U20. საქართველო-ლიტვა 49:107 - ლიტვაი...

AutoSharing Option
ლიტვაში, ნებისმიერ სკოლაში რომ შეხვიდეთ, ისეთი დარბაზი დაგხვდებათ, კალათბურთელობა მოგინდებათ...

...საქართველოში სკოლებში სტანდარტულ მოედნებს ვინ ჩივის, ბევრგან კომუნისტების დროინდელი იატაკი სადაც ჭიას გადაურჩა, სახურავიდან ჩამოსული წვიმისგანაა დამპალი.

* * *
ლიტვის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ საკალათბურთო მოედნები, ასფალტიანი ან ხელოვნურბალახიანი კი არა, სპეციალური მასალის იატაკით დამშვენებული, კალათბურთის თამაშისას ფეხი რომ არ გაცურდეს...

...საქართველოში კი მოედნები მხოლოდ დიდ ქალაქებში მოეწყო, მაგრამ სპეციალური საკალათბურთო საფარი მხოლოდ პარკ "მზიურშია". სხვაგან საფეხბურთო ხელოვნური საფარია (ბევრგან აკეცილ-დახეული) და ბურთი კარგად ვერ ხტუნავს.

თუმცა რად
გინდა ხტუნვა, როცა საკალათბურთო ფარები თითქმის ყველგან ჩამოტეხილი ან ჩამოღუნულია.

* * *
ლიტვაში მოქმედებს ბავშვთა ფასიანი, შეღავათიანი და უფასო ჯგუფები. უფასოდ ძირითადად ნიჭიერი მოზარდები ვარჯიშობენ...

...საქართველოში საკალათბურთო ჯგუფები მხოლოდ დიდ ქალაქებშია. კალათბურთელობა თუ გინდა, მამამ 16 წლამდე ფული უნდა იხადოს. შემდეგ თუ ფხას გამოიჩენ და რომელიმე კლუბი აგიყვანს, გადასახადისგან გათავისუფლდები. თუმცა ასაკობრივ ჩემპიონატებში ბევრი გუნდის მონაწილეობის თანხა მომავალი კალათბურთელის მშობლის გადასახდელია.

ვიცნობ ერთ ტანმაღალ, ღონიერ ბავშვს, რომელმაც კალათბურთს თავი იმიტომ დაანება, რომ შესატანს ვერ იხდიდა. მწვრთნელმა უთხრა, ფული არ მინდა, ისე იარეო, მაგრამ პატარას და მის მშობლებს მოერიდათ. მსგავსი კიდევ უამრავი ნიჭიერი დაკარგულა...

* * *
ლიტვაში ბავშვებს კალათბურთს რომ ასწავლიან, სიმაღლის მიხედვით არ აყენებენ. არვიდას საბონისი 225 სმ სიმაღლისაა და ბურთს ისე თავისუფლად ატარებდა, გამთამაშებელი გეგონებოდათ. "შსს აკადემიას" მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა თქვა: ევროპაში არაერთი სასწავლებელია, სადაც ბავშვებთან მუშაობის სპეციალისტებს ამზადებენო.

ლიტველ მწვრთნელებს ეს სკოლები გავლილი აქვთ და როცა მშობელი მათ ბავშვს ანდობს, იცის, რომ რამდენიმე წელიწადში მის შვილს ბურთის ტარებაც კარგად ეცოდინება; ყველა წერტილიდან სწორად ტყორცნაც; მემარჯვენეს ცაციათი თამაშსაც ასწავლიან; დაცვაში მოქმედებაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს...

...საქართველო ევროპისგან შორსაა - ერთეულებმა თუ იციან დასავლეთში ბავშვთა მწვრთნელების გამოსაწვრთნელი სასწავლებლების არსებობა, თუმცა ისევ და ისევ სიშორისა და უფულობის გამო იქ სწავლას ვერ ახერხებს. ყველა თავისი მეთოდიკით მუშაობს. რადგან მშობელი ფულს უხდის და მწვრთნელი ამით არსებობს, იძულებულია, მოგებას ბევრი რამ შესწიროს. აბა, მშობელი რომ დაინახავს, მისი ვაჟის გუნდი ყველასთან აგებს, მეორე დღეს სხვა გუნდში არ გადაიყვანს?!

აი, რა ვიგულისხმე სიტყვა "შეწირვაში": ბევრი მწვრთნელი პატარა ასაკიდანვე იწყებს კალათბურთელების პოზიციების მიხედვით დახარისხებას. მინახავს გუნდი, სადაც ბურთს მთელი თამაში ერთი ბავშვი ფლობს, თვითონ გადააქვს მეტოქის ნახევარზე, თვითონ ისვრის... დანარჩენები შეჰყურებენ და ვერც ბურთის ტარებას სწავლობენ, ვერც სროლას.

საბონისზე გამახსენდა: საქართველოში ისეთი ბავშვიც მინახავს, თანატოლებს სიმაღლით რომ აღემატება. მწვრთნელი მას ფარქვეშ დააყენებს და სიამოვნებით შეჰყურებს, როგორ აგდებს ქულას-ქულაზე ერთი თავით დაბალი მეტოქეების წინააღმდეგ.

გავა დრო, ეს ცენტრი შესაძლოა ორ მეტრზე მაღალი ვერ გაიზარდოს და აღმოჩნდება, რომ არ შეუძლია ბურთის ტარება. არადა, დღევანდელ კალათბურთში ნებისმიერი კარგი მეფარე ნორმალური დრიბლიორია.

გიორგიოს კეცელიდისი მეტოქეების განხილვას ფურცლებზე წერდა. ერთ კალათბურთელზე ეწერა: ცაციათი საერთოდ ვერ თამაშობსო. სუპერლიგის მოთამაშეზე ამბობდა!

* * *
ამის შემდეგ ლიტვასთან 49:107 წაგება გაგიკვირდებათ? 20-წლამდელთა ნაკრებს ერთი კარგი 210-სანტიმეტრიანი მეფარე არ ჰყავს, თაობაში ჩავარდნააო...

არც ლიტველებს ეყოლებოდათ კარგი მეფარე, კალათბურთი მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ არ განევითარებინათ და პატარაობიდან სწორად არ აღეზარდათ.

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
11 ივლისი
საქართველო-ლიტვა 49:107
12:33, 18:30, 10:32, 9:12
საქართველო: ორმოცაძე (2ქ), რამიშვილი, ო. ფხაკაძე (15ქ), გრძელიძე, გოგოძე, მიქელაძე, კვანტალიანი (5ქ, 6მ), ცირეკიძე (9ქ, 5მ), როგავა (9ქ), გელაზონია (4ქ, 6მ), ჯინჭარაძე (5ქ).
ლიტვა: პალიუკენასი (20ქ), იოგელა (15ქ, 10მ), ჩატკევიჩუსი (6ქ, 14მ), ოლისევიჩუსი (12ქ)...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U20. ევროპის ჩემპიონატი: საქართველომ მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდი ნიშანია, სასწრაფოდ უნდა გამოვფხიზლდეთ!
გიორგი777
12:51 12-07-2013
0

სიახლეები პოპულარული