დანიას ვძლიეთ, წინ ჩეხეთია

AutoSharing Option
საქართველო-დანია 84:66
31:16, 18:19, 16:16, 19:15
საქართველო: ბაქრაძე (35 წთ, 6ქ, 7პ, 3მ, 3ჩ), ჩიკვილაძე (20 წუთი, 11ქ, 2პ, 1ჩ), შენგელია (34 წთ, 28ქ, 5მ, 2პ, 4ჩ, 2დ), ბექაური (2 წთ), ბოქოლიშვილი (19 წთ, 2ქ, 2პ, 1ჩ), თენიეშვილი (17 წთ, 2მ, 1პ), ლეჟავა (5 წთ, 2ქ, 1ჩ), სანაძე (21 წთ, 14ქ, 2მ), რევაზაშვილი (4 წთ), დვალიშვილი (32 წთ, 21ქ, 6მ, 2დ).
დანია: იენსენი, ლარსენი, ბაკი (19ქ, 6მ), გიამფი (2ქ), ფუგსანგი, რიტერი, სტანკოვიჩი, ლაერკე (20ქ, 8მ), ჰერცი (6ქ), ბენედსენი (3ქ), ბერგსტედტი (16ქ,
9მ).

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონის ნახევარფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე B დივიზიონის ორი ფინალისტი ითამაშებს.

ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელმაც F ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ბელგიამ და ესტონეთმა შეადგინეს. ქართველთა მატჩი 23 ივლისს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ კი მოედანზე ბელგია და ესტონეთი გავლენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, დანიასთან პრინციპული მატჩისთვის დავით უსტიაშვილმა გუნდი სათანადოდ მოამზადა. ეს დასაწყისშივე კარგად გამოჩნდა - პირველი პერიოდის რვაწუთეულში ჩვენი გუნდი თამაშიდან ტყორცნების 80 პროცენტს აგდებდა. დანიელებს კი შეტევაში ძალიან უჭირდათ, რაც ჩვენი დაცვის ბრალი იყო.

აქამდე არაერთხელ დავწერეთ, რომ ქართველთებს ფარქვეშ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, მით უმეტეს ისეთ გუნდთან, როგორიც დანიაა. ვიკინგების 210 სმ სიმაღლის მეფარე იონას ბერგსტედტი ხომ დივიზიონში მოხსნების საშუალო მაჩვენებლით პირველია - 13.2. ამასთან, იონასი საშუალოდ 22 ქულას აგროვებს.

თორნიკე შენგელიასა და აკაკი დვალიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ლიგის გამორჩეულ ცენტრს ჩემპიონატის დაწყების დღიდან პირველად არ მისცეს ორმაგი დუბლის შესრულების უფლება. საქართველოსთან ბერგსტედტმა 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. დანიელების კიდევ ერთი სახიფათო იარაღი უკანახაზელი ტომას ლაერკეა, რომელიც არცთუ მაღალია (194 სმ), მაგრამ საშუალოდ 9.3 მოხსნა აქვს (21.8 ქულის პარალელურად). მან საქართველოსთან საშუალოზე ოდნავ ნაკლები, 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

ამ ორ კალათბურთელს პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნებით წაეხმარა ალექსანდერ ბაკი (9-დან 4 სამიანი), მაგრამ სამი კაცი ხუთს რომ ვერ მოუგებს, ამაში გუშინ დავრწმუნდით.

მართალია, საქართველოს ნაკრებსაც ჰყავს ლიდერი - თორნიკე შენგელია, რომელმაც დანიასთან მსუყე ნორმა შეასრულა - 28 ქულა ჩააგდო, მაგრამ ჩვენი გუნდი უფრო თანაბრადაა დაბალანსებული და ყველა რგოლში, სასტარტოიან-შემცვლელებიანად ღირსეული მოთამაშეები არიან. როცა დასჭირდა, ნაკრებმა 8-8 სამქულიანი ჩააგდო (მაკედონიასა და პოლონეთთან), დანიასთან კი 4 იკმარა, რადგან, როგორც გითხარით, აქცენტი ფარქვეშ თამაშზე ჰქონდა გაკეთებული.

თავის მხრივ ტაქტიკა დანიელებმაც შეცვალეს, მართალია მოხსნებში 38:29 გვაჯობეს, მაგრამ ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება ძალიან უჭირდათ და ამიტომაც პერიმეტრიდან ტყორცნებს მიეძალნენ, 12 სამიანი (22-დან) გამოიყენეს. მაშინ, როცა 38 მცდელობიდან მხოლოდ 13 ორქულიანი მოათავსეს კალათში.

ქართველები კი ორქულიანებში გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ: 48-დან 31 ჩააგდეს (64.6 პროცენტი).

დავით უსტიაშვილის შეგირდებს 21 ივლისსაც ბევრი შრომა მოუწევთ, რადგან ჩეხებს კარგი მაღლებიც ჰყავთ, ფორვარდებიცა და უკანახაზელებიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული