სუპერლიგა. X ტური: აურზაური მეოთხე რაუნდში

AutoSharing Option
ეს საოცარი თამაში ქუთაისელ გულშემატკივრებს დიდხანს არ დაავიწყდებათ. განსაკუთრებით, მატჩის ბოლო მეოთხედი და აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ზაურ ფაშაევის გმირობა, რომელმაც ზედიზედ ხუთ სამქულიანს სამი ზუსტი საჯარიმო და ერთი ორქულიანი მიაყოლა, შემდეგ აბდულაიე ნდოიეს ულამაზესი პასით ალეი უპი ჩააგდებინა და მასსავით დიდებულად მოთამაშე სლოვენიელ მირზა სარალიასთან ერთად ქუთაისელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

მატჩის ბოლო წამებს ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი გავიხსენოთ, როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა, სანამ ქუთათურები თითქმის წაგებულ თამაშს სათავისოდ შემოატრიალებდნენ.
თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მასპინძლებიდან ანატოლი ბოისა გამოირჩეოდა, რუსთაველებიდან კი -
აკაკი დვალიშვილი და ჰეიდენ ჰამსი.

ქულა-ქულაში მიმდინარე პირველი პერიოდი ქუთაისელთა მცირედი უპირატესობით დასრულდა - 22:20. მეორე მეოთხედი რუსთაველთა დომინირებით წარიმართა. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა ვერაფრით მოახერხეს ყოფილი თანაგუნდელის, აკაკი დვალიშვილის შეჩერება, რომელიც ორივე ფარზე დიდებულად თამაშობდა, შეტევაშიც ჩინებული იყო და დაცვაშიც. შედეგად, დიდ შესვენებაზე "რუსთავი" 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 38:50.

მესამე პერიოდი სარალიასა და ბოისას სამქულიანებით განახლდა. "ქუთაისმა" 6 ქულამდე შეამცირა სხვაობა, შემდეგ გუნდები ერთმანეთს შორიდან სროლებში ეჯიბრებოდნენ.

აქ ყველაზე მეტად სტუმართა ნორვეგიელ-ამერიკელმა ტერენს ოგლესბიმ იყოჩაღა, პერიმეტრიდან ზედიზედ სამჯერ ზუსტად სტყორცნა და საკუთარი გუნდი კვლავ 11 ქულით დააწინაურა (63:74). მასპინძლებმა შესვენებამდე სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მეტოქეს კვლავ 11 ქულით ჩამორჩებოდნენ - 67:78.

უკანასკნელი მეოთხედი ბოისას ზუსტი ორქულიანით განახლდა, თუმცა დვალიშვილმა 2+1-ით უპასუხა და საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა. ამის შემდეგ საქმეში ფაშაევი ჩაერთო, აზერბაიჯანელი ვერცხლის წყალივით მოძრაობდა და მეტოქეს სამქულიანებით "ბომბავდა", გადამწყვეტი სწორედ მისი სროლები გამოდგა, როცა პერიმეტრიდან ზედიზედ სამი ზუსტი ტყორცნის შემდეგ 3 ქულამდე შეამცირა სხვაობა - 85:89.

ფაშაევს ტემპი ამის შემდეგაც არ დაუგდია და მეოთხე პერიოდში 20 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. იქამდე კი ანგარიში მირზა სარალიამ გაათანაბრა, რომელმაც ორქულიანს ზუსტი საჯარიმოც მიაყოლა-91:91.

ოგლესბი შეეცადა თამაში საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ სროლები აღარ წაუვიდა, ამასობაში ფაშაევს შორი დისტანციიდან სროლაში წესების დარღვევით შეუშალეს ხელი, თუმცა ზაურმა მეტოქე 3 ზუსტი საჯარიმო სროლით დასაჯა და "ქუთაისი" წინ გავიდა 94:91.

ბოლო წამები უაღრესად დაძაბული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. სტუმართა მხრიდან დვალიშვილი ფარქვეშ კვლავ დომინირებდა და მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ ქუთაისელთა რიგებში კვლავ შეუდარებელი იყვნენ სარალია და ფაშაევი, რომლებსაც ბოლოს მასპინძელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა ნდოიემაც აუბა მხარი და მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა შეხვედრა ლამაზ გამარჯვებამდე მიიყვანეს - 106:99.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით მირზა სარალია გახლდათ, 26 ქულა მოაგროვა ზაურ ფაშაევმა. კარგი შეხვედრა ჩაატარა ანატოლი ბოისამაც, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა. რუსთაველთა შორის საუკეთესოები აკაკი დვალიშვილი და ტერენს ოგლესბი იყვნენ, რომლებმაც ორმაგი დუბლები შეასრულეს.

20 თებერვალი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 106:99
22:20, 16:30, 29:28, 39:21
ქუთაისი: ფაშაევი (26ქ, 5პ), გრძელიძე (7ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 8მ), ნდოიე (6ქ, 8მ), სარალია (29ქ), ქადარია (8ქ), ლომინაშვილი (1ქ), ბულიავა (2ქ), ბოისა (17ქ, 6მ)
რუსთავი: ჰამსი (17ქ, 7მ), ცეკვავა (8ქ, 6პ), ოგლესბი (24ქ, 10პ), ყველაშვილი (11ქ), დვალიშვილი (32ქ, 11მ), აბაიშვილი (3ქ, 7პ), ჩაჩანიძე, ჭოჭუა (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან

* * *

- ველოდი ამ გამარჯვებას, თუნდაც იმიტომ, რომ "ბათუმს" წამყვანი მოთამაშეები აკლდა. ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი საჯარიმო სროლა ავაცილეთ. ანგარიშში სხვაობა მეტიც უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ, - აღნიშნა ბათუმური მატჩის დასრულების შემდეგ "მგზავრები-არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა.
ეს იყო მისი გუნდის მეორე მოგება მიმდინარე სეზონში. რაც შეეხება "ბათუმს", ზღვისპირელებმა 7 კალათბურთელით ითამაშეს. სხვა ტრავმირებულებს ბოლო მომენტში სუპერლიგის სნაიპერი ბიბ ჯინ იანგიც დაემატა...

20 თებერვალი, ბათუმი
ბათუმი-მგზავრები 59:61
15:17, 16:15, 18:15, 10:14
ბათუმი: რამიშვილი (10ქ, 4ჩ), ფევაძე, მიქელაძე (16ქ, 4ჩ), ლ. რევაზაშვილი (2ქ), თენიეშვილი (6ქ, 7მ), კელოგი (15ქ, 7მ, 3პ, 3ჩ), ფელჩერი (10ქ, 14მ, 4დ).
მგზავრები-არმია: ჯექსონი (6ქ), გულისაბედაშვილი, ს. ლეჟავა (6ქ), ჩაჩიბაია (3ქ, 6მ), მაისურაძე (5მ), ბოქოლიშვილი (17ქ, 3პ), ათანელიშვილი (10ქ, 10მ), მაქკინი (19ქ, 22მ), ჯინჭარაძე.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი.


* * *
მერვეადგილოსანი "სოხუმი" ახლოს იყო მეორე ადგილზე მყოფი "შსს აკადემიას" დამარცხებასთან, თუმცა ცოტა დააკლდა. მეოთხედების ანგარიშს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო. ასეთ დროს კი ყველაფერს ბოლო წამები წყვეტს.
ასეც მოხდა: საფინალო სირენას 2.7 წამი უკლდა, როცა გრიგოლ შვანგირაძემ სამქულიანი სტყორცნა. ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია, სამაგიეროდ შსს-ელები მასზე დაჯარიმდნენ და მსაჯებმა გრიგოლს სამი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მისცეს. სამივე რომ გამოეყენებინა, ანგარიშს გაათანაბრებდა და დიდი ალბათობით თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, თუმცა მხოლოდ ორი ჩააგდო და გამარჯვებაც "შსს აკადემიას" დარჩა.

22 ქულით მატჩის ბომბარდირი გიორგი ჯგერენაია გახდა, გიორგი ცინცაძემ კი 14 პასი შეასრულა.

22 თებერვალი, თბილისი. არენა
სოხუმი-შსს აკადემია 64:66
21:22, 11:12, 11:13, 21:19
სოხუმი: გილმორი (3პ), ჩიტაშვილი, ჩლაიძე (12ქ, 8მ), კვეტენაძე (3ქ), დ. დვალიშვილი (5ქ), შვანგირაძე (5ქ), ბააკაშვილი, გ. რევაზაშვილი, ჯგერენაია (22ქ, 9მ, 3ჩ), პეილეი (11ქ, 7მ), ბექაური (6ქ, 14მ, 2დ).
შსს: ბერიშვილი (13ქ, 7მ), მეტრეველი (14ქ), როგავა (4ქ), ჩიკვილაძე (8ქ), ცინცაძე (5ქ, 14პ), შარაბიძე (11ქ, 9მ), წივწივაძე (7ქ, 5მ), ლომოური (2ქ), ბიბილური (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

* * *
ცინცაძეზე ერთით ნაკლები, 13 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა ლაშა გამყრელიძეს, რომელმაც 7-დან 5 ქულა შეხვედრის ბოლო 32 წამში ჩააგდო...

"დინამო" "ოლიმპთან" თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყო, მატჩის დასრულებამდე 4:27 წუთით ადრე დინამოელმა მარკო პოპოვიჩმა სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები 74:63 დააწინაურა. სწორედ ამ სამიანის შემდეგ იფეთქა "ოლიმპმა" და 11:2 გაქცევა მოაწყო, რის შედეგადაც სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 74:76.

32 წამით ადრე გამყრელიძემ ორქულიანი ჩააგდო, 78:74 და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

დინამოელებს 22 ქულითა და 10 მოხსნით გარიკ შერმანი შეეწია. ასევე ეფექტური "დაბლ-დაბლი" მიითვალა "ოლიმპის" ცენტრმა მარკო დუიკოვიჩმა - 15 ქულა, 24 მოხსნა. სხვათა შორის, სწორედ გუშინდელ მატჩში აართვა შერმანს სუპერლიგის რეკორდი დუიკოვიჩმა - ბურთი 24-ჯერ მოხსნა. გარიკის მაჩვენებელი 23 მოხსნა იყო.

22 თებერვალი, თბილისი. არენა
დინამო-ოლიმპი 81:74
15:14, 25:21, 25:15, 16:24
დინამო: გამყრელიძე (7ქ, 13პ), ბ. ლეჟავა (4ქ), ლონდარიძე (10ქ, 5მ), პოპოვიჩი (14ქ), დიდია (8ქ), მათიაშვილი (5ქ), ორმოცაძე (11ქ), შერმანი (22ქ, 10მ), ბაბუნაშვილი.
ოლიმპი: კვანტალიანი (5ქ), ლობჟანიძე (3ქ), აბულაძე (10ქ, 4პ, 4ჩ), კოკა ტომარაძე (6ქ, 3პ, 4ჩ), ბაქრაძე (2ქ), კახა ტომარაძე (2ქ), გოგოძე (6ქ), მირზიაშვილი (6ქ), დუიკოვიჩი (15ქ, 24მ, 3პ, 2დ), ცირეკიძე (8ქ, 6მ), ნოსკოვი (11ქ, 10მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, მ. ვართანოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული