სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: ფავორიტური

AutoSharing Option
სუპერლიგის აქამდე გამართულ თითქმის ყველა ტურში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მომხდარა. წინა ტურში სულაც მანამდე უძლეველმა "დინამომ" მერვეადგილოსან "მგზავრებთან" დათმო. ეს ტური კი ფავორიტებისა იყო.

ბათუმში "ქუთაისმა" რომ გაიმარჯვა, უკვე მოგახსენეთ. 2 მარტს "რუსთავმა" შინ "მგზავრები" დაამარცხა, "სოხუმმა" "ოლიმპს", ხოლო "დინამომ" "კაკტუსს" აჯობა.

- სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: "ქუთაისის" აჭარული გამარჯვება

2 მარტი, თბილისი
სოხუმი-ოლიმპი 90:76
18:10, 17:16, 22:18, 33:32
სოხუმი: კვეტენაძე, კოკა ტომარაძე (7ქ), ბოქოლიშვილი, ჯგერენაია (14ქ, 5მ, 3პ), დ. ბარბაქაძე (7ქ), ლათანი (26ქ, 10მ, 6პ), ბულიავა (7ქ, 6მ, 3ჩ), ტიშენკო
(16ქ, 6მ), ზაბირჩენკო (6ქ, 5მ, 3პ), ვუდსონი (6ქ, 6პ), ზაქრაძე (1ქ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (11ქ, 3პ), ბურნეთი (17ქ, 10მ, 3პ, 5ჩ, 2დ), ბოლქვაძე, როგავა (18ქ, 3დ), გეგი ბაქრაძე (1ქ, 6მ), მიქელაძე (14ქ), მასხულია (3ქ), პიჩფორდი (2ქ, 8მ, 5პ), შლიცერი (10ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. სოხუმელებმა მატჩი პირველიდან ბოლო წუთებამდე სტაბილურად ჩაატარეს. ამიტომ ძნელია ისეთი ეპიზოდის გამოყოფა, რომელზეც დავწერდით - შეხვედრის ბედი გადაწყვიტაო. ვიტალი ჩერნის შეგირდები მატჩის ტემპსაც კარგად აკონტროლებდნენ, ფარქვეშაც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და პერიმეტრზეც...

სტატისტიკა არ ტყუის. სამქულიანებში გამარჯვებულებს არც ოლიმპელები ჩამორჩნენ: "სოხუმი" - 9 რეალიზებული სამიანი, "ოლიმპი" - 10. მოხსნებშიც არ იყო დიდი სხვაობა, ფარქვეშეთი კი "სოხუმმა" ორჯერ უკეთ დაიცვა: სამწამიანი ზონიდან "ოლიმპმა" 20 ქულა ჩააგდო, მისმა ოპონენტმა - 40.

გამორჩეული. მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გიორგი ჯგერენაია. მისი და რობერტ ვუდსონის მოედანზე ყოფნისას სოხუმელები +18-ით დაწინაურდნენ. თუმცა მატჩის ბომბარდირი მათი თანაგუნდელი დუეინ ლათანი გახდა: 26 ქულა. "ოლიმპს" 18 ქულით რევაზ როგავა გაუძღვა, რომელმაც ორიდან ერთი სამქულიანი მესამე პერიოდის ბოლოს სირენასთან ერთად ძალიან შორიდან ჩააგდო.

ნამატჩევს:
ვიტალი ჩერნი ("სოხუმის "მწვრთნელი):
- ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც სრული შემადგენლობით ჩავატარეთ. მოთამაშეებმა იმ მონახაზის დიდი ნაწილი გადაიტანეს მოედანზე, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. გვქონდა შეცდომები, მაგრამ პრობლემები მალე გამოვასწორეთ. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაც გახლდათ.

2 მარტი, თბილისი
კაკტუსი-დინამო 67:92
18:29, 15:26, 23:14, 11:23
კაკტუსი: ხუციშვილი, უაითი (13ქ, 4პ), ჩიკვილაძე, ჩლაიძე (16ქ, 3ჩ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (12ქ, 10მ), ბააკაშვილი (11ქ), ფლოვიესი (14ქ, 12მ, 3ჩ), ამონაშვილი, ნ. ლომიძე.
დინამო: ვონი (14ქ, 3პ), გრძელიძე (2ქ), ღურწკაია, ლონდარიძე (14ქ, 5მ, 3პ), მაჩალაძე (6ქ), ფაცაცია (1ქ, 5მ), ჭოჭუა (12ქ), მარავიჩი (10ქ, 3დ), გ. რევაზაშვილი, ბერიშვილი (12ქ, 3ჩ), გოგოძე (21ქ, 5მ, 3პ, 3ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე, მ. ვართანოვი.

გადამწყვეტი. პირველი მეოთხედის დასრულებას 2 წუთი უკლდა, ტაბლოზე 18:18 რომ ეწერა. ამის შემდეგ "დინამომ" 16:0 გაქცევა მოაწყო, 34:18 დაწინაურდა და სწორედ მაშინ გაცხადდა, რომ ამ უპირატესობის ხელიდან გამშვები აღარ იყო.

სტატისტიკა არ ტყუის. "დინამომ" თამაშიდან ტყორცნების 49 პროცენტი გამოიყენა, "კაკტუსმა" - 37. გუშინ არჩილ ჟღენტის შეგირდებს მიზანი ნამდვილად არ უჭრიდათ, განსაკუთრებით, სათადარიგოებს, რომლებმაც ერთადერთი ქულა ჩააგდეს. "დინამოს" სათადარიგოებმა - 55 ქულა.

გამორჩეული. ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, "დინამომ" გუნდური თამაშით მოიგო. თუ ციფრებზე მიდგება საქმე, ყველაზე მეტი, 21 ქულა ნოდარ გოგოძეს ჰქონდა, რომელმაც 8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ნამატჩევს:
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს "მწვრთნელი):
- ჩვენი მიზანია, თამაში სრულვყოთ და შეცდომები მაქსიმალურად შევამციროთ. ეს მატჩი ამ მხრივ კარგი საშუალება იყო და ჩვენმა მოთამაშეებმა საკმაო სარგებელი და გამოცდილება მიიღეს. ჩვენი თვითმიზანი არ იყო დიდი სხვაობით გამარჯვება.

2 მარტი, რუსთავი
რუსთავი-მგზავრები 86:69
27:20, 20:22, 13:15, 26:12
რუსთავი: ხმელიძე (1ქ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე, ლი (8ქ, 8პ), წიქარიშვილი (2ქ), ჩაჩანიძე (18ქ, 7მ, 3პ), ათუაშვილი (20ქ, 8მ), კასპერბაუერი (13ქ), სპანოლო (13ქ, 8მ, 3პ), ბრიგსი (11ქ, 7მ, 3პ).
მგზავრები: ფხაკაძე (9ქ, 5მ, 8პ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (7ქ), ტურძელაძე (6ქ), ტეილორი (3ქ), მერფი (14ქ, 9მ), ალენი (19ქ, 5პ, 6მ), რენსომი (9ქ, 6პ, 5მ),
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულა იყო: "რუსთავი" 73:69-ს იგებდა. საფინალო ანგარიშს შეგახსენებთ (86:69) და თავად გამოიანგარიშეთ, რამდენი უპასუხო ქულა ჩაუგდო რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა სტუმრებს ბოლო 4 წუთში...

სტატისტიკა არ ტყუის. "მგზავრებმა" მასპინძლებზე ორჯერ მეტი ქულა ჩააგდეს სამწამიანი ზონიდან (38:18), თუმცა პერიმეტრიდან სამქულიანები ვერ მიაშველეს (მხოლოდ სამი გამოიყენეს) და შედარებით უკეთესი საშუალო და სამქულიანი ტყორცნებით მოთამაშე "რუსთავთან" ვერას გახდნენ.

გამორჩეული. "რუსთავში" გადასვლის შემდეგ პირადსარეკორდო 20 ქულა ჩააგდო 224 სმ სიმაღლის ცენტრმა სერგო ათუაშვილმა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 8 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაფიქსირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული