გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
პლოცკის "ვისლას" ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, მერებაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. აღსანიშნავია, რომ პირველად რუბრიკის ისტორიაში, სტუმარი არა ერთ, არამედ სამ გამარჯვებულს დააჯილდოებს. გიორგი შემდეგი კითხვების ავტორებს დააჯილდოებს: "დინამოს" რომელ გუნდში ითამაშებდი - 1964 წლის საბჭოთა ჩემპიონ გუნდში მესხთან, მეტრეველთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად თუ 1981 წლის ოქროს თაობასთან ერთად და რატომ?" "ვინ/რა არის შენი მამოძრავებელი ძალა?"

მერებაშვილმა თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: "ბევრი საინტერესო კითხვა იყო,
საიდანაც კონკრეტულად ერთის ამორჩევა ძალიან გამიჭირდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, არა ერთი, არამედ სამი მკითხველი დავაჯილდოვო".

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. მაინტერესებს, რითი სჯობს ნებისმიერი პოლონური კლუბი თბილისის "დინამოს" და რატომ ვერ აღწევს "დინამო" წარმატებას ევროტურნირებზე? ხომ არ არის ეს ქართული მენტალიტეტის ბრალი? ნაკრებში შენი არგამოძახების მიზეზი თუ შეგიძლია დაასახელო. არ შეიძლება შენნაირი ფეხბურთელი რამეს აფუჭებდეს ნაკრებში...
- გამარჯობა. ჩემი სუბიექტური აზრით, ბევრი პრობლემაა, რის გამოც "დინამო" ევროასპარეზზე წარმატებას ვერ აღწევს. მათ შორის - მენტალური პრობლემაც, თუმცა ვფიქრობ, რომ ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის ხშირი ცვლა ყველაზე დიდი პრობლემაა.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მაინტერესებს, როგორც "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი, "დინამოს" რომელ გუნდში ითამაშებდი - 1964 წლის საბჭოთა ჩემპიონ გუნდში მესხთან, მეტრეველთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად თუ 1981 წლის ოქროს თაობასთან ერთად და რატომ? გისურვებ წარმატებებს.
- მოგესალმებით. პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო კითხვისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის "დინამოსთან" ერთად ევროასპარეზზე წარმატებით გამოსვლასა და გულშემატკივრის გახარებაზე ვოცნებობდი, ალბათ, 1981-ის "დინამოს" ავირჩევდი. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება ვერ შევძელი და სწორედ ამიტომ ალბათ, 81 წლის დინამოში ვითამაშებდი...

მკითხველი:
- გამარჯობა, მერებ. მახარებს შენი წარმატებები და უფრო მეტ წარმატებებს გისურვებ. საინტერესოა, რა გრძნობაა, როცა ასე გაფასებს პოლონელი გულშემატკივარი და "მესიბაშვილიც" კი შეგარქვეს?
- გამარჯობა. უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ასე მოკლე პერიოდში შევძელი პოლონელი გულშემატკივრისთვის თავის შეყვარება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პოლონელი ხალხის მენტალიტეტს. მიხარია, რომ უცხო ქვეყანაში ასე ძალიან მაფასებენ.

ქართველი გულშემატკივრისგანაც არანაკლებ სიყვარულს და გვერდში დგომას ვგრძნობ, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. სწორედ ეს მხარდაჭერა და სიყვარულია, რის გამოც ვცდილობ, ერთიმეორეზე უკეთესი თამაშები ჩავატარო და მათი გულები სულ ოდნავ მაინც გავახარო.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი! პირველ რიგში, მინდა წარმატება გისურვო ახალ კლუბში. ვისურვებდი, ბოლომდე გამოგევლინოს შენი შესაძლებლობები და დახმარებოდი ეროვნულ ნაკრებს. მაინტერესებს, რამდენად უშლიან ხელს არაკვალიფიციური "მენეჯერები" ახალგაზრდა ფეხბურთელებს კარიერის ევროპაში გაგრძელებაში და რატომ ხდება ისე, რომ ამა თუ იმ კლუბში ზარზეიმით გადასული ფეხბურთელი ხშირად განაცხადშიც ვერ ხვდება. შენი აზრით, ასე შორს ვართ ევროპული დონისგან? თუ პასპორტიც დიდ როლს თამაშობს?
- გამარჯობა. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ, პასპორტის არქონაა. არანაირად არ ვართ შორს ევროპული დონისგან, თუმცა სწორედ ამ პასპორტის გამო ხშირად გვეშლება ხელი გაცილებით უკეთეს ჩემპიონატში ან კლუბში გადასვლაში.

მკითხველი:
- მერებ, ნაკრებიდან უკვე დაგირეკეს, არა?
- არა, ჯერჯერობით არ დაურეკავთ. მეც ვურეკავ, თუმცა, სამწუხაროდ, არ მპასუხობენ )))

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. "დინამოდან" წასვლის შემდეგ თითქოს ბერძნული კარიერა არ გამოგივიდა წარმატებული. ახლა ვადევნებთ შენს თამაშს თვალს და პროგრესი აშკარაა. ფაქტია, ნაკრებში ძალიან საჭირო კაცი ხარ. როგორია სამომავლოდ შენი გეგმები კლუბში და გაქვს თუ არა ურთიერთობა ვაისთან? და ბოლოს, მინდა წარმატებები გისურვო კარიერაში, ყველა დინამოელს და მთლიანად საქართველოს გაუხარდება შენი წარმატება...
- გამარჯობა. კი, საბერძნეთში კლუბში არსებული ვითარების გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში ნამდვილად მქონდა ჩავარდა, თუმცა, გარკვეულწილად, პრობლემა ჩემშიც იყო. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს თავს კარგად ვგრძნობ.

"ვისლასთან" კონტრაქტი ცოტა ხნის წინ კიდევ 2 წლით გავახანგრძლივე, ოღონდ პირობით, რომ თუ ჩემით უკეთესი კლუბი დაინტერესდება, მინიმალური თანხის სანაცვლოდ კლუბი ხელს არ შეუშლის ჩემს ტრანსფერს.

რაც შეეხება ვაისთან ურთიერთობას, დღემდე არ მქონია არც მასთან და არც ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელთან კავშირი...

მკითხველი:
- გიორგი, გამარჯობა. მაინტერესებს, 5 წლით უკან რომ დაგაბრუნა, რას შეცვლიდი შენს სპორტულ კარიერაში ("დინამოში" დაბრუნებას ვგულისხმობ) და დაასახელე ის, რის გარეშეც გიორგი მერებაშვილი დღეს ქართველ გულშემატკივარს კვლავ მისადმი რწმენას ვერ დაუბრუნებდა. გისურვებ წარმატებებს...
- გამარჯობა. საკუთარ თავთან ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და ვმუშაობ, თუმცა უფრო მეტს ვიმუშავებდი.

ალბათ, შრომისმოყვარეობის გამო, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში რომელიმე პერიოდში ზარმაცი ვყოფილვარ. ასევე ძალიან დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ გულშემატკივრის მხრიდან და ეს ძალიან დიდ ძალას მმატებს.

მკითხველი:
- გიორგი, ჩემი აზრით, შენ ნაკრებში ერთ-ერთი სათანადოდ დაუფასებელი ფეხბურთელი ხარ. ახლა 30 წლის ასაკში რა არის შენი მიზანი, რას გინდა, რომ მიაღწიო საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე? გისურვებ წარმატებას და დასახული მიზნის მიღწევას!
- ჩემი აზრით, ახლა იმ ასაკში ვარ, როცა ფეხბურთელი ყველაზე კარგად წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს. დიდი სურვილი მქონდა, რომ ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის მიმეღწია. ამის შანსი კიდევ არსებობს და ვეცდები, ეს შანსი გამოვიყენო, საამისოდ მართლა ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ.

მკითხველი:
- მოგესალმებით, გიორგი. თქვენ დიდი პლუსი ბურთის ოსტატური ტარება (კარგი დრიბლინგი), ფეხით კარგი თამაშია, შეგიძლიათ რამოდენიმე კაცის ადვილად მოტყუება და ასევე, ერთი შეხებით გოლის გატანა. თუმცა, ჩემი აზრით, თქვენი შედარებით სუსტი წერტილი თავით თამაშია, რა დროსაც გოლის გატანის დაბალი მაჩვენებელი გაქვთ. მუშაობთ თუ არა თქვენს თავზე, რომ მეორე სართულზე უფრო შედეგიანად ითამაშოთ? გმადლობთ. წარმატებებს გისურვებთ.
- გამარჯობა. კი, გარკვეულწილად ვმუშაობ მაგ კომპონენტის აღმოფხვრაზე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტულებზე საჯარიმოში არ მიწევს თამაში, ეს ნაკლებად მჭირდება. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის.

მკითხველი:
- მოგესალებით, გიორგი. წლების წინ "დინამოში" მერებაშვილი-ვაწაძის დუეტი საქართველოს ჩემპიონატში კარგი შედეგიანობით გამოირჩეოდა. როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ თუ არა ამ დუეტს ეროვნულ ნაკრებში? გმადლობთ. წარმატებებს გისურვებთ.
- გამარჯობა. მათესთან ერთად ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი და კიდევ დიდი სიამოვნებით ვითამაშებ. ის ძალიან კარგი პიროვნებაა და ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება, მასთან ერთად მეთამაშა.

რაც შეეხება ნაკრებში ჩვენს ერთად თამაშს, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. მათეს კი მინდა წარმატებები ვუსურვო.

მკითხველი:
- გიორგი, ყოველთვის, მათ შორის, დღესაც, ქართული ფეხბურთისთვის საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი იყავი და ხარ, მაგრამ ალბათ ყველაზე დაუფასებელი... გასაგებია, რომ რაღაც სუბიექტური მიზეზების გამო არ მოგეცა შანსი ნაკრებში... შენი აზრით, ამ მიზეზებში არის თუ არა შენი ბრალეულობაც და შენს მაგალითზე რას ურჩევ მომავალ თაობას?
- პირველ რიგში, შეცდომებს საკუთარ თავში ვეძებ და, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის პირველი კრიტიკოსი მე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალეულობაც არის იმაში, რომ ბოლომდე ვერ გამოვავლინე საკუთარი თავი ნაკრებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო მეძლეოდა ნაკრებში თამაშის, მაინც უნდა გამომევლინა ბოლომდე ჩემი შესაძლებლობები.

მკითხველი:
- გამარჯობა, მერებ. გილოცავ გასულ ტურში ულამაზეს გოლს და, საერთოდ, ბოლო თამაშებში უკეთ გამოსვლას და შეკითხვასაც ამ თემასთან ახლოს დავსვამ: შენი აზრით, რამ გამოიწვია შენი ასეთი "აფეთქება" - მეორე სუნთქვა გაგეხსნა თუ შეკრება გაიარე გუნდთან ერთად ნაყოფიერად და მაგის დამსახურებაა?
- გამარჯობა. დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ბოლოს გუნდთან ერთად შეკრება წელიწადნახევრის წინ გავიარე და ვფიქრობ, მთლად ნაყოფიერად ვერა... ამას თუ დავუმატებთ იმ პრობლემებს, რაც საბერძნეთში ყოფნის დროს იყო კლუბში, რთული იყო, თავი კარგად წარმომეჩინა. აქ საერთოდ განსხვავებული გარემო დამხვდა, ძალიან პროფესიონალი ხალხია. კლუბთან ერთად ნაყოფიერი შეკრებაც გავიარე და ამ ყველაფერთან ერთად უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ კლუბის ხელმძღვანელობისა და მწვრთნელებისგან, რაც ძალიან მეხმარება იმაში, რომ ჩემი თავი ბოლომდე წარმოვაჩინო.

მკითხველი:
- სერბეთს თუ არ ჩავთვლით, სხვაგან სადაც წახვედი, ყველგან კარგად ითამაშე და გუნდისთვის სარგებელი მოგქონდა. ასეა პოლონეთშიც. და მაინც, წლები გადის და გულშემატკივარი, მათ შორის, მეც, ვფიქრობთ, რომ გაცილებით უკეთეს ლიგასა და გუნდშიც არ გაგიჭირდებოდა თავის დამკვიდრება. სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა თუ შენი თავმდაბლობის გამო ხდება ისე, რომ ძლიერ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება ჯერ არ მოგცემია?
- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ სერბეთში ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები. ბოლო სეზონში, პირველი წრის საუკეთესო ლეგიონერადაც დამასახელეს.

რაც შეეხება უკეთეს ლიგასა და კლუბში თამაშს, იყო რამდენიმე კლუბი დაინტერესებული წამყვანი ჩემპიონატებიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ტრანსფერის განხორციელებაში ყოველთვის რაღაც პრობლემა ჩნდებოდა.

მკითხველი:
- მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშების არცთუ ისე ცოტა რაოდენობა დაგიგროვდა, ყველა ხვდება, რომ ბოლო 10-15 წუთი, ანუ დრო, რომელიც გეძლევა ნაკრებში, ძალიან მცირეა იმისთვის, რომ რაიმე დაამტკიცო. შენც ხშირად გითქვამს ამის შესახებ და მაინც, მწვრთნელები იცვლებიან, სიტუაცია კი არა, ან საერთოდ არ გიძახებენ, ან გიძახებენ და გათამაშებენ ძალიან მცირე ხნით, თანაც სხვა პოზიციაზე. მესმის, რომ ეს შენთვის მტკივნეული თემაა და აღნიშნული შეკითხვა უფრო ნაკრების მწვრთნელებს ეკუთვნით, მაგრამ პირადად შენ თუ გიცდია, თამაშამდე აგეხსნა მწვრთნელისთვის, სად უფრო სარგებლის მომტანი იქნება შენი თამაში, მით უმეტეს, ახლა, როცა საკმაო გამოცდილება დაგიგროვდა, საქართველოს კი დასაკარგავი ფეხბურთელი არ ჰყავს?
- ნამდვილად არ მქონია არცერთ მწვრთნელთან ლაპარაკი ამ თემაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს ნაკრებს ეხებოდა, ვიქცეოდი ისე, როგორც პროფესიონალს ეკადრებოდა და ვფიქრობდი, რომ იმ პოზიციაზე უნდა მეთამაშა, სადაც საქართველოს ნაკრებს ვჭირდებოდი (თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი იმ პოზიციაზე უნდა გამოიყენო, სადაც ყველაზე შედეგიანია).

მკითხველი:
- შენი ბევრი ინტერვიუ მინახავს, წამიკითხავს და ყველგან საკმაოდ გაწონასწორებული და თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. ეს ყველაფერი მოედნის გარეთ. როგორია გიორგი მერებაშვილი საფეხბურთო მოედანზე?
- დიდი მადლობა. რთულია საკუთარ თავზე რაიმეს თქმა. ალბათ, უფრო გულშემატკივარმა უნდა შემაფასოს. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, რომ მინდორზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და ამ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიხარჯები.

მკითხველი:
- გიმუშავია ისეთ ადამიანთან, როგორიც ჯენარო გატუზოა. ჩემთვის პირადად გატუზო ფეხბურთელი გაცილებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე გატუზო მწვრთნელი. როგორი ადამიანია ფეხბურთელობის დროს მეტად ექსცენტრიკული იტალიელი და რა შეგძინა მასთან ერთად გატარებულმა პერიოდმა?
- პირველ რიგში, ძალიან კარგი პიროვნებაა. ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ამხელა დონის ფეხბურთელთან მუშაობა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ყველა ფეხბურთელთან, მაგრამ მინდორზე ვარჯიშების და თამაშების დროს ძალიან მომთხოვნი იყო. დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა და სასიამოვნოა, როდესაც გატუზო გირეკავს და გილოცავს ამა თუ იმ წარმატებას. ბევრი რამ ვისწავლე მისგან, განსაკუთრებით, ის, რომ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, უნდა დარჩე ყოველთვის უბრალო და გახსოვდეს, საიდან დაიწყე ეს ყველაფერი.

მკითხველი:
- არის თუ არა შენთვის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც დიდი სიამოვნებით ითამაშებდი ერთ გუნდში? ვისი გესმის ყველაზე მეტად?
- რთულია ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დასახელება, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ვითამაშებდი. ბევრი ფეხბურთელია, ვისიც კარგად მესმის და რთულია, რომელიმე გამოვყო.

მკითხველი:
- ერთ-ერთ ინტერვიუში გურამ კაშიამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მწვრთნელთან უმუშავია, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის კახა კაჭარავაა - მწვრთნელი, რომელმაც მასში ნიჭი დაინახა და რომელიც მას მამასავით ექცეოდა, ყველაზე მეტს თხოვდა და ყველაზე მეტად ჰკიცხავდა. არსებობს თუ არა შენთვის ასეთი მწვრთნელი და თუ კი, ვინ არის ის?
- ბატონ კახასთან მეც დიდი ისტორია მაკავშირებს და მისი დამსახურებაცაა, რომ დღეს ფეხბურთელი ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ მე და კაშიამ ერთი და იგივე გზა გავიარეთ "დინამოში", სადაც სწორედ ბატონი კახა იყო მწვრთნელი, მეც იმავეს თქმა შემიძლია, რაც გურამმა თქვა...

გარდა ამისა, ის ძალიან დამეხმარა იმ რთულ პერიოდში, როდესაც უგუნდოდ ვიყავი და საშუალება მომცა, ცხინვალის "სპარტაკის" გუნდთან ერთად მევარჯიშა და ფორმა შემენარჩუნებინა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

ასევე არ შემიძლია, არ გამოვყო ჩემი პირველი მწვრთნელები, ბატონი მერაბ წიკლაური და დავით ბენიძე, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა და მიხარია, რომ ამ ადამიანებთან ერთად დღემდე მოვდივარ...

მკითხველი:
- დღეს "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება. შენ, როგორც ერთ-ერთი წარმატებული დინამოელი, რა რჩევას მისცემდი მათ, რომ ისინიც მინიმუმ შენსავით წარმატებულები და, რაც მთავარია, "დინამოს" გულშემატკივართათვის საყვარელი ფეხბურთელები გახდნენ?
- ვურჩევდი, იცხოვრონ ისე, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელებს შეეფერებათ. იშრომონ საკუთარ თავზე რაც შეიძლება მეტი და დააფასონ სტადიონზე მისული თუნდაც ერთი გულშემატკივარი.

მკითხველი:
- შენი ბოლო გოლი, ალბათ, ტურის საუკეთესოთა შორის მოხვდება. შესანიშნავი დრიბლინგი და შესანიშნავი დარტყმა, ეს ყველაფერი ერთ მომენტში. გულშემატკივარი ხშირად ისურვებდა მერებაშვილისგან ასეთი მომენტების გამეორებას. რას ჰპირდები მათ?
- ვეცდები შემდეგ თამაშებშიც, რაც შეიძლება მეტი ლამაზი და სანახობრივი თამაშები ჩავატარო და გავახარო მათი გულები. ესაა ჩემი პირობა!

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი, როგორ ხარ ? მე "დინამოდან" მოყოლებული გგულშემატკივრობ. 2006/07 წლების სეზონიდან შენი გულშემატკივარი ვარ. იმ წელს "დინამომ" საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა, შენ კი 23 მატჩი ჩაატარე და 5 გოლი გაიტანე. ქვეყნის უპირველეს გუნდში შენი დებიუტი კი 2008 წლის 31 მაისს შედგა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც დასრულდა 0-2. როგორც ხედავ, კარგად გიცნობ. მაინტერესებს, ვინ/რა არის შენი მამოძრავებელი ძალა?
- გამარჯობა. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა ოჯახი და ჩემი გულშემატკივარია...

მკითხველი:
- მოგესალმები, გიო. იყო პერიოდი, როდესაც თითქოს გიორგი მერებაშვილი საქართველოში ყველამ მიივიწყა. ხომ არ გიფიქრია იმ პერიოდში ფეხბურთიდან წასვლაზე?
- არა, არც კი გამიფიქრებია. მართლაც რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, როდესაც უგუნდოდ დავრჩი და ვფიქრობ, რომ ყველას ცხოვრებაში უნდა იყოს რთული პერიოდები. მერე უფრო ხვდები, რამდენად ძლიერი ხარ და ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი. სწორედ იმ ნამდვილი მეგობრების და ნამდვილი გულშემატკივრების დახმარებით გადავლახე ის რთული, მაგრამ საჭირო პერიოდი...

მკითხველი:
- ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ 1 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, როცა აფრიკელი ფეხბურთელები, ჩვენზე ცუდი პირობების მიუხედავად, ხშირად ხვდებიან ტოპ-გუნდებში. როგორ ფიქრობ, ქართველ ფეხბურთელებშია პრობლემა თუ საფეხბურთო კლუბებში, მენეჯერებსა და მწვრთნელებში? თუნდაც თქვენ, რამ შეგიშალათ ხელი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში მოსახვედრად? ნაკრებში დაბრუნებას და ბევრ მოგებას გისურვებთ...
- სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა და შორს წაგვიყვანს ყველას ჩამოთვლა. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს. ამას დრო სჭირდება და ეს ერთ და ორ წელში არ გაკეთდება. კონკრეტულად მე ბევრმა ფაქტორმა შემიშალა ხელი, უფრო მაღალ დონეზე რომ მეთამაშა, თუმცა ამ პრობლემებზე ახლა საუბარი არ ღირს.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. "ტორპედოს" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იმხელა ადამიანობა მაქვს თავის დროზე შენს პიროვნებაში დანახული და ისეთი კარგი, გულიანი, ვაჟკაცური დამოკიდებულება გულშემატკივრების მიმართ, რომ არ შემიძლია, არ აღვნიშნო და მინდა, მადლობა გითხრა, მაგარი ბიჭი ხარ! კითხვას რაც შეეხება, მინდა გკითხო: მომენტების რეალიზებას რამდენად დიდ დროს უთმობ სავარჯიშო მოედანზე, იმიტომ, რომ მომენტების შექმნა და კაცის მოტყუება არასდროს გიჭირდა, მაგრამ მთავარი მაინც მომენტების გამოყენებაა, რაშიც, ვფიქრობ, რომ უკეთესის სურვილს ტოვებს შენი სტატისტიკა. ამ მხრივ პროგრესს გისურვებ. ასევე გისურვებ, მაგ სტაბილურ და კომფორტულ გარემოში, როგორშიც ახლა ხარ, კიდევ ბევრი წელი სტაბილურად და მაღალ დონეზე ჩაგეტარებინოს. ამასთანავე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თვალებში გამოხედვას ვუსურვებ. და კიდევ ერთი: ამ კონკურსში ვერგამარჯვების შემთხვევაში, როგორ არის შესაძლებელი შენი მაისურის მოპოვება?
- გამარჯობა. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის. კი, თითქმის ყველა ვარჯიშზე ვცდილობ, გამოვასწორო ეს მინუსი და იმედი მაქვს, მოვახერხებ უახლოეს პერიოდში გამოსწორებას.

ჩემს ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ხშირად ტარდება ჩემი მაისურის გათამაშებები და აქ თუ არა, იმედია, იქ მაინც გაგიმართლებს. თუ არადა, ზაფხულში მე თვითონ ჩამოგიტან საჩუქრად მაისურს :)

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. მაინტერესებს, რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრებში თუნდაც ერთი შეხვედრის ჩატარებაც კი? და როცა ევროპის ქვეყნებში ითამაშე, როგორ ფიქრობ, რა გზით უნდა განვითარდეს საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი?
- გამარჯობა. სიტყვებით ამ გრძნობის გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. თუ თავად არ განიცადე ეს გრძნობა, რთულია, გადმოსცე.

განვითარებას რაც შეეხება, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სტაბილური კლუბები თავისი სტაბილური დაფინანსებით და ინფრასტრუქტურით. რა თქმა უნდა, საქმის მცოდნე ადამიანებთან ერთად.

მკითხველი:
- მოგესალმებით, გიორგი. გაიხსენეთ წლების წინ გადაცემა "ფარულ კამერში" თქვენი მოხვედრა (ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა). გმადლობთ. წარმატებებს გისურვებთ.
- გამარჯობა. დიდი მადლობა. ჩემმა მეგობარმა, ეკა ელოშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობარი იღებდა ბავშვთა ფეხბურთზე რეკლამას და მთხოვა, მე მიმეღო ამ რეკლამაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მივედი და როდესაც ამიხსნეს, რა უნდა გამეკეთებინა, სიმართლე გითხრათ, მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა - ჩამეშალა გადაცემა თუ ბოლომდე მეთამაშა. საბოლოოდ, ბოლომდე წყნარად და მშვიდად მივიყვანე ))

მკითხველი:
- მოგესალმებით, გიორგი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაკრებში თქვენი არგამოძახების მთავარი მიზეზი თქვენი სათამაშო მანერაა: ბურთის ოსტატური ტარება (დრიბლინგი) და გოლის გატანა, თამაშის საკუთარ თავზე აღება, რაც ფეხბურთს სანახაობრივს და საინტერესოს ხდის და ხშირად თამაშის ბედზეც დიდ გავლენას ახდენს, რაც შეიძლება ვერ ჯდება ნაკრების მწვრთნელების მონახაზში? გმადლობთ.
- გამარჯობა. გეთანხმებით, რომ შეიძლება ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი არგამოძახების. სამწუხაროა, რომ ამდენი მწვრთნელი გამოიცვალა ნაკრებმა და ვერცერთის სათამაშო სქემაში ვერ ჩავჯექი.

მკითხველი:
- შემოთავაზების შემთხვევაში, გაორმაგებული ხელფასის გამო გადახვიდოდით ჩინეთის ჩემპიონატში?
- უკვე მქონდა ჩინეთის და საუდის არაბეთიდან შემოთავაზებები, თუმცა, ვფიქრობ, ადრეა. ჯერ კიდევ შემიძლია ევროპაში თამაში და იქ წასვლის დრო არ მოსულა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული