დავით უსტიაშვილი: 20-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობამდე 4 სპარინგ-მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 11 ივლისს შეიკრიბება. დავით უსტიაშვილის გუნდი ასაკობრივ ნაკრებებს შორის არის ერთადერთი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში, ანუ ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ქართველები С ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდნენ. ევროპირველობა 12-22 ივლისს სლოვენიის ქალაქებში - დომჟალესა და კრანსკა გორაში გაიმართება.

დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის ხელმძღვანელობით ნაკრების კანდიდატები ჯერ კიდევ გასული წლიდან მოყოლებული პერიოდულად იკრიბებოდნენ და მწვრთნელები სასელექციო მუშაობას ეწეოდნენ.

რა გეგმები აქვს 20-წლამდელთა ნაკრებს, ამაზე მთავარი მწვრთნელი
დავით უსტიაშვილი გვესაუბრება.

- 11 ივნისიდან 15 კალათბურთელით შევიკრიბებით და საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დავიწყებთ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვექნება და საბოლოოდ სლოვენიაში გამგზავრებამდე 12 კალათბურთელი შეირჩევა.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის 15 კალათბურთელი, რომლებიც 11 ივნისიდან შეკრებაზე იქნებიან?
- მიმდინარეობს ბოლო დეტალების შემოწმება. შესაძლებელია ბოლო მომენტში შემადგენლობა შეიცვალოს და ამიტომ არ მინდა 15 მოთამაშის დასახელება ვიჩქარო. რამდენიმე დღეში საბოლოოდ გვეცოდინება, თუ რომელი 15 კალათბურთელით დავიწყებთ შეკრებას.

- ცნობილია იმ მეტოქეების ვინაობა, რომლებთანაც მოსამზადებელ პროცესში სპარინგ-მატჩებს გამართავთ?
- გადაწყვეტილია, რომ 4 სპარინგ-მატჩს გავმართავთ - ორს ისრაელთან, ორსაც ესტონეთთან. ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში 26 და 27 ივნისს გავეჯიბრებით, ხოლო ესტონეთს სტუმრად - 5 და 6 ივლისს შევხვდებით. ვფიქრობ, ეს 4 მატჩი საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ სათანადოდ შევთამაშდეთ. ორივე ნაკრები საკმაოდ ძლიერია და ღირსეულ სპარინგ-პარტნიორობასაც გაგვიწევს.

- საბოლოო შემადგენლობა ცნობილი როდისთვის გახდება?
- ევროპის ჩემპიონატი 12 ივლისს იწყება. ვფიქრობ, სპარინგ-მატჩების შემდეგ საბოლოო შემადგენლობას შევარჩევთ.

- მთლიანობაში რამდენი კანდიდატი გამოსცადეთ?
- ნაკრებისთვის კანდიდატებს ზამთრიდან მოყოლებულია, ვარჩევთ. კვირაობით ვიკრიბებოდით და ვვარჯიშობდით. დაახლოებით 25 კალათბურთელი გამოვცადეთ. კალათბურთელებს საკმარისი დრო ჰქონდათ, საკუთარი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინათ. ასე რომ, ყველა კანდიდატი ღირსეული კონკურენციის შედეგადაა შერჩეული.

- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებისგან რას უნდა ველოდოთ?
- მოგეხსენებათ, შარშან B დივიზიონი მოვიგეთ და უძლიერესთა შორის ადგილი მოვიპოვეთ. რამდენიმე კალათბურთელი, მათ შორის, B დივიზიონის შარშანდელი საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა.

ჩვენი მიზანი უძლიერესთა შორის თავის დამკვიდრებაა. ჩვენი გუნდის წევრები დიდ გამოცდილებას მიიღებენ და კიდევ უფრო გამოიკვეთებიან ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მოხვდებიან.

- მეტოქეებზე რას იტყვით?
- ესპანეთი და თურქეთი ჯგუფის ფავორიტები არიან. რაც შეეხება ლატვიას, არც ეს ნაკრებია ნაკლები. ლატვიამ გასულ წელს მსოფლიოს 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. თანაც, ამ ტურნირს უმასპინძლა.

ჯგუფიდან 3 ნაკრები გადის, ასე რომ, ჩვენი ამოცანა სამეულში მოხვედრა იქნება.

gfb.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული