სუპერლიგა. მეოთხედფინალები: სერიის აისი "ბათუმისაა", მოაბრუნებს "ქუთაისი"?

AutoSharing Option
სენსაციები გრძელდება - თუ მეოთხედფინალების პირველ დღეს "სოხუმმა" მეორეადგილოსანი "შსს აკადემია" დაამარცხა, 5 მაისს "ბათუმმა" ქუთაისში იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. არადა, ქუთაისის სპორტის სასახლე პირამდე იყო გავსებული...

დინამო-მგზავრები 86:70
23:16, 26:23, 16:16, 21:15

დინამო ქ მ პ
გამყრელიძე 10 2 4
ბ. ლეჟავა 8 3 8
ვახანია 7 6 3
ლონდარიძე 14 16 2
დიდია 9 3 1
მათიაშვილი 8 1 1
ორმოცაძე 3 0 1
შერმანი 15 13 1
ბაბუნაშვილი 12 1 3

მგზავრები-არმია ქ მ პ
ჯექსონი 20
11 4
ს. ლეჟავა 6 1 2
ჩაჩიბაია 7 4 0
მაისურაძე 0 0 0
ბოქოლიშვილი 14 3 1
ათანელიშვილი 4 3 2
მაკქინი 12 3 3
ჯინჭარაძე 4 2 0
იოსელიანი 3 1 1

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე

სერია - 2:0

ევროპაში საკალათბურთო მატჩები 40 წუთს გრძელდება. "დინამო"-"მგზავრების" დაპირისპირებაში 39:45 წუთის განმავლობაში წინ დინამოელები იყვნენ, რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ ფავორიტებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, მეტოქემ რამე დაუთმოო - "მგზავრები" მონდომებით იბრძოდნენ, მაგრამ "დინამოს" მწყობრი დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.
ბუბა ბერიშვილის შეგირდებს მხოლოდ 10 შეცდომა ჰქონდათ, მაგრამ მათ დიდი სხვაობით დათმეს მოხსნებში - 32:47.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე გუშინ. შევძელით შედარებით სრულყოფილი როტაცია, დაცვაშიც დავალებები მეტ-ნაკლებად უკეთესად შევასრულეთ და შედეგიც სახეზეა. სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ამიტომ დამთავრებული არაფერი არ არის.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი):
- დღეს, ფაქტობრივად, დაშლილები ვიყავით, საერთოდ არ ჩანდა გუნდურობა, ამიტომ ყველა კომპონენტში და ყველა ასპექტში წავაგეთ. ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ, განვიხილავთ შეცდომებს და შევეცდებით, სათანადოდ მოვემზადოთ მესამე მატჩისთვის.

ლაშა გამყრელიძე ("დინამო"):
- დაცვაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ და გავიმარჯვეთ, თუმცა არაფერი დასრულებულა. მესამე თამაშიც რთული იქნება. ყველანაირად ვეცდებით, სერია 3:0 დავამთავროთ.

მერაბ ბოქოლიშვილი ("მგზავრები-არმია"):
- პირველ შეხვედრაში მეტოქეს ფარზე ვაჯობეთ, დღეს კი ვერც ფარზე გავუწიეთ წინააღმდეგობა, შეტევაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით.

შსს აკადემია-სოხუმი 105:75
28:23, 24:17, 30:12, 23:23

შსს აკადემია ქ მ პ
ბერიშვილი 13 4 3
მეტრეველი 13 8 1
როგავა 11 3 2
ჩიკვილაძე 5 0 1
ცინცაძე 21 3 6
შარაბიძე 21 2 1
წივწივაძე 6 3 8
ლომოური 15 8 3

სოხუმი ქ მ პ
ჩიტაშვილი 12 2 3
ჩლაიძე 16 5 2
დ. დვალიშვილი 2 3 1
შვანგირაძე 12 4 0
გ. რავაზაშვილი 2 4 0
ჯგერენაია 11 6 0
ფერიაშვილი 2 1 0
პელე 18 3 6

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე

სერია - 1:1

სერიის პირველი მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე "შსს აკადემია" 14 ქულით რომ იგებდა, გუშინდელ ნომერში მოგახსენეთ. ისიც გითხარით, სოხუმელებმა სამქულიანებითა და ფარქვეშ მედგარი ბრძოლით თამაში რომ შემოატრიალეს და შსს დაამარცხეს.

ეს კარგი მაგალითი გამოდგა აკადემიელთათვის, რომლებმაც პირველ რიგში პერიმეტრი გადაკეტეს, მაქსიმალურად უზღუდავდნენ სივრცეს სოხუმელებს, რათა სამქულიანებისგან თავი დაეცვათ. წინა მატჩის სნაიპერ პელე პეილეის მჭიდროდ ეთამაშებოდა აკაკი ლომოური, რომელიც მოედნის საკუთარ ნახევარზე აჩრდილივით დასდევდა ლიბერიელს. ცინცაძემ, წივწივაძემ და როგავამაც მაღალ დონეზე ჩაატარეს მატჩი და თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ შსს-ს უკანა ხაზმა "სოხუმის" უკანა ხაზს აჯობა. გამარჯვებულებმა 25 პასი შეასრულეს, რაც გუნდური თამაშის ერთ-ერთი მანიშნებელია.

აკადემიელებმა ფარქვეშ მიმავალი გზაც კარგად გადაუკეტეს სოხუმელებს (გიორგი შარაბიძემ და ნიკა მეტრეველმა) და ვაჟა კვარაცხელიას გუნდს ისღა დარჩენოდა, წაგებას შეგუებოდა.

მიმდინარე სეზონში "შსს აკადემია" მეორეა რეალიზებული სამქულიანების სიუხვით (9.7 მატჩში). ბოლო შეხვედრებში კი კოტე ტუღუშის შეგირდები პერიმეტრიდან "ძველებური" სიზუსტით ვეღარ სტყორცნიდნენ, თუმცა გუშინ სნაიპერული თვისებები გაიხსენეს და 27-დან 12 სამქულიანი ჩააგდეს.

კოტე ტუღუში ("შსს აკადემია", მთავარი მწვრთნელი):
- "სოხუმმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მებრძოლი გუნდია. ანგარიშში სხვაობა ძალთა თანაფარდობას არ ასახავს. დარწმუნებული ვარ, პარასკევს, როცა მესამე მატჩი გვექნება, "სოხუმი" ისევ ისე იბრძოლებს, დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს და ამიტომ სერიოზული მომზადება გვმართებს. შევეცდებით, დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- "შსს აკადემია" ფავორიტი იყო და უპირატესობაც ჰქონდა. ჩვენ შესუსტებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ტრავმების გამო ორი წამყვანი მოთამაშე, ბექა ბექაური და ვატო ბააკაშვილი გვაკლდნენ. ვფიქრობ, მესამე მატჩში უკეთესად ვიასპარეზებთ.

გიორგი შარაბიძე ("შსს აკადემია"):
- გავაანალიზეთ წინა დღის მარცხი, მოვინდომეთ, სრული მობილიზებით ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. თუმცა "სოხუმი" ძლიერი გუნდია, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია სიტუაციის შემობრუნება.

გრიგოლ შვანგირაძე ("სოხუმი"):
- დაღლილობის გათვალისწინებით და ასეთი დანაკლისით "შსს აკადემიის" დამარცხება ძალიან რთულია. შემდეგ თამაშზე უფრო დასვენებულები ვიქნებით, იმედია, ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან.

რუსთავი-ოლიმპი 85:72
20:16, 21:20, 21:19, 10:17, 13:0

რუსთავი ქ მ პ
ჰამსი 2 5 4
ცეკვავა 15 7 8
ოგლესბი 14 2 5
აბაიშვილი 6 0 2
ჩაჩანიძე 11 1 0
ყველაშვილი 0 3 0
ჭოჭუა 22 8 1
ხმელიძე 0 0 0
ტუჯანი 2 2 0
ა. დვალიშვილი 13 14 1

ოლიმპი ქ მ პ
კვანტალიანი 5 2 0
ლობჟანიძე 2 1 1
აბულაძე 6 2 2
კოკა ტომარაძე 6 2 4
ბაქრაძე 2 3 1
კახა ტომარაძე 5 2 1
გოგოძე 14 5 2
მირზიაშვილი 0 0 0
დუიკოვიჩი 17 17 0
ცირეკიძე 7 5 1
ნოსკოვი 8 8 7

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ზ. მაჩალაძე

რუსთაველმა მიხეილ ჭოჭუამ 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, მისმა გუნდმა 16 შორეული ტყორცნა გამოიყენა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ქვემოქართლელებმა ქომაგისგან აპლოდისმენტები ნამდვილად დაიმსახურეს, თუმცა კომპლიმენტს არანაკლებ იმსახურებს "ოლიმპიც": ზედიზედ მეორე მატჩია, სოლიდურ ჩამორჩენას აბათილებს.

ამჯერად ოლიმპელებმა მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში 15-ქულიანი ჰანდიკაპი (44:59) აღმოფხვრეს და საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც - 65:64. ამის შემდეგ თბილისელებმა არაერთი საჯარიმო სტყორცნეს, მაგრამ ორიდან მხოლოდ თითოს აგდებდნენ... რუსთაველები კი სამქულიანებით პასუხობდნენ. საფინალო სირენამ გუნდებს საყაიმო ანგარიშზე (72:72) მიუსწრო.

ოვერტაიმში შედარებით გამოცდილმა "რუსთავმა" რეზო ჩაჩანიძის ზედიზედ ჩაგდებული 11 ქულით 13:0 გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ 85:72 იმარჯვა.

ქუთაისი-ბათუმი 75:78

20:9, 11:24, 20:18. 24:27

ქუთაისი ქ მ პ
ფაშაევი 15 3 9
დ. ბარბაქაძე 14 8 1
ნდოე 13 14 0
ბოისა 0 1 1
სარალია 10 3 2
გრძელიძე 3 1 1
კვიმსაძე 8 4 11
ქადარია 6 4 2
ლომინაშვილი 6 2 0

ბათუმი ქ მ პ
იანგი 22 9 7
მიქელაძე 12 3 2
გ. რევაზაშვილი 6 6 2
კელოგი 11 8 5
ფელჩერი 15 12 3
რამიშვილი 6 4 0
ელიაშვილი 6 3 1

მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი

რეგულარულ ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასულ "ქუთაისს" პლეი ოფში მეტოქედ მეექვსეადგილოსანი "ბათუმი" ერგო. ქუთათურები შეხვედრას იმედიანად, თუმცა, ფრთხილად ეკიდებოდნენ. ქუთაისში კარგად ახსოვდათ თებერვალში გამართული შეხვედრა, როცა ზღვისპირელებმა მალხაზ კოხრეიძის შეგირდები 97:91 დაამარცხეს.

აღნიშნულ მატჩში მასპინძლები ყველაზე მეტად ამერიკელმა ლეგიონერმა ბობ ჯინ იანგმა გააწამა, რომელმაც "ქუთაისს" 37 ქულა ჩაუგდო. პლეი ოფის შეხვედრებში ქუთაისელთა მთავარი ამოცანა სწორედ რეგულარული გათამაშების საუკეთესო სნაიპერის ნეიტრალიზება იყო.

პირველ ტაიმში მასპინძლები ასე თუ ისე ახერხებდნენ ამერიკელის შეჩერებას, თუმცა იანგმა მაინც ეფექტურად ითამაშა და 22 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ბათუმმა" კი "ქუთაისში" ამჯერადაც იმარჯვა და პლეი ოფის სერიაში დაწინაურდა.

მატჩის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ქუთაისელთაგან აბდულა ნდოიე გამოირჩეოდა, რომელმაც ანატოლი ბოისას გადაცემის შემდეგ ჩატენვით ტრიბუნებს ოვაციები მოსწყვიტა, შემდეგ კი საკუთარი ფარიდან რამდენიმე რთული ბურთიც მოხსნა.

ბათუმელთაგან იანგი და კრისტოფერ ფელჩერი აქტიურობდნენ. პირველ ხუთ წუთში შეტევაში ორივე გუნდი სცოდავდა და ტაბლოზეც მწირი ანგარიში იყო - 5:4. შემდეგ ზაურ ფაშაევმა ჩააგდო შორიდან, მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და 10:0 გაქცევა მოაწყვეს. კარგად ჩაერთვნენ თამაშში ვახტანგ ქადარია და ბუბა კვიმსაძე. მათ ზუსტ იერიშებს, დავით ბარბაქაძისა და ზაურ ფაშაევის სამქულიანი სროლები მოჰყვა, ქადარიამ კი პირველ პერიოდში ქუთაისელთა 11 ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 20:9.

მეორე მეოთხედის დასაწყისში ქუთათურები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირაკლი მიქელაძის ორი საჯარიმო სროლის შემდეგ სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს - 22:19. ფაშაევისა და ნდოიეს კარგი თამაშის წყალობით მასპინძლებმა კვლავ გაზარდეს სხვაობა - 28:21, მაგრამ შემდეგ შეცდომებს უხშირეს, ზედიზედ რამდენიმე შეტევა გააცუდეს, "ბათუმი" კი უკეთ ათამაშდა, მიქელაძემ სამ ქულამდე დაიყვანა სხვაობა, რასაც ბოლო წამებზე ლევან რევაზაშვილმა და ნიკოლას კელოგმა ზუსტი სამქულიანები მიაყოლეს და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით - 33:31 დასრულდა.

მესამე პერიოდის საწყისი წუთები ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შემდეგ სტუმრებმა დაცვაში ეფექტური თამაშის წყალობით, უპირატესობა მოიპოვეს. იანგის ზუსტი შეტევებისა და ელიაშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ დავით უსტიაშვილის შეგირდები 9 ქულით დაწინაურდნენ - 47:38. მასპინძლებმა დროულად მოახერხეს გონზე მოსვლა, ნდოიეს, ბარბაქაძის, ფაშაევისა და სარალიას ქულებით ანგარიში გაათანაბრეს და გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 51:51.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში ქუთაისელებმა ზედიზედ ორი შეტევა გააცუდეს, რასაც იანგის სწრაფი კონტრშეტევა და "სლემ დანქი" მოჰყვა. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ბარბაქაძის სამქულიანის შემდეგ წინ "ქუთაისი" გავიდა - 56-55.

თამაშის ბოლომდე ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან - მეორე. შესანიშნავად ათამაშდა იანგი, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩატენა ბურთი ქუთაისელთა ფარში, მატჩის დასრულებამდე 41 წამით ადრე ფელჩერმა ზღვისპირელები სამი ქულით დააწინაურა (72:69).

ბოლო წამებმა ძალიან დაძაბულად ჩაიარა, ფაშაევი შეტევაში დაჯარიმდა და მიქელაძემ ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ამას კვიმსაძემ "ენდ ვანით" უპასუხა და მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ქუთათურები შეტევაში განზრახ დაჯარიმდნენ. მათდა სამწუხაროდ, კელოგმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა - 72:76, რასაც შემდეგ კიდევ ერთი ზუსტი ორქულიანი მიაყოლა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. უკანასკნელ წამზე ნდოიეს სამქულიანმა კი მხოლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 75:78.

ზემოთაც ვთქვით, რომ სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ბობ ჯინ იანგი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. სამაგიეროდ, "დაბლ-დაბლი" მეორე ლეგიონერმა კრისტოფერ ფელჩერმა მიითვალა. სასარგებლოდ გაისარჯნენ ირაკლი მიქელაძე (12 ქ.) და ნიკოლას კელოგი (11 ქ.)

ქუთაისელთაგან 15 ქულა მიითვალა ზაურ ფაშაევმა და ორმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა. 13 ქულითა და 14 მოხსნით "დაბლ-დაბლი" შეასრულა აბდულა ნდოიემ. 14 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო იყო დავით ბარბაქაძე.

კალენდარი
6 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე
18:00 ქუთაისი-ბათუმი

8 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
14:00 მგზავრები/არმია-დინამო
16:00 სოხუმი-შსს აკადემია

8 მაისი. ბათუმი, სასპორტო სკოლა
18:00 ბათუმი-ქუთაისი

8 მაისი. თბილისი, სპორტკომპლექსი არენა
18:30 ოლიმპი-რუსთავი

დავით კოხრეიძე და ვაჟა სიმონიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული