რადგანაც ქუთათურებმა რეგულარულ ჩემპიონატში უკეთ იასპარეზეს და მესამე ადგილი დაიკავეს, საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობაც მათ ჰქონდათ. შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ და შეხვედრაც ისე დაიწყო, რომ ვინმე ძნელად თუ იფიქრებდა, საბოლოოდ "ქუთაისი" თუ დამარცხდებოდა და ჩემპიონობის მაძიებელი გუნდი მე-5 ადგილსაც ვერ შესწვდებოდა. არადა, საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა, ბუბა ბერიშვილის გუნდმა ქუთათურებს საოცარი შეხვედრა შემოუტრიალა და სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.
ქუთათურებს არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ და პრეი ოფში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ
ქუთაისელთა მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მცირე სათადარიგოთა სკამი შეიძლება დავასახელოთ. მალხაზ კოხრეიძემ გუშინდელ მატჩში მხოლოდ 6 კალათბურთელი ათამაშა, რომლებსაც ბოლო მეოთხედში დაღლა დაეტყოთ და ეს შედეგზეც აისახა.
ქუთაისელთა სუსტი თამაში საერთოდ არ აკნინებს "მგზავრები-არმიის" გამარჯვებას. რთული მდგომარეობის მიუხედავად, თბილისელები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და მე-5 ადგილზე დამსახურებულად გავიდნენ.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. დავით ბარბაქაძის ზუსტი ორქულიანების შედეგად, "ქუთაისი" დებიუტში 6:0 დაწინაურდა. მის მიერ ჩაგდებული ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანის შემდეგ "ქუთაისი" კიდევ უფრო წინ გაიჭრა. ბარბაქაძეს კარგად აუბეს მხარი ანატოლი ბოისამ და ავთანდილ ლომინაშვილმა. მათი შესანიშნავი თამაშის წყალობით ქუთათურებმა პირველი პერიოდი 15 ქულის სხვაობით, 34:19 მოიგეს.
მეორე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბარბაქაძის სლემ დანქის შემდეგ "ქუთაისი" 21 ქულით დაწინაურდა, თუმცა თანდათან "მგზავრები-არმიაც" გააქტიურდა, მაისურაძისა და იოსელიანის შედეგიანი სროლების შედეგად 6:0 გაქცევა მოაწყო და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა მცირედით შეამცირა - 56:44.
მესამე პერიოდი ვახტანგ ქადარიას ზუსტი სამქულიანით დაიწყო, რასაც მანვე ერთი საჯარიმო და ერთი ზუსტი ორქულიანიც მიაყოლა. "ქუთაისმა" ანგარიში 20 ქულამდე გაზარდა (64:44). როგორც ჩანს, მასპინძლებმა საქმე ნაადრევად ჩათვალეს მოთავებულად, ყურადღება ისევ მოადუნეს და თბილისელებს გააქტიურების საშუალება მისცეს, რომლებმაც სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს - 74:66.
გადამწყვეტი პერიოდი სტუმრების აქტიურობით დაიწყო, იოსებ ლეჟავას სამქულიანი სროლის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 74:74. იმავე ლეჟავამ კიდევ ერთი შორეული სროლით "არმია-მგზავრები" პირველად დააწინაურა - 74:77.
ქუთაისელები თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ. ბარბაქაძის, ბოისასა და ქადარიას ზუსტი სროლების შემდეგ კვლავ ისინი დაწინაურდნენ - 81:77; შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გარკვეული პერიოდი წინ ისევ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ზედიზედ რამდენიმე გაცუდებული შეტევის შემდეგ ტატო ჩაჩიბაიამ ანგარიში გაათანაბრა - 87:87, მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე კი მანვე ზუსტი საჯარიმო სროლით "მგზავრები-არმია" დააწინაურა - 87:88.
ბოლო წამებმა დაძაბულად და ნერვულად ჩაიარა, ქუთათურებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და კახაბერ ჯინჭარაძემ ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო - 87:90; რიონისპირელებმა სწრაფი შეტევით უპასუხეს და დავით ბარბაქაძემ სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში; მატჩის დასრულებამდე 16 წამიღა რჩებოდა. არმიელებმა შეუტიეს და ჩაჩიბაიამ ფარქვეშიდან კალათში ბურთი ზუსტად მოათავსა.
"ქუთაისს" მატჩის ოვერტაიმში გადასაყვანად დრო აღარ ეყო და ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა.
ქუთაისი-მგზავრები/არმია 90:92
35:19, 21:25, 18:22, 16:26
ქუთაისი: გრძელიძე (10ქ.), ქადარია (20ქ.24მ.), დ. ბარბაქაძე (29ქ.), ლომინაშვილი (14ქ.), ბოისა (19ქ.11მ.9პ.), ნდოიე (4ქ.)
არმია-მგზავრები: ლეჟავა (10ქ.), ჩაჩიბაია (13ქ.), მაისურაძე (13ქ.9მ.), იოსელიანი (16ქ.12მ.), ათანელიშვილი (15ქ.), ჯინჭარაძე (15ქ.), ბოქოლიშვილი (3ქ.), ზაქრაძე (5ქ.), სანაძე (2ქ.)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"