ზურაბ ხიზანიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
"ქაისერისფორის" 33 წლის მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა ერთი თვის წინ დაასრულა.

"ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის", - განაცხადა მაშინ ხიზანიშვილმა (იხილეთ ვრცლად).

ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა 1999 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით სულ 91 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს უთამაშია თბილისის "დინამოში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში".

ზურაბ ხიზანიშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- ამხელა გამოცდილების და პროფესიონალიზმის მქონე ფეხბურთელს როგორ გეწყინათ, როცა ნაკრების მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში არ
დაგაყენათ? მით უმეტეს, ბოლო თამაშებში ბევრი შეცდომა გქონდათ. ტოტი, კასილიასი და კიდევ სხვა დიდი ფეხბურთელებიც მსხდარან სკამზე, მაგრამ ისინი ყოველთვის გაგებით ეკიდებიან მწვრთნელის გადაწყვეტილებას და გუნდის ინტერესებს.
-  გეთანხმები, რომ ჩემზე დიდი და ბევრი ფეხბურთელი მჯდარა სკამზე, მაგრამ რაც შეეხება წყენას, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება ჩემს ასაკში წყენა და ბუტიაობა. სკამზე ვიყავი საფრანგეთთან და მე მგონი, წყენაც არ მქონია და ძალიან გაგებით მოვეკიდე გუნდის ინტერესებს.

ლუკა კუტალაძე:
- ზურა, გამარჯობა! დღეს შენ თამაშობ "ქაისერისფორში" და მაინტერესებს, რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს და სამომავლოდ კიდევ დარჩები თუ არა მაგ გუნდში. ასევე, მაინტერესებს, რომელიმე ქართულმა კლუბმა რომ მოგიწვიოს, დათანხმდები თუ არა?
- კონტრაქტი 1-წლიანი მაქვს და სამომავლო გეგმებზე რამოდენიმე თვეში დავილაპარაკებ კლუბთან. რაც შეეხება საქართველოდან შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, მისაღებია და დასაფიქრებელი, ჩემი ქვეყანაა და გამიხარდება ასეთი შემოთავაზება.

მკითხველი:
- ზურა, ნაკრების საშველს თუ ხედავ, მგონი, ბურთის ატანა არასრული სისწრაფით ხდება, ხომ? და არც ამტანები გვყავს...
- ნაკრების საშველია საქართველოს ჩემპიონატი. ესაა კითხვა, სადაც პასუხის გაცემა ყველაზე ადვილია. რაც შეეხება ატანას და ამტანებს, კარგად ვერ მიგიხვდით.

ირაკლი:
- ზურა, უდავოდ ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდი ფეხბურთს და შენი გვარი აუცილებლად დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ შენი ახალგაზრდა კოლეგები უფრო კარგად გამოიყურებიან ნაკრებში?
- დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელები რომ თამაშობენ კარგად, იმიტომაც დავუთმე ასპარეზი. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია.

მკითხველი:
- აპირებთ თუ არა სამწვრთნელო კარიერისთვის ლიცენზიის აღებას?
- კი, ინტერესი არის ჩემში და ვნახოთ, სამომავლოდ როგორ წარიმართება ჩემი საფეხბურთო კარიერა.

The King Erekle Telavi:
- როდემდე უნდა გაგრძელდეს ნაკრების დაღმასვლა? რას იტყვი სომხეთის ნაკრებზე, რომელსაც რაღაც გამბედაობა ათამაშებს, რომელიც ქართველებს არ აქვთ და არც ცდილობენ? მხოლოდ ტატურირება კარგს არაფერს მოგვიტანს. სომხების ჩემპიონატი ხომ საქართველოს პირველი ლიგაზე ოდნავ უკეთესია.
- ქართველები ამაყი ერი ვართ და გავიძახით, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები და სხვა ქვეყნის ნაკრებები გვეხვეწებოდნენ, რომ დიდი ანგარიშით არ მოგვეგო მათთვის. წლები გადის, იმ ქვეყნებში მიდის მუშაობა, ჩადეს ფინანსები და სწორი გზით დაიწყეს აღმასვლა. ეს ყველაფერი აისახება პირველ ნაკრებზე...

ირაკლი ბენდელიანი:
- მოგესალმები, ზურაბ! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო იმ ერთგულებისთვის, რაც შენ ნაკრებისთვის გააკეთე. იქნებ სრულფასოვნად აგვიხსნა, რა იყო მიზეზი ნაკრებიდან წამოსვლის?
- დიდი მადლობა, ირაკლი! მიზეზი ნაკრებიდან წამოსვლისა არ იყო 1-2 დღეში მიღებული გადაწყვეტილება. პასუხის გაცემა გამიჭირდება ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ უფრო კარგი გამოსავალი იქნება, როცა ყველას ერთად პირდაპირ ეთერს დაგვითმობენ და იქ ყველა იქნება წარმოდგენილი... ასე, მარტო ჩემი აზრის მოსმენა გულშემატკივრისთვის არასწორი იქნება...

მკითხველი:
- აპირებ თუ არა ფეხბურთში საქმიანობის გაგრძელებას კარიერის დასრულების შემდეგ და თუ საიდუმლო არ არის, საით მიგიწევს გული?
- კი, ვაპირებ; ყოველ შემთხვევაში, სურვილი მაქვს, გული და სულიც მაინც დიდი ბრიტანეთისკენ მიმიწევს.

მკითხველი:
- ზურა, როგორც ნაკრების უკვე ყოფილ წევრს, მინდა გკითხოთ საერთოდ ნაკრებზე - ვისი ბრალია ნაკრების ასეთი ცუდი თამაში? და მეორე: თქვენი აზრით, უნდა დარჩეს თუ არა ქეცბაია ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
- ბრალი აბსოლუტურად ყველასია, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის და რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელებით დამთავრებული... რაც შეეხება, დარჩეს თუ არა მთავარი მწვრთნელი - ეს თვითონ მან და ფედერაციამ უნდა გადაწყვიტონ. დარწმუნებული ვარ, ისე გადაწყვეტენ, როგორც საქმეს გამოადგება.

მკითხველი:
- ხიზან, გაუმარჯოს! კოტე ვარ. ნეტა ბევრი იყოს შენნაირი ქართველი. ზურა, შესაძლოა თუ არა, ნაკრებში რომ დაბრუნდე? შენისთანა გამოცდილების მქონე პროფესიონალი ნაკრებში უნდა თამაშობდეს. დაბრუნდები?
- კოტე, როგორ ხარ?:)

მკითხველი:
- მაინტერესებს ნაკრების ასეთი სამარცხვინო გამოსვლა, 3 პასის ზედიზედ ვერგაკეთება, ერთი "ნაიგრანი" კომბინაციის ვერგაკეთება, ამდენი ხალხის ართამაში, კონფლიქტი და ა.შ. რისი ბრალია?
- ეს კითხვა, მე მგონი, უფრო ლოგიკური იქნება, რომ მთავარ მწვრთნელს დაუსვათ.

მკითხველი:
- თქვენი აზრი დააფიქსირეთ თუ შეიძლება, რომ ხომ არ ჯობია, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ბევრი ფეხბურთელი გამოიძახონ ეროვნულ ნაკრებში?
- მე, საერთოდ, მომხრე ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ნაკრებში, თუ, რა თქმა უნდა, იმსახურებენ. მე დღესვე დავუძახებდი ნაკრებში, მაგალითად, 17-წლამდელთა ნაკრებიდან 2 ცენტრალურ მცველს - ჭანტურიას და დვალს. რამოდენიმე თამაში ვნახე და მართლა კარგი ახალგაზრდები არიან. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და არა ჩემი.

მკითხველი:
- ზურა, მაინტერესებს, საკუთარ შეცდომას თუ ხედავ იმაში, რომ ნაკრებიდან ასე სკანდალურად მოგიწია წასვლა? და იმ დროს, როდესაც ნაკრებში ახალგაზრდების ჩამოსვლის პრობლემაც დადგა ბოლო პერიოდში, თქვენი გადაწყვეტილება, რომ წყენის გამო უარს ამბობთ ნაკრებზე, მათთვისაც მსგავსი გადაწყვეტილებების მოტივატორი ხომ არ გახდება?
- წყენა და ბუტიაობა საერთოდ საიდან მოგაქვთ, მართლა ვერ ვხვდები. მე თუ რამეს ვაკეთებ, ეს საქმიდან გამომდინარე ხდება და არა ისე, თუ მე როგორ მინდოდა იმ წუთას. პროფესიონალიზმს და საქმეს ვაყენებ ჩემი პირადი ინტერესების წინ.

რაც შეეხება საკუთარ შეცდომას, ვხედავ თუ არა და ბევრ სხვა საკითხზე, ზემოთ აღვნიშნე, რომ თუ მოგვეცა საშუალება და ყველა ის ადამიანი დავსხდებით და გავარკვევთ იმ პრობლემას, რაც ხდებოდა, ხდება და იმედია, რომ აღარ მოხდება, მაშინ უფრო სწორი იქნება ჩემგან, ვიდრე ასე ცალმხრივად ლაპარაკი.

იქნებ საერთოდ მე ვარ დამნაშავე, რომ წავედი ნაკრებიდან და ჩემი ლაპარაკიდან გამომდინარე, გულშემატკივარს სხვა აზრი ჩამოუყალიბდეს. ასე რომ, გულშემატკივარს აქვს იმის უფლება, რომ გაიგოს, თუ რა ხდება საქართველოს ნაკრებში, სიმართლე, რა თქმა უნდა.

მკითხველი:
- გამარჯობა, ზურა! შენი აზრი მაინტერესებს: "დინამოში" ან ნებისმიერ ქართულ გუნდში რომ გაკეთდეს ვეტერანების პროექტი, ანუ უკვე იაშვილის, შენი, კობიაშვილის ჩამოყვანა, დათანხმდებოდი თუ არა? თუ არა, რატომ?
- გააჩნია პროექტს:)) "დინამოდან" შემოთავაზება ჩემთვის ყოველთვის იქნება მისაღები და თუ რატომ, მე მგონი, აზრიც არა აქვს ამაზე ლაპარაკს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული