მიხეილ ბერუაშვილი: ბიჭები არაფერს იშურებენ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპირველობის B დივიზიონში ასპარეზობა.

მიხეილ ბერუაშვილის გუნდი პირველივე მატჩში ჰოლანდიასთან 50:92 დამარცხდა და ამ წაგებამ, ცხადია, მთელ გუნდზე ცუდი გავლენა იქონია.

მართალია, ქართველებმა მომდევნო მატჩებში ღირსეულად იბრძოლეს, თუმცა ბოსნიისა და ბელგიის დამარცხება ვეღარ მოახერხეს.

13 აგვისტოს საქართველო პორტუგალიას ეთამაშება, რომელსაც ჯგუფში ჰოლანდია ჰყავს დამარცხებული.

პორტუგალიასთან მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება, მანამდე კი მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან ინტერვიუს გაეცანით, რომელსაც სარაევოში დავუკავშირდით...

- ასეთ წარუმატებელ სტარტს ძნელად თუ წარმოვიდგენდით...
- ჰოლანდიასთან მატჩმა ძალიან
ცუდად იმოქმედა. პირველი მატჩი იყო და ბიჭებს გაუჭირდათ. ეს გასამართლებელი მომენტი არ არის, ასეთი დიდი სხვაობით მაინც არ უნდა წაგვეგო, მაგრამ ყველაფერში ხელი მოგვეცარა. თამაში ყოველმხრივად ჩავაგდეთ.

- რამე გაუთვალისწინებელი ხომ არ მოხდა? ნუთუ საქართველოსა და ჰოლანდიას შორის კლასში ამხელა სხვაობაა?
- ამხელა სხვაობა ნამდვილად არ არის. საერთოდ, ჯგუფი საკმაოდ თანაბარია. ჰოლანდიის დამმარცხებელ ბოსნიას მეორე დღეს შევხვდით და გამარჯვების შანსიც გვქონდა. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და წარმატების შანსსაც საფინალო წუთებამდე ვინარჩუნებდით.

ასევე იყო წინა მატჩში, ბელგიასთან, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში 5-10 ქულით ლიდერობდა, ჩვენ კი გადამწყვეტი იერიშის მოსაწყობად და გამარჯვების მისაღწევად ძალა არ გვეყო.

- რისი ბრალია, რომ სამიდან ვერცერთი მატჩი ვერ მოიგეთ?
- ძნელია კონკრეტულად რამეს ან ვინმეს დააბრალო. ბიჭები არაფერს იშურებენ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ.

ალბათ, მეტი შეთამაშებაა საჭირო, რითაც ჩვენი მეტოქეები გვჯობნიან. ისინი შუა ევროპაში არიან და ტურნირის დაწყებამდე არაერთ საკონტროლო მატჩს მართავენ.

- დღეს პორტუგალიას ხვდებით, რომელმაც ჰოლანდია დაამარცხა...
- არ აქვს მნიშვნელობა, ვის შევხვდებით. ტურნირზე ყველა მეტოქე ანგარიშგასაწევია და ჩვენც მაქსიმალური მობილიზებით ვხვდებით პორტუგალიასთან მატჩს. ვეცდებით, გავტეხოთ ნავსი და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ.

- ტრავმების მხრივ როგორი სიტუაციაა?
- ოთარ ბულიავას აწუხებს მცირე ტრავმა. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგშია.

gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბელგიასთანაც დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული