ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში მეტოქეთა ვინაობაც გაგაცანით, შეხვედრათა განრიგიც და გუნდის შემადგენლობაც. დღეს კალათბურთელთა მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.
თორნიკე შენგელიამ ჰოლანდიურ ტურნეზე ილაპარაკა:
- ქალაქ ზვოლეში გამართული ტურნირი ჩვენი გუნდისთვის მეტად ნაყოფიერი გამოდგა. ვეთამაშეთ ჰოლანდიის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებს. ასევე დავუპირისპირდით ავსტრიელ თანატოლებს, რომლებიც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ. ამ შეხვედრებმა საშუალება მოგვცა საკუთარი პლუს-მინუსები დაგვენახა და 14 ივლისამდე მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით.
იმედიანადაა უკანახაზელი ბექა ჩიკვილაძე:
- ვფიქრობ, კარგად ვართ მომზადებულნი. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ვმუშაობდით როგორც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ასევე ტაქტიკაზე. ბოსნიაში წარმატების იმედად მივემგზავრებით. მართალია, ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ არც ჩვენი გუნდია ურიგო და ჯგუფიდან გამსვლელი ორი საგზურისთვის ვიბრძოლებთ. შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული მატჩები იქნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდი უპირობო ფავორიტია და ჩვენ შანსი არ გვაქვს. ბევრს გადაწყვეტს, ბოლოსთვის ვინ შეინარჩუნებს სათანადო ფორმას, ვის ეყოფა ენერგია. ასევე საჭიროა მცირე სპორტული იღბალიც.
მერაბ ბოქოლიშვილმა B დივიზიონის ფავორიტები ჩამოგვითვალა:
- პირველობისთვის ბრძოლას ჩვენც ვაპირებთ. კიდევ არაერთი გუნდია, რომლებსაც შეიძლება ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ. ისრაელს, როგორც ყოველთვის, ახლაც ძლიერი შემადგენლობა ეყოლება, ასევე კარგი გუნდი უნდა იყოს დიდი ბრიტანეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს ფინეთი, რომელთანაც ყოველთვის დიდი ბრძოლები გავქვს. ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლები: პოლონეთი და მაკედონია... თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული...
ქართველთა ნაკრების შესახებ მეტოქის, მაკედონიის 20-წლამდელთა კრებულის თავკაცმა სლობოდან პეტროვსკიმაც ილაპარაკა:
- ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. საქართველოსა და პოლონეთს კარგი გუნდები ჰყავთ და ჯგუფიდან გამსვლელი ორი ადგილისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლებენ. ვფიქრობ, თამაშის ხარისხით არავის ჩამოვრჩებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"