სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ქუთაისი" სუპერლიგის 2015-2016 წლების სეზონის გამარჯვებულია! ქუთაისურმა გუნდმა ფინალურის სერიის მეხუთე მატჩში, უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა თბილისის "დინამო" და პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მიმდინარე სეზონში კი დუბლი შეასრულა, ქორქია-საკანდელიძის სახელობის თასის მოგების შემდეგ სანუკვარ ტიტულსაც დაეუფლა. მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა პირობა შეასრულა, ქუთაისში იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემპიონობა მოვიპოვოთო - ამბობდა ქუთაისელთა დამრიგებელი და ტიტულის მოგება პირველივე სეზონში მოახერხა.

მცირე ჩავარდნებს თუ არ ჩავთვლით "ქუთაისმა" მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ეს სიხარული ნამდვილად დაიმსახურა... დაიმსახურა თუნდაც იმიტომ, რომ რიონისპირა ქალაქში გულშემატკივრებს საკალათბურთო
მატჩები დღესასწაულად ჰქონდათ ქცეული, ძნელია ისეთი შეხვედრა გაიხსენო, როცა დარბაზი ბოლომდე არ იყო შევსებული.

ცალკე თემაა გუნდის მიმართ ქალაქის თავკაცების დამოკიდებულება, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ხელმძღვანელი პირები მთელი სეზონის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან საშინაო და გასვლით შეხვედრას ესწრებოდნენ და კალათბურთელებს ყურადღებას არ აკლებდნენ. შემთხვევითი არ იყო, რომ ჩემპიონი გუნდის დაჯილდოების პატივი სწორედ ქუთაისის მერს ერგო...

სიტყვებით რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რაც გუშინ ქუთაისის სპორტის სასახლეში ხდებოდა. დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ქუთაისელები ჩემპიონობას ზეიმობდნენ და უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. დარბაზში "არანორმალური" სიტუაცია იყო, კალათბურთელები ჩემპიონობას გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობდნენ, ხალხი იმდენად ბედნიერი იყო, პედარტებითა და ფოერვერკებით გაკვამლული დარბაზიდან, სადაც სუნთქვაც კი ჭირდა, გარეთ გასვლას არცკი ფიქრობდა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თუმცა აჯობებს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

თამაშამდე
შარშანწინდელი მწარე გამოცდილების გამო (როცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩისას, თამაშამდე ნახევარი საათით ადრე მისულს პრესლოჟაშიც აღარ დამხვდა ფეხზე დასადგომი ადგილი), ამჯერად თავიდანვე დავიჭირე თადარიგი და ქუთაისის სპორტის სასახლეს 2 საათით ადრე მივაშურე, თუმცა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ავტომობილებით გადაჭედილი დამხვდა და დარბაზიც უკვე ბოლომდე გავსებულიყო.

სპორტის სასახლის ხელმძღვანელობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პრესლოჟაში არ იყო ადრინდელივით უკონტროლო ვითარება და ჟურნალისტებს ნორმალურად მუშაობის საშუალება გვქონდა.

მოკლედ, მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე დარბაზი ბოლომდე შეივსო და ამან ზოგიერთები დააბნია კიდეც, მაგალითად, ერთ ფოტორეპორტიორს (კალათბურთის გაშუქება ხშირად არ უწევს), რომელიც სპორტის სასახლეში 17 საათისთვის მოვიდა, თამაში დაწყებული ეგონა და კითხულობდა შესვენებაა თუ რა ხდებაო?!

სუპერთამაში
ფინალური სერიის მეხუთე მატჩი სანახაობრივთან ერთად, ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხან მეორე. მატჩის სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ბოლოს დედაქალაქელებს ნერვებმა უმტყუნეს, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს, მსაჯებმა "დინამოს" მწვრთნელები ტექნიკურით დასაჯეს, რიჩარდ მათიაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში გაათანაბრა, ზაურ ფაშაევმა კი "ქუთაისი" დააწინაურა.

მატჩის დასრულებამდე 1:19 წუთით ადრე ანგარიში ისევ საყაიმო იყო 69:69, თუმცა, ფაშაევმა ზუსტი ორქულიანით მასპინძლები წინ გაიყვანა, ამას ცეკვავას ორი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა და ანგარიში 73:69 გახდა.

მაქსიმ კოვაჩევიჩმა სამქულიანი სროლით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, ის მთელი მატჩის განმავლობაში კარგად ისროდა და სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ამჯერად ბურთი კალათში ვერ მოათავსა.

"დინამოელები" შეგნებულად დაჯარიმდნენ, რომ დრო მოეგოთ და მატჩის გადარჩენის საშუალება მისცემოდათ, ფაშაევმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და "ქუთაისი" 5 ქულით დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე 32 წამი იყო დარჩენილი, თბილისელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, პირიქით ტექნიკურით დაჯარიმდნენ, ფაშაევმა და ბრიტონმაც თითო-თითო საჯარიმო სროლა გამოიყენეს და "ქუთაისმა" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა- 76:71.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ქუთაისის" ცენტრი ბექა ბექაური გახლდათ, რომელმაც 24 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ბექამ განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოიჩინა თავი, სამწამიან ზონაშიც შესანიშნავი იყო, საშუალო დისტანციიდანაც კარგად ისროდა, ერთი სამქულიანიც ჩააგდო და 19 ქულა მარტო დიდ შესვენებამდე მოაგროვა.

დასამახსოვრებელი იყო მისი დიდებული "სლემ დანქი", როცა მისი ჩატენვის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩენილმა მასპინძლებმა მდგომარეობა გამოასწორეს.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ქუთაისელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა, ერთ რამედ ღირდა მის მიერ მეორე პერიოდის ბოლო წამზე თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანი, რის შემდეგაც "ქუთაისი" დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 42:38. საბოლოოდ ფაშაევმა 18 ქულას მოუყარა თავი და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

სტუმართა რიგებში საუკეთესოები ლეგიონერები კოვაჩევიჩი და მაკალპი იყვნენ, ხორვატმა 20 ქულა ჩააგდო, მაკალპიმ 16 ქულა დააგროვა, მაგრამ "დინამო" მარცხისგან ვერ იხსნეს.

მატჩის შემდეგ
ქუთაისელებმა დიდხანს იზეიმეს გამარჯვება. ფაშაევმა ჩემპიონობის აღსანიშნავად კალათს ბადე შემოაჭრა და გუნდის კაპიტანს დავით ბარბაქაძეს გადასცა. კალათბურთელებმა და ქომაგი Green Boys-ის წევრებმა ქუთაისელთა გამარჯვების შემოქმედი კოტე ტუღუში "ააბურთავეს", შემდეგ იყო დაჯილდოების ცერემონია.

შოთა მურღულიამ ქუთაისელ კალათბურთელებს ოქროს მედლები გადასცა, ქუთაისელებმა ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი აღმართეს და გულშემატკივრებთან ერთად დიდხანს იზეიმეს.

დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. სეზონის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა კოტე ტუღუშს.

სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა "რუსთავის" ლეგიონერი ნიკოლა გაჩეშა.

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა კალათბურთელისთვის დაწესებული გელა დარსაძის სახელობის პრიზი დანამოელ ნოდარ გოგოძეს ერგო.

საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის პრიზით კი "მგზავრების" წევრი კახა ჯინჭარაძე დაჯილდოვდა.

კომენტარები
კოტე ტუღუში:
"ძალიან გამიჭირდება ეს ემოციები სიტყვებით გადმოვცე, უბედნიერესი ადამიანი ვარ, სრულიად ქუთაისს ვულოცავ ღირსეულ ჩემპიონობას, ეს თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა ვინც თავისი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. ერთმანეთის გვერდში დგომით შევძელით ამ დიდი გამარჯვების მოპოვება!"

ზაურ ფაშაევი:
"საოცარი მატჩი იყო, "დინამომ" კარგად ითამაშა და ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის, მათი დიდი დამსახურებაა, რომ ჩემპიონები გავხდით."

გიორგი ცეკვავა:
"ვულოცავ ყველა ქუთაისელს გამარჯვებას, დიდებული მატჩი იყო, მართლაც რომ სუპერფინალი, "დინამომ" კარგად ითამაშა, მაგრამ დღეს ჩვენი დღე იყო, ვთვლი, რომ უძლიერესმა გაიმარჯვა!"

ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):
"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ვფიქრობ წლევანდელმა ჩემპიონატმა გაამართლა, რისი დაგვირგვინებაც ეს შესანიშნავი ფინალი იყო".

სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი
ქუთაისი-დინამო 76:71
22:21, 20:17, 18:23, 16:10
ქუთაისი: ბოისა (6ქ), ფაშაევი (18ქ, 6პ), ცეკვავა (11ქ), მათიაშვილი (8ქ), ბექაური (24ქ, 15მ), მიკულიჩი (2ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (2ქ), ბრიტონი (1ქ), დ. ბარბაქაძე, გ. ბარბაქაძე.
დინამო: შარაბიძე (7ქ, 7მ), ბერიშვილი (13ქ, 6პ), გოგოძე (2ქ), მაკალპი (16ქ, 6პ), კოვაჩევიჩი (20ქ), ბაქარაძე, ლონდარიძე (10ქ), შვანგირაძე (3ქ), ზაქრაძე.
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისმა იცის სპორტის ფასი. თუ კარგად მახსოვს მხოლოდ ქუთაისში შევსებულა ფეხბურთის სტადიონი ბოლომდე ეროვნულ ჩემპიონატში. თუ ქუთაისლები უყურებენ რომ სპორტსმენები მონდომებულები არიან, აუცილებლად გვერდში უდგანან თავის გუნდს. ფეხბურთშიდაც ქუთაისს ისეთი გუნდი რომ ყავდეს რომ შეეძლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა, იქაც მთელი სტადიონი გაივსება დარწმუნებული ვარ. ვულოცავ კალათბურთელებს და წარმატებებს ვუსურვებ!!!
დათო
03:03 28-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული