საკალათბურთო გუნდი "ვითა" - სუპერლიგისა და ვითიბი ლიგისკენ

AutoSharing Option
ინტერნეტსაიტ "ევრობასკეტზე" ყველა ქვეყანას საკუთარი გვერდი აქვს. მათ შორის საქართველოს. ჩვენი კალათბურთის გვერდზე რომ შეხვალთ რამდენიმე საინტერესო ამბავს აღმოაჩენთ: ბოლო ინფორმაციით ქართული პასპორტის მქონე ბენ ვუდსაიდი თურქეთის "ტურკ ტელეკომში" გადავიდა; "ვითას" შემადგენლობაში ჩაირიცხა ამერიკის "კოლეჯების" ლიგიდან დაბრუნებული ლევან შენგელია; სუპერლიგის 2014-15 წლების მონაწილე გუნდთა ჩამონათვალში "ვითასაც" ვხვდებით; სიაში არსად ჩანს "მგზავრები-არმია"...

სატრანსფერო საკითხები გასაგებია, მაგრამ "ვითასთან" დაკავშირებით არაერთი შეკითხვა ჩნდება: როგორ მოხვდა ცხრილში, როცა უმაღლესი ლიგის საგზური არ მოუპოვებია? ან რატომ არ ჩანს "მგზავრები-არმია"? მისი ადგილი ხომ არ დაიკავა "ვითამ"?

* * *
როგორც ხედავთ, კითხვა-კითხვით ლოგიკურ ჯაჭვამდე მივედით. ოღონდ, სიტუაციაში გასარკვევად "შორი გზიდან უნდა მოვუაროთ": ორიოდე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოში უნდა აღდგენილიყო საკალათბურთო გუნდი "ვითა" და ვითიბი ლიგაზე ეთამაშა.

ამ ლიგის ხელმძღვანელობა თბილისსაც სტუმრობდა და დადებითად შეხვდა ქართული კლუბის ვითიბიში ჩართვის სურვილს.

ამასობაში, ამ ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, მომავალ სეზონში ვითიბი ლიგაში სამარის "კრასნიე კრილია" აღარ ითამაშებს. ამის მიზეზად კლუბის დარბაზი სახელდება, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სხვათა შორის, სწორედ დარბაზის (სპორტის სასახლის) ზომებით მოიხიბლნენ ლიგის ხელმძღვანელები თბილისში სტუმრობისას. ოფიციალურად არსად დაწერილა, მაგრამ ლოგიკას იქით მივყავართ, რომ "კრასნიე კრილია" სწორედ "ვითამ" უნდა ჩაანაცვლოს.

დავუკავშირდით კლუბის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი მარკოიშვილს, ასევე გენერალურ მენეჯერ ლევან მიქელაძეს, რომლებმაც გვითხრეს, რომ საქმე წინ მიდის, თუმცა ვიდრე ხელშეკრულებები გაფორმდება, გუნდის შემადგენლობასა თუ სხვა საკითხებზე გადაჭრით საუბარი ნაადრევია.

ქართული დელეგაცია მოსკოვში უკვე გაემგზავრა, სადაც ვითიბი ლიგის ხელმძღვანელებს შეხვდება და ალბათ, მალე გავიგებთ - შეენაცვლება თუ არა "ვითა" "კრასნიე კრილიას".

* * *
როცა ძველი "ვითას" აღდგენა გამოცხადდა, იქვე გაჩნდა შეკითხვა: ვითიბის პარალელურად რომელ შეჯიბრებაში იასპარეზებს - ევროჩელენჯზეც და სუპერლიგაშიც?

ევროჩელენჯზე განაცხადი შეიძლება არც შეიტანოს, მაგრამ სუპერლიგაში რომ უნდა ითამაშოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აქვე ჩნდება დიდი დაბრკოლება - საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურისთვის პირველი ლიგის ექვსი გუნდი იბრძოდა, აქედან ორმა პლეი ოფი ითამაშა, თუმცა ზედა ეშელონში ვერც "წყალტუბო" ავიდა და ვერც "არენა 76".

მოკლედ, სუპერლიგაში თამაში თუ გსურს, თადარიგი ერთი წლით ადრე უნდა დაიჭირო და ლიცენზია პირველლიგელებთან ბრძოლაში მოიპოვო.

არის სხვა გამოსავალი - იქცე უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდის სამართალმემკვიდრედ. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს "ვითას" ხელმძღვანელობა და მოლაპარაკებებს "მგზავრები-არმიასთან" აწარმოებს. ოღონდ, როგორც შევიტყვეთ, არც ეს საკითხია წერტილდასმული.

* * *
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი მოვისმინოთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძის მოსაზრება. საინტერესოა, როგორ უყურებს იგი "ვითას" ვითიბი ლიგაზე თამაშს:

"ქართული კალათბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ჩვენს გუნდებს საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდეთ. ვითიბი ლიგაზე სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და ჩვენი წარმომადგენლის ჩართვა უთუოდ დადებითი მოვლენა იქნება.

თუმცა ასეთ პროექტს დიდი ფინანსები სჭირდება, უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი, ძლიერი გუნდი, რომ საქართველოს ღირსება სათანადოდ დაიცვას".

მიხეილ გაბრიჩიძეს ისიც ვკითხეთ, თუ არის შესაძლებელი კალათბურთის ფედერაციამ გამონაკლისი დაუშვას და საერთაშორისო ლიგაზე მონაწილე გუნდი უკონკურსოდ ჩართოს სუპერლიგაში.

"ჩვენი დებულების მიხედვით უმაღლეს ლიგაში მოხვედრას სჭირდება ჯერ პირველი ლიგის ბარიერის, შემდეგ პლეი ოფის დაძლევა. გამონაკლისს ვერავისთვის დავუშვებთ.

ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ვითა" მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს 2014-15 წლების სუპერლიგაში, თუ რომელიმე მონაწილე გუნდის სამართალმემკვიდრედ იქცევა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გავადიდოტ სუპერლიგა წყალტუბო
ავტო
12:59 17-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული