სათაურში ლაპარაკია "დინამოს" "აფეთქებაზე", რასაც ზოგი არ ელოდა - დინამოელებმა "შსს აკადემიასთან" ფინალური სერიის საწყისი ორი მატჩი დათმეს. განსაკუთრებით ცუდად მეორე შეხვედრა ჩაატარეს, 46:73 წააგეს. სწორედ ამის შემდეგ იყო რთული წარმოსადგენი დინამოელთა თამაშის უარყოფითიდან დადებითისკენ რადიკალური გარდასახვა.
"შსს აკადემიის" თავკაცმა კოტე ტუღუშმა მეორე მატჩის შემდეგ განაცხადა: ცუდად მაქვს დაცდილი დიდი სხვაობით გამარჯვება, მომდევნო შეხვედრას ცუდად ვატარებთო...
მისი ნათქვამი მესამე მატჩისას გამართლდა -
ჯერ გარიკ შერმანმა ჩააგდო ოთხი ქულა, მეოთხედის დასრულების მაუწყებელ სირენასთან ერთად კი ბესიკ ლეჟავამ შორეული სამქულიანი სტყორცნა და 41:38 ირაკლი ხოშტარიას გუნდის სასარგებლოდ.
პირველ ტაიმში გვერდით მჯდომმა ჟურნალისტმა თქვა, "დინამო" კარგად თამაშობს, საკითხავია, ბოლომდე თუ გაძლებს, რადგან თამაში 6-7 კალათბურთელით უწევსო. გაძლო, თან, როგორ!
ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. ასეთ დროს კი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ჩაგდებულ და აცილებულ საჯარიმოს. "შსს აკადემია", გიორგი ცინცაძის წინამძღოლობით, საჯარიმო ტყორცნებისას ძალიან იშვიათად ცდება. გუშინაც შესაშური სტატისტიკა დაფიქსირდა: მატჩის მეორე ტაიმში აკადემიელებმა საჯარიმო ტყორცნა არ ააცილეს - 14 ჩააგდეს.
თუმცა გადამწყვეტი მაინც სამქულიანები აღმოჩნდა - შსს-ს კალათბურთელებმა რამდენჯერმე თავისუფლად ტყორცნის უფლება მისცეს ახალგაზრდა გიორგი ორმოცაძეს, რომელმაც სამი გაცუდებული ტყორცნის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ შორეული ორქულიანი (65:60); ხოლო "აკადემია" მიხეილ ბერიშვილის სამქულიანით სირენამდე 4 წუთით ადრე 67:65 რომ დაწინაურდა, "დინამომ" 7:0 გაქცევა მოაწყო. ლეჟავას ორ ორქულიანს რეზო დიდიამ სამქულიანი მიაყოლა და - 72:67.
დარჩენილ ორ წუთში "შსს აკადემიამ" ანგარიშის მხოლოდ მინიმუმამდე შემცირება მოახერხა, თუმცა სერიას (სამ მოგებამდეა) მაინც იგებს - 2:1.
მეოთხე მატჩი დღეს, სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.
სუპერლიგა 2014/15. ფინალი
25 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-დინამო 71:72
19:18, 19:23, 16:17, 17:14
შსს აკადემია: ბერიშვილი (10ქ, 5მ), მეტრეველი (14ქ, 9მ, 3პ), როგავა (3ქ, 3პ), ჩიკვილაძე (6ქ), ცინცაძე (23ქ, 8მ, 5პ, 4ჩ), შარაბიძე (13ქ, 9მ, 2დ), წივწივაძე (2ქ), ლომოური.
დინამო: გამყრელიძე (5ქ, 10პ, 4ჩ), ბ. ლეჟავა (15ქ, 9მ, 5პ), დიდია (18ქ, 5მ), მათიაშვილი (6ქ, 8მ), ორმოცაძე (7ქ), შერმანი (16ქ, 10მ), კოღუაშვილი, ბაბუნაშვილი (5ქ, 3პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი
ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, დღევანდელი წაგების შემთხვევაში სერია სრულდებოდა. რთულ სიტუაციაში ვართ, მარკო პოპოვიჩის შემდეგ მეორე ლიდერი ილია ლონდარიძეც გამოგვაკლდა. პრაქტიკულად, ხუთეულზე და კიდევ 1-2 მოთამაშეზე გადადის მთელი თამაში.
მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. უხერხული იქნებოდა სერიის მშრალი ანგარიშით წაგება. შევეცდებით, მეოთხე მატჩშიც ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ მეტოქეს".
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
"მივულოცავ "დინამოს" ღირსეულ გამარჯვებას. რასაც ბოლო პრესკონფერენციაზე ვშიშობდი, გამართლდა - დიდი სხვაობით მოგებული თამაშის შემდეგ დავმარცხდით. თუმცა სერია გრძელდება.
მოლოდინი და სურვილი გვქონდა, რომ დღეს დაგვემთავრებინა სერია, მაგრამ "დინამო" არ არის ის გუნდი, რომელსაც სამ თამაშს ზედიზედ მოუგებ.
დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, 18 დაკარგვა გვქონდა, რაც ძალიან ბევრია და დავისაჯეთ".
მეშვიდე სოხუმია
მეშვიდე ადგილისთვის მატჩების სერია "სოხუმმა" მოიგო, რომელსაც "ოლიმპთან" მესამე შეხვედრაში ლეგიონერი პელე გაუძღვა. ამერიკაში გაზრდილმა ლიბერიელმა 27 ქულას მოუყარა თავი და სოხუმელებს 77:70 მოაგებინა. მატჩი VII ადგილისთვის
25 მაისი. თბილისი, არენა
ოლიმპი-სოხუმი 70:77
23:21, 12:19, 21:23, 14:14
ოლიმპი: გუგეშაშვილი (4ქ, 3პ), კვანტალიანი (2ქ), აბულაძე (2ქ), კოკა ტომარაძე (17ქ, 4პ), ბაქრაძე (14ქ, 8მ, 4ჩ), გოგოძე (12ქ, 3პ), მირზიაშვილი (2ქ), დუიკოვიჩი (7ქ), ცირეკიძე, ნოსკოვი (12ქ, 11მ).
სოხუმი: ჩიტაშვილი (10ქ, 5პ), ჩლაიძე (14ქ, 6მ), დ. დვალიშვილი, შვანგირაძე (8ქ, 8მ, 3პ), ბააკაშვილი (6ქ), გ. რევაზაშვილი, ფერიაშვილი (2ქ), პელე (27ქ, 6მ, 3პ), ბექაური (10ქ, 14მ, 4პ, 2დ).
თუმცა ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო გადათამაშების თავიდან ასარიდებლად. წინასწარ იყო ცნობილი, რომ სუპერლიგის მეშვიდეადგილოსანი "ა" ლიგის მეორე გუნდს დაუპირისპირდებოდა, ხოლო სუპერლიგაში მერვე ადგილზე გასული - "ა" ლიგის გამარჯვებულს.
ასე და ამგვარად, გუნდები გადათამაშებაში ასე დაწყვილდნენ: "სოხუმი"-"წყალტუბო" და "ოლიმპი"-"არენა". აი, კალენდარიც:
28 მაისი
წყალტუბო-სოხუმი
არენა-ოლიმპი
30 მაისი
სოხუმი-წყალტუბო
ოლიმპი-არენა
გამარჯვებულები გამოვლინდება ორი მატჩის ჯამში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"