გიორგი აბურჯანიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ თავის მაისურს უსახსოვრებს.

გიორგიმ თორნიკე შარვაძის მიერ დასმული კითხვა მოიწონა: "როგორ შეადარებდი ესპანეთის რანგით მეორე ლიგის სათამაშო დონეს კვიპროსის ჩემპიონატთან, რა სასარგებლო დასკვნები გამოიტანე და ესპანური მაგალითიდან, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება დაინერგოს საქართველოში ფეხბურთის გასავითარებლად?".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგიმ საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომელსაც ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა.

კითხვის ავტორს დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია
თავად
დაუკავშირდება.

თორნიკე:

გამარჯობა, გიორგი. როგორ შეადარებდი ესპანეთის რანგით მეორე ლიგის სათამაშო დონეს კვიპროსის ჩემპიონატთან, რა სასარგებლო დასკვნები გამოიტანე და ესპანური მაგალითიდან, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება დაინერგოს საქართველოში ფეხბურთის გასავითარებლად? დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ!
- გამარჯობა. ჩემი აზრით, ესპანეთში ბევრად მაღალი დონეა. დიდი სურვილი მაქვს, ქართული გუნდების ტრანსლაცია ისევე იყიდებოდეს, როგორც ეს აქ, ესპანეთში ხდება. სეგუნდა დივიზიონის ყველა გუნდი ტელევიზიებიდან 6 მილიონს იღებს და ეს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დონეს ხელს უწყობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეული გზა სწორად მიმაჩნია - ძალიან კარგი პროგრამა შეიმუშავეს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 5-10 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატიც ისეთივე მიმზიდველი და შეფუთული გახდება, როგორიც ევროპის სხვა საშუალო დონის ჩემპიონატებია.

გიორგი:

შენი აზრით, ვინ არის ესპანეთის ნებისმიერ ჩემპიონატში საუკეთესო შენს პოზიციაზე და როდის გაუწევ მას ღირსეულ კონკურენციას? წარმატებები როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში.
- ჩემი აზრით, ლუკა მოდრიჩი. იმედი მაქვს, მალე გავუწევ კონკურენციას :D

მკითხველი:

გამარჯობა, გიორგი... რომელი გუნდი და ფეხბურთელია თქვენი რჩეული, როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- გამარჯობა. ჩემი რჩეული მადრიდის "რეალია", საყვარელი ფეხბურთელი კი ამ ეტაპზე არ მყავს. წლების წინანდელ "რეალში" ასეთები ზიდანი და ბრაზილიელი რონალდო იყვნენ.

ჩემი აზრით, გუნდს კარგად შევეწყვე, გეგმებზე კი მხოლოს იმის თქმა შემიძლია, რომ ცხოვრებაში არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან ცუდად მაქვს დაცდილი :D

მკითხველი:

გამარჯობა, გიო! პირველ რიგში, გილოცავ ესპანეთის ჩემპიონატში მოხვედრას. შენი წარმატება მთელი საქართველოს წარმატებაა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში თუ ჩამოიტან ლიგის თასს საქართველოში ისე, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ანდრეი შევჩენკომ, როცა თასი უკრაინაში ჩაიტანა? მადლობა და წარმატებებს გისურვებ!

- გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა. თუ ეს ოდესმე მოხდა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, აუცილებლად ჩამოვიტან თასს საქართველოში :D

ირაკლი:

გიორგი, როგორ ფიქრობ, რატომ ეწოდება საქართველოს ტალანტების ქვეყანა და, ამასობაში, ჩვენი ფეხბურთი ფაქტობრივად შედეგის გარეშეა? სად ქრებიან ეს ტალანტები? წარმატებები შენ!

- ძალიან მტკივნეულ თემას შევეხეთ. საქართველო ნამდვილად არის ნიჭიერი ფეხბურთელების ქვეყანა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვვითარდებით ისე, როგორც საჭიროა. ეს ყველაფერი ალბათ ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთელი, როცა მთელ მსოფლიოში ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი აკადემია და მეტი სტადიონი გახსნას, ჩვენთან კი საპირისპირო ხდება - აკადემიებსა და საფეხბურთო სატდიონებს ვანგრევთ, სანაცვლოდ კი კორპუსებს ვაშენებთ, ზოგ ტერიტორიას კი სხვა ფედერაციებს ვჩუქნით... როგორ?!

ნოდარი:

თქვენ ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატი ტრამპლინად გამოიყენა. რას ურჩევდით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში საქართველოდან საშუალოზე დაბალი დონის ქვეყნებში მიდიან? როგორ მოემზადონ ისინი საფეხბურთო ტოპ-ქვეყნებში სათამაშოდ?

- კვიპროსში გატარებულმა წელიწად-ნახევარმა ჩემს კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა. კმაყოფილი ვარ, რომ თავის დროზე ეს ნაბიჯი გადავდგი. არადა, თავდაპირველად, ბევრი მაკრიტიკებდა ამის გამო, მაგრამ...

ჯერჯერობით ისეთი დიდი ფეხბურთი არ მითამაშია, რომ ვინმეს რამე ვურჩიო, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, რაოდენ დაბალ ლიგაშიც არ უნდა თამაშობდნენ, იქნება ეს საქართველოში თუ უცხოეთში, ფეხბურთს არაფერი მოაკლონ და შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.

ბექა:

გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გისურვებ წარმატებებს. მაინტერესებს, შენი წარმატებული სტარტის შემდეგ "ხიმნასტიკში" დაინტერესდნენ თუ არა სხვა ქართველი ფეხბურთელებით და უწევ თუ არა რომელიმე ქართველ ფეხბურთელს რეკომენდაციას გუნდის მესვეურებთან?

- გამარჯობა. დიახ, გავუწიე რეკომენდაცია. ახლა აკვირდებიან და დიდი იმედი მაქვს, დადებითად დასრულდება ეს საკითხი. თუ ვისზე მაქვს საუბარი, მოდი, ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახოთ.

გიგა:

თქვენ ჯერ არ გითამაშიათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იყავით სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. საინტერესოა გიორგი აბურჯანიას აზრი 17-18 წლის ფეხბურთელების პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე...
- სამწუხაროა, მაგრამ ასეა - ჯერჯერობით ქვეყნის პირველ ნაკრებში გარჯის საშუალება არ მომცემია.

თუ ის მენტალურად და ფიზიკურად მზად არის სათამაშოდ, რატომაც არა?! თუმცა, როდესაც ლაპარაკია ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ცოტა სიფრთხილეა საჭირო - შესაძლოა, გულშემატკივრის ერთმა ცუდმა შეძახილმაც კი მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს.

რევაზი:

გამარჯობა, გიორგი! მაინტერესებს,  პრიმერას რომელ გუნდში ხედავ შენს თავს და რომელი ჩემპიონატი მოგწონს? ფიქრობ თუ არა, რომ ამ ეტაპზე ხარ მზად სანაკრებოდ, საკმაო კონკურენცია არის შენს პოზიციაზე...
- გამარჯობა. ამ ეტაპზე ჩემს თავს იქ ვხედავ, სადაც ვარ. იმ დონეზე მისაღწევად, რასაც ლა ლიგის ფეხბურთელობა ჰქვია, კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო. ფეხბურთელში სისტემატურ თამაშს ვგულისხმობ და არა 25 კაცში ყოფნას.

ნაკრებში მოხვედრის ამბიცია კი, რა თქმა უნდა, მაქვს.

ლადო:

გიორგი, რეალურად დიდი შანსია, რომ შენ დიდი ფეხბურთი ითამაშო. რას გააკეთებ იმისთვის, რომ ე.წ. ვარსკვლავური ავადმყოფობისაგან თავი დაიცვა?

- ოჯახი და, განსაკუთრებით მამაჩემი, ყოველთვის მასწავლიდა სიტუაციის რეალურ აღთქმასა და შეფასებას. ასე რომ, არა მგონია, რაიმესგან თავის დაცვა იყოს საჭირო. ასევე, ჩემი მწვრთნელი გუბაზ დოლიძე ყველა მოგებული ტურნირის შემდეგ გვეუბნებოდა, რომ ე.წ. ვარსკვლავური ავადმყოფობა არ შეგვყროდა, თავი ჩაგვეღუნა და გვეშრომა. საბედნიეროდ, ვუჯერებდი. ახლაც, ყოველი თამაშის შემდეგ ვსაუბრობთ და ჩემს თამაშს განვიხილავთ.

ზაალი:

გიორგი, გამარჯობა. პირველ რიგში, გილოცავ ასეთ წარმატებულ დებიუტს. ყველაფერი წინაა და შენი გვჯერა. ახლა კითხვა: ქართველი ფეხბურთელების მთავარი მინუსი, ჩემი აზრით, რწმენა-თვითდაჯერებულობის ნაკლებობაა. შენ გჯერა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო ან მსოფლიო პირველობაზე გახვალ?
- გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის. ამბიცია კარგი და აუცილებელია, თუმცა რეალობასთან ახლოს უნდა იყოს. ისე კი, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირებზე მოხვედრის პოტენციალი აქვს.

გაგი:

გიო, გამარჯობა. ლა ლიგაში გადასვლის შემდგომ რომელ ფეხბურთელს გაუცვლი მაისურს? წარმატებები კარიერაში.
- გამარჯობა. ზოგადად, მაისურს არ ვცვლი. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვცვლი ხოლმე, თუ ჩემი მეგობრის წინააღმდეგ მომიწია თამაში ან ოპონენტმა თავად მთხოვა.

ლუკა:

გამარჯობა, გიორგი. როგორ ფიქრობ, რა რაოდენობით საგოლე გადაცემა უნდა შეასრულო წლევანდელ სეზონში, რომ სეგუნდას ასისტ-ლიდერი გახდე? წარმატებებს გისურვებ.

- გამარჯობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეს ამ წუთისთვის 15 საგოლე გადაცემა აქვს, არარეალურად მიმაჩნია ამ შედეგის წელსვე გაუმჯობესება, თანაც კუთხურებს მე არ ვაწვდი. :D

თორნიკე:

გამარჯობა, გიო. რა რეაქცია გექნება, როცა ლა ლიგაში "ბარსას" წინააღმდეგ ითამაშებ?
- ალბათ, მოედანზე გატარებული ყოველი წუთისგან დიდ სიამოვნებას მივიღებ და ვეცდები, რაც შეიძლება მეტი რამ ვისწავლო მათგან.

მკითხველი:

გამარჯობა, გიორგი. რას გრძნობ, როცა აცნობიერებ, რომ მომავალ სეზონში, შესაძლოა, რონალდუსა და მესის წინააღმდეგ მოგიწიოს თამაში?
- რეალურად, გუნდს აქვს ამბიცია პლეი ოფში მოხვედრის, შემდეგ კი ლა ლიგაში გადასვლის, თუმცა ვერ მოგატყუებთ - ნამდვილად არ მიფიქრია მესის და რონალდოს პირისპირ თამაშზე. მირჩევნია, ვიყო რეალისტი და სეგუნდა დივიზიონში ყოველ ტურში ჩასატარებელ შეხვედრაზე ვფიქრობდე.

ანდრო:

პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ კარიერაში. 4 ნახევარმცველიან ტაქტიკაში რომელ უძლიერეს ნახევარმცველებთან ერთად ითამაშებდი და "დეპორტივოს" ძირითად შემადგენლობაში არჩევდი თამაშს, სადაც სასტარტოში გარანტირებული ადგილი გექნებოდა თუ "ატლეტიკოში", სადაც მეტწილად სკამზე მოგიწევდა ჯდომა?
- დიდი მადლობა წარმატებებისთვის. ბუსკეტსი, ინიესტა, მოდრიჩი - ამ სამეულთან, სიამოვნებით. "ატლეტიკოში" სკამზე ჯდომას "დეპორტივოში" მუდმივად ძირითადში ყოფნა მირჩევნია.

მკითხველი:
გიორგი, ვინ ამაყობს შენით ყველაზე მეტად და ვის მიუძღვნი შენს პირველ ესპანურ გოლს?
- არ ვიცი. ალბათ, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი საცოლე და საძმაკაცო. პირველ ესპანურ გოლსაც მათ მივუძღვნი.

მკითხველი:
მე, როგორც რიგით ქართველ გულშემატკივარს, ძალიან მიხარია შენი წარმატებები. კიდევ უფრო მეტსა და დიდ წარმატებებს გისურვებ! ეს ალბათ უფრო კითხვაც არის და დარიგებაც. იმ სტილში, რასაც შენ თამაშობ, ანუ სიღრმიდან ბურთის წამოღება, მოითხოვს სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას. თუ ხარ ამისთვის მზად?
- დარიგებისთვის დიდი მადლობა. ცხადია, ევროპის ნებისმიერ ნორმალურ ჩემპიონატში თამაში დიდ დატვირთვებს მოითხოვს, ბურთის მოედნის სიღრმიდან წამოღება კი შეხვედრის მანძილზე სულ 2-3-ჯერ მიწევს ხოლმე. შესაძლოა, შეხვედრა ისე დასრულდეს, საერთოდ არ მომეცეს ამის კეთების საშუალება. გააჩნია მეტოქეს და ზონებს მეტოქის ნახევარდაცვაში.

მკითხველი:
გამარჯობა, გიორგი. რა რჩევას მისცემდი ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთში ვარჯიშობენ და ვინაა ადამიანი, ვინც შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა?
- ასე კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ, რადგან დიდი წვლილი მიუძღვნით ჩემს მშობლებს, ჩემს დას, თუმცა ალბათ მაინც ყველაზე დიდი წვლილი გუბაზ დოლიძეს. ბავშვებს კი ვეტყოდი, რომ ფეხბურთი ყველაზე მაგარი რამ არის, რაც კი ადამიანს გამოუგონია და მასზე 24 საათი ფიქრს ვურჩევდი.

მკითხველი:
გიორგი, გამარჯობა! პირველ რიგში, გისურვებ ჯანმრთელობას და კარიერაში წინსვლას!!! შენი აზრით, რამდენი წელი დაგჭირდება, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანო?
- გამარჯობა და დიდი მადლობა. არ ვიცი, რამდენი წელი დამჭირდება საამისოდ და, საერთოდ, თუ მოვახერხებ, თუმცა იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" გულშემატკივარი ვარ ))

მკითხველი:
გამარჯობა, გიორგი. როდის გახდები საქართველოს ნაკრების ლიდერი?
- იმედი მაქვს, ძალიან მალე.

მკითხველი:
გამარჯობა, გიორგი! წარმატებები პირად ცხოვრებასა და პროფესიულში. "ნასტიკი" რომ ლა ლიგაში გადავიდეს და სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში სხვა პრიმერას კლუბი დაინტერესდეს შენით, შემოთავაზებას განიხილავ?
- ძალიან დიდი მადლობა. შემოთავაზებებს ყოველთვის განვიხილავ.

მკითხველი:
ესპანეთის ჩემპიონატი ის ერთადერთი პირველობაა, სადაც ქართველებმა, სამწუხაროდ, ვერ დავტოვეთ სათანადოდ ჩვენი კვალი და მაინტერესებს, შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ესპანეთის პირველობაზე კვალი იმიტომ ვერ დავტოვეთ, რომ მათ თავიანთი ფეხბურთელების ძალიან დიდი ბაზარი და რესურსი აქვთ. მერე მეორე - ქართული სტილითა და ბურთის ფლობით ესპანელს ვერ გააკვირვებ.

მკითხველი:
"ხიმნასტიკში" მისვლისთანავე გააკეთეთ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება, რომ გუნდის ლიდერი უნდა გახდეთ. "ხიმნასტიკის" ლა ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თვლით თუ არა, რომ 21 წლის ქართველი მზადაა მსოფლიოს ტოპ-ლიგის ერთ-ერთი გუნდის ლიდერობისთვის?
- თამამი განცხადება? არა! მე უბრალოდ ჩემი სურვილი და მიზანი გაგანდეთ. თუ რამდენად გამომივა, ამას დრო გვიჩვენებს. ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

მკითხველი:
გიორგი, რომელიმე ჩინურმა კლუბმა კარიერის ბოლომდე, წელიწადში 20-მილიონიანი კონტრაქტი რომ შემოგთავაზოთ, დათანხმდებით?
- ევროპაში კარიერის აწყობა მსურს, შესაბამისად, არა, თუმცა არ გამოვრიცხავ, კონკრეტული შემოთავაზების შემთხვევაში სხვანაირად მეფიქრა. დღევანდელი გადმოსახედიდან ასეა - სხვაგან და განსაკუთრებით, ჩინეთში წასვლას ლა ლიგაში თამაში მირჩევნია.

მკითხველი:
- გიორგი, თუ შეგიძლია, ჩამოგვითვალე შენ მიერ შედგენილი საუკეთესო თერთმეტეული, ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარი...
- ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვეში, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ალაბა, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი, კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ნეიმარი, თუმცა ლუის სუარესი ისეთ ფორმაშია, მისი ჩამატებაც შეიძლება :D

მკითხველი:
გამარჯობა, გიო! მაინტერესებს, რომელ გუნდში მოხვედრას ისურვებდი მომავალში და როგორ ფიქრობ, შენი დახმარებით "ხიმნასტიკი" შეძლებს პრიმერა დივიზიონში გადასვლას?
- გამარჯობა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გუნდს ლა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი "ვალენსიაში", "სევილიაში", მადრიდის "ატლეტიკოში"... მადრიდის "რეალზე" და კატალონიის "ბარსაზე" საუბარიც აღარ მაქვს :D

მკითხველი:
მზად ხარ ლა ლიგაში საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ? იმედი მაქვს, მოახერხებთ გადასვლას, წარმატებები.
- მადლობა. რთულია ამ ეტაპზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ, ჯერჯერობით არ ვართ. ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს, რათა სათანადო კონკურენცია გავუწიოთ მათ, თუმცა წინ დიდი გზაა გასავლელი.

მკითხველი:
გამარჯობა, გიორგი... წარმატებები, გადევნებ თვალს და მიხარია თქვენი წინსვლა საფეხბურთო განხრით. ერთი კითხვა არ მასვენებს, იქნებ დამეხმაროთ... მესი თუ სხვები?
- გამარჯობა, დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" გულშემატკივარი ვარ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვთქვა - მესი!

მკითხველი:
პირველ რიგში, მინდა წარმატებები გისურვო. ქართველი გულშემატკივარი დიდი ინტერესით გადევნებთ თვალ-ყურს, გვეიმედები და დიდ წარმატებებს ველით შენგან. რაც შეეხება კითხვას: არის თუ არა "ხიმნასტიკი" შენი გზამკვლევი "ბარსასკენ"? ანუ ტოპ-კლუბებისაკენ? მადლობა.
- ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩემი აზრით, "ხიმნასტიკიდან" "ბარსელონამდე" დიდი გზაა. მინიმუმ ერთი ნაბიჯი მაინც უნდა გადადგა, მოხვდე ლა ლიგის სტაბილურ გუნდში, სადაც ლიდერად ჩამოყალიბდები, შემდეგ კი "ბარსაზე" იფიქრო :D უფრო ოცნებას ჰგავს ეს :D ოცნება კი ძალიან არ მიყვარს :D

მკითხველი:
შემდეგ სეზონში "სევილიაში" მინდა ითამაშო. ხომ არ იტყვი უარს ამ კლუბზე?
- დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი )) პირველივე ზარზე :D

მკითხველი:
მოგესალმები, გიორგი! აღვნიშნავ, რომ შენს პოზიციაზე ჩინებულად თამაშობ. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარცხენა ნახევარმცველად რომ დაგაყენოს ყველა თამაშში, გააპროტესტებ?
- არავითარ შემთხვევაში არ გავაპროტესტებ. ნაკრები ის ადგილია, სადაც პირადი ინტერესები ყოველთვის გვერდით უნდა გადადო.

მკითხველი:
გამარჯობა, გიო! გილოცავ სეგუნდაში თამაშს და წარმატებულ წელს გისურვებ. ისურვებდი თუ არა გუნდში იმ ბიჭებს, რომლებთანაც დიდი დრო გაქვს გატარებული? კონკრეტულად, ზარანდია-პაპუნაშვილის შეტევას, რომელსაც შენ წარმართავდი?
- გამარჯობა. კი, ძალიან მომენატრა მათთან თამაში, მათ ხომ უსიტყვოდ ვუგებ მოედანზე! არა მარტო ლუკა და გიორგი, არამედ, საერთოდ, ის გუნდი მომენატრა, რაც გვყავდა - სახელებს არ ჩამოვთვლი. კონკრეტულად, ლუკას და გიორგის რაც შეეხება, იდეალური იქნებოდა ჩემთვის მათ უკან თამაში.

მკითხველი:
გიო, თუ შენ შეძელი და ფამაგუსტას "ანორთოსისი" გამოიყენე ტრამპლინად, რის შედეგადაც ჩაირიცხე სეგუნდა დივიზიონის მოწინავე გუნდში, რატომ ვერ ახერხებენ ამას ჩვენი ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები? მიიჩნევ თუ არა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მათი საფეხბურთო მენეჯერების ''კავშირების'' მინიმალურ შესაძლებლობას?
- საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩემზე უკეთეს გუნდსა და ჩემპიონატში თამაშობს. აგენტი არაფერ შუაშია, ის ვერაფერს იზამს, თუ გუნდის მხრიდან ინტერესი არ არის. მსურს, ყველა ქართველ ფეხბურთელს წარმატება ვუსურვო.

მკითხველი:
ისურვებდი თუ არა, რომ დაბადებულიყავი სხვა ქვეყანაში, რომელშიც შედარებით მეტადაა განვითარებული ფეხბურთი და რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრების მაისური (თუნდაც ახალგაზრდულის)?
- არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე, საქართველოს ნაკრები კი ჩემთვის ის ადგილია, სადაც შემიძლია ჩემს მშობლიურ ქვეყანას გამოვადგე, ეს კი ცხოვრებაში უმთავრესი რამაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული