ბესიკ ლეჟავა
დაიბადა: 21.02.1986
სიმაღლე: 192 სმ.
პოზიცია: უკანახაზელი
კარიერა
2002-03 აკადემია
2004-05 თსუ
2005-06 დიჟონი (საფრანგეთი)
2006-08 თსუ
2008-09 რუსთავი
2009-10 ბათუმი
2010-11 შსს აკადემია
2011-12 აპოლონი (კვიპროსი)
2012 შსს აკადემია
2013 არმია
ბესიკ ლეჟავა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ემზადება.
გუნდი ამჟამად თბილისშია და 24 აგვისტოს ისრაელში მიემგზავრება, სადაც ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.
თუ აქამდე ჩატარებული ამხანაგური თამაშების მიხედვით ვიმსჯელებთ, ბესო ევრობასკეტზე 12-კაციან განაცხადში მოხვდება და სლოვენიაში დაიცავს საქართველოს ღირსებას.
ღია ვარჯიშზე გავესაუბრეთ ბესოს, რომელიც "არმიადან" "ქუთაისში" გადავიდა,
- "ქუთაისში" ვერ ვითამაშებ. გუნდის ხელმძღვანელობას სიტყვიერად შევუთანხმდი. კონტრაქტზე ხელი მას შემდეგ უნდა მომეწერა, რაც საქართველოს ნაკრებთან ერთად თბილისში დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა.
- რატომ?
- პირობები შემიცვალეს და იძულებული გავხდი, ტრანსფერზე უარი მეთქვა. მესმის, რომ გუნდში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალი ხალხი მოვიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასწორად მომექცნენ.
ვინაიდან "ქუთაისთან" ვიყავი შეთანხმებული, არაერთ გუნდს უარი ვუთხარი. მათ ჩემს პოზიციაზე სხვა კალათბურთელები აიყვანეს და დავრჩი უგუნდოდ. მაშინ, როცა ნაკრებთან ერთად სერიოზული ტურნირისთვის ემზადები, ძნელია საკლუბო პრობლემებზე ფიქრი.
- ნაკრებს როგორ მოერგე?
- იტალიურ ტურნირზე ორი შეხვედრა ჩავატარე, ვითამაშე ბოსნიასთან, საფრანგეთთან და სერბეთთან.
ვარჯიშებისასაც და მატჩებისასაც ვცდილობ, მწვრთნელებს დავანახვო, რაც შემიძლია. მინდა გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე. ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის. დანარჩენი მწვრთნელების გადასაწყვეტია.
- სადღეისოდ შეიძლება ითქვას, რომ ნაკრები ფორმაშია?
- ნაყოფიერი ვარჯიშები გვაქვს და ნელ-ნელა ვუმატებთ. ეს შედეგიდანაც ჩანს. იტალიაში საწყისი ორი მატჩი დავთმეთ (იტალიასა და პოლონეთთან), შემდეგ ვაჯობეთ ისრაელს, ბოსნიასა და სერბეთს.
ძლიერ გუნდებთან ჭიდილში გამოცდილებას ვაგროვებთ და ვრწმუნდებით, რომ წარმატებით თამაში ფავორიტებთანაც შეგვიძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"