს.

სიმონე ინძაგიმ მოახლოებულ დერბიზე მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "სისულელე იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ წინ ერთი რიგითი მატჩი გველოდება. ვისაც რომში უცხოვრია, იმათმა კარგად იციან, რომ ეს გამორჩეული ჯახია, რომელსაც გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან. მიმდინარე სეზონი კარგად დავიწყეთ, დერბიში წარმატება კი საკუთარი ძალების რწმენას გაგვიმყარებს. ტრიბუნებზე ჩვენ მეტი გულშემატკივარი გვეყოლება და ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ვითამაშებთ შემტევ ფეხბურთს, თუმცა ყურადღება არც დაცვაში უნდა მოვადუნოთ".

მიმდინარე სეზონში, "რომა" მეტწილად 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობს, თუმცა პერიოდულად, ლუჩანო სპალეტი 4-3-3 სქემასაც იყენებს. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ამჯერად, "რომა" სრულიად ახალი ტაქტიკით იასპარეზებს და მეტოქეს 3-5-2-ით დაუპირისპირდება.

მართალია, ამ ფორმაციის "რომასთვის" 3-5-2 ტაქტიკა ახალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2005-2009 წლებში, სპალეტის "რომა" ძირითადად სწორედ ამ მოდელს იყენებდა. იქამდე, ლუჩანო 3-5-2 ტაქტიკას "უდინეზეშიც" ეყრდნობოდა. მოკლედ, სპალეტი წარსულში ბრუნდება და ვნახოთ, როგორ გაამართლებს მისი ძველ-ახალი მოდელი.

"გაძეტას" პროგნოზით, დაცვაში რუდიგერს, მანოლასს და ფასიოს ვიხილავთ, ნახევარდაცვაში პერესს, სტროტმანს, დე როსის, ნაინგოლანსა და ემერსონს, ხოლო თავდასხმაში პეროტის და ჯეკოს. წინ მართლაც საინტერესო მატჩია.

Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური
შაბათი. 3 დეკემბერი
სიტი-ჩელსი 16:30
კრ. პალასი-საუთჰემპტონი 19:00
სტოკი-ბარნლი 19:00
სანდერლენდი-ლესტერი 19:00
ტოტენჰემი-სუონსი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 19:00
ვესტ ჰემი-არსენალი 21:30

კვირა. 4 დეკემბერი
ბორნმუთი-ლივერპული 17:30
ევერტონი-მანჩესტერი 20:00

ორშაბათი. 5 დეკემბერი
მიდლსბრო-ჰალი 00:00

ბომბარდირები: 10 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ედენ აზარი (ჩელსი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი); ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
შაბათი. 3 დეკემბერი
გრანადა-სევილია 16:00
ბარსელონა-რეალი 19:15
ლეგანესი-ვილიარეალი 21:30
ატლეტიკო-ესპანიოლი 23:45

კვირა. 4 დეკემბერი
ბეტისი-სელტა 15:00
ბილბაო-ეიბარი 19:15
ალავესი-ლას პალმასი 21:30
სპორტინგი-ოსასუნა 21:30
ვალენსია-მალაგა 23:45

ორშაბათი. 5 დეკემბერი
დეპორტივო-სოსიედადი 23:45

ბომბარდირები: 10 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 7 - იაგო ასპასი (სელტა), ვილიან ჟოზე (სოსიედადი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური
პარასკევი. 2 დეკემბერი
მაინცი-ბაიერნი 23:30

შაბათი. 3 დეკემბერი
დორტმუნდი-გლადბახი 18:30
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 18:30
ვოლფსბურგი-ჰერტა 18:30
ვერდერი-ინგოლშტადტი 18:30
ჰოფენჰაიმი-კიოლნი 18:30
ლაიპციგი-შალკე 21:30

კვირა. 4 დეკემბერი
დარმშტადტი-ჰამბურგი 18:30
აუგსბურგი-აინტრახტი 20:30

ბომბარდირები: 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 8 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XV ტური
პარასკევი. 2 დეკემბერი
ნაპოლი-ინტერი 23:45

შაბათი. 3 დეკემბერი
იუვენტუსი-ატალანტა 23:45

კვირა. 4 დეკემბერი
მილანი-კროტონე 15:30
ლაციო-რომა 18:00
პესკარა-კალიარი 18:00
სამპდორია-ტორინო 18:00
სასუოლო-ემპოლი 18:00
ფიორენტინა-პალერმო 23:45

ორშაბათი. 5 დეკემბერი
კიევო-ჯენოა 22:00
უდინეზე-ბოლონია 00:00

ბომბარდირები: 12 - ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი); 10 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 9 - ჩირო იმობილე (ტორინო); 8 - მოჰამედ სალაჰი (რომა); 7 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ილია ნესტეროვსკი (პალერმო), იაგო ფალკე (ტორინო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური
პარასკევი. 2 დეკემბერი
კაენი-დიჟონი 23:45

შაბათი. 3 დეკემბერი
მონპელიე-პსჟ 20:00
ბორდო-ლილი 23:00
ანჟერი-ლორიანი 23:00
მონაკო-ბასტია 23:00
გენგამი-ნანტი 23:00
მეცი-ლიონი 23:00

კვირა. 4 დეკემბერი
რენი-სტ. ეტიენი 18:00
მარსელი-ნანსი 20:00
ნიცა-ტულუზი 23:45

ბომბარდირები: 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 8 - ალესან პლეა (ნიცა); 7 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული