სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...

AutoSharing Option
სუპერლიგის მესამე ტურში "ქუთაისმა", "ბათუმმა", "ოლიმპმა" და "დინამომ" სტუმრად ითამაშეს. "ოლიმპისა" და "დინამოს" სტუმრობა ფორმალობა იყო, რადგან საშინაო მატჩებსაც სპორტის ახალ სასახლეში მართავენ, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით - ოთხივე სტუმარმა გაიმარჯვა.

ფავორიტთა დუელი რუსთავში შედგა, სადაც იმერლებმა იმარჯვეს და მესამე ტურის შემდეგ სუპერლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი დარჩა - "დინამო".

28 ოქტომბერი, რუსთავი
რუსთავი-ქუთაისი 77:78
15:23, 17:26, 26:25, 19:14
რუსთავი: ხმელიძე (2ქ), ქიტოშვილი, ლი (17ქ, 5ჩ), ჩაჩანიძე (12ქ, 5პ), ათუაშვილი (10ქ, 7მ), კასპერბაუერი (15ქ, 4პ), გოგობერიშვილი (5ქ), სპანოლო (16ქ, 8მ).
ქუთაისი:
ბოისა (9ქ), ცეკვავა (7ქ, 6მ, 3პ), ფაშაევი (8ქ 6პ), ბაბუნაშვილი, ქადარია (8ქ, 6მ), ცინცაძე (17ქ, 9მ, 10პ), გ. ბარბაქაძე (20ქ, 6მ), ლომოური (10ქ), ბექაური (9ქ, 8მ).

გადამწყვეტი. მეორე პერიოდის სტარტზე "ქუთაისი" 13:2 გაიქცა. პირველი მეოთხედის ანგარიშს (15:23) სპურტის ქულები რომ მივამატოთ, იმერელთა სასარგებლოდ 36:17-ს მივიღებთ. საყურადღებოა, რომ 13-დან 9 ქულა გიგი ბარბაქაძემ ჩაიწერა. 36-ე ქულა გიგიმ გიორგი ცინცაძის პასით ჩააგდო, რომელსაც იმ მომენტისთვის უკვე 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ისეთი გამოცდილი გუნდი, როგორიც "ქუთაისია", მსგავს უპირატესობას ხელიდან რომ არ გაუშვებდა, წინასწარ ცხადი იყო.

სტატისტიკა არ ტყუის. იმერლებმა მეტოქეს ფარქვეშ აშკარად აჯობეს: ბურთი 53-ჯერ მოუხსნეს (რუსთაველებმა 30-ჯერ),სამწამიანი ზონიდან 42 ქულა ჩააგდეს (მასპინძლებმა - 22). ასეთ დროს ერთი გამოსავალი რჩება - სამქულიანები. ქვემოქართლელებმა ამ კომპონენტში მართლაც იყოჩაღეს, 14 სამიანი ჩააგდეს, მაგრამ თხა თხაზე ნაკლების პრინციპით, "ქუთაისმა" 11 შორეული ტყორცნა გამოიყენა და არც აქ დაუთმო უპირატესობა მასპინძლებს.

გამორჩეული. გიგი ბარბაქაძემ 20 ქულა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირიც გახდა, გიორგი ცინცაძეს კი არა მხოლოდ მატჩის, ტურის საუკეთესოობის პრეტენზია უნდა ჰქონდეს - სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა: 17 ქულა, 10 პასი, 9 მოხსნა.

29 ოქტომბერი, თბილისი
კაკტუსი-ბათუმი 67:90
16:19, 10:18, 24:29, 17:24
კაკტუსი: ხუციშვილი, უაითი (8ქ, 3პ), ჩიკვილაძე (8ქ, 4პ), ჩლაიძე (4ქ, 5მ), ლოლიშვილი (2ქ, 3პ), ბრიჯმენი (21ქ, 8მ, 4დ), ტატუნაშვილი, ბააკაშვილი, ლომიძე (7ქ), ფლორვეუსი (17ქ, 16მ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (18ქ, 9მ, 5პ), ლეჟავა (12ქ, 5პ), ლ. რევაზაშვილი (7ქ, 6მ), თენიეშვილი (5ქ), ელიაძე (2ქ), კრივცოვი (10ქ, 5მ), რამიშვილი (1ქ), მაისურაძე (2ქ), შემოსიუკი (23ქ, 6მ, 5პ), პელჩერი (10ქ, 12მ, 3პ), მ. რევაზაშვილი.

გადამწყვეტი. მესამე პერიოდის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე "ბათუმი" 10 ქულით იგებდა, როცა კრივცოვის ორქულიანს ლეჟავამ ორი სამიანი მიაყოლა და ბათუმელები სარკისებურად დააწინაურა - 53:35. თუმცა, ამ მატჩში გადამწყვეტი ზღვისპირელთა სტაბილური თამაში იყო, პირველიდან ბოლო წუთამდე.

სტატისტიკა არ ტყუის. ამჯერადაც მოხსნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აკი ნათქვამია: ვინც იგებს ფარს, ის იგებს თამაშსო. ჰოდა, "ბათუმს" სამწამიანში დიდი უპირატესობა ჰქონდა: მოხსნებში 52:38, ფარქვეშიდან ჩაგდებულ ქულებში 48:24.

გამორჩეული. ბათუმელმა ილია შემოსიუკმა მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა: 5/5 ორქულიანი, 6/4 სამიანი, 2/1 საჯარიმო, 23 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.

მატჩის მიწურულს უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა: ერთმანეთს არასპორტულად დაუპირისპირდნენ ბათუმელი ნიკა რამიშვილი და კაკტუსელი ტაილერ უაითი. ამ მოთამაშეებს და ასევე მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულ ბათუმელ ნოდარ თენიეშვილს მსაჯებმა დისკვალიფიკაცია მისცეს. რამდენ თამაშს გამოტოვებენ ისინი, ამას კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

29 ოქტომბერი, თბილისი
სოხუმი-დინამო 76:111
23:21, 23:25, 15:27, 15:38
სოხუმი: მილერი (18ქ, 7მ, 4პ), კვეტენაძე, კოკა ტომარაძე (9ქ), ბოქოლიშვილი (11ქ, 5პ), ზაქრაძე (4ქ), ჯგერენაია (3ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (11ქ, 3პ), ლათანი (11ქ, 5მ, 3პ), რიხლიუკი (9ქ, 5მ, 3პ), ბულიავა.
დინამო: ვონი (15ქ, 3პ), ღურწკაია (2ქ), ლონდარიძე (11ქ, 6მ), მაჩალაძე (8ქ, 6მ), ფაცაცია (10ქ, 7მ, 4პ), ჭოჭუა (27ქ), მარავიჩი (11ქ, 9მ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (8ქ, 8მ), გოგოძე (16ქ, 5პ).

გადამწყვეტი. "დინამომ" მეოთხე პერიოდი 38:15 მოიგო. მატჩის ბედი კი ბოლო რაუნდის საწყის წუთებზე გადაწყვიტა, როცა 19:3 გაქცევა მოაწყო...

სტატისტიკა არ ტყუის. 40 წუთის განმავლობაში დინამოელებმა 24-ით მეტი ტყორცნა შეასრულეს (110:86), სროლის სიზუსტეც უკეთესი ჰქონდათ, თამაშიდან 34 ტყორცნა გამოიყენეს ("სოხუმმა" 28). ხოლო საჯარიმოები მასპინძლებმა კატასტროფულად ისროლეს - 21-დან 12 ჩააგდეს...

გამორჩეული. ტურის ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა, რომელმაც 27 წუთში 27 ქულას მოუყარა თავი - 14-დან 9 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო.

ბოლო პერიოდში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს "სოხუმის" დამრიგებელი ნუგზარ ჭეიშვილი, რომელმაც 2 ტექნიკური მიიღო.

- "დინამო" სერიოზული გუნდია, თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებია "სოხუმიც". შეხვედრის პირველ ნახევარში დალაგებული თამაში ვაჩვენეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ტექნიკური ჯარიმის გამო გუნდის დატოვება მომიწია. თამაშიც აირია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დამატოვებინეს სათადარიგოთა სკამი მსაჯებმა, სრულიად დაუმსახურებლად მომცეს ორი ტექნიკური შენიშვნა.

დასანანი მარცხი განვიცადეთ, თუმცა შემდეგ მატჩებზე უფრო მობილიზებულები გამოვალთ. დროა ჩვენი თამაში ვუჩვენოთ, - განაცხადა ნუგზარ ჭეიშვილმა.

29 ოქტომბერი, თბილისი
მგზავრები-ოლიმპი 49:88
8:17, 13:28, 15:20, 13:23
მგზავრები: ფხაკაძე (14ქ, 5მ, 4ჩ), საური, გაგუა (3ქ), მაჭავარიანი, ცირეკიძე (1ქ), წივწივაძე (11ქ, 3პ), ლომინაშვილი (8ქ, 5მ), ტურძელაძე (4ქ, 5მ), ქავთარაძე (6ქ), რეინოლდსი (2ქ, 7მ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (2ქ, 4პ), ბარნეტი (26ქ, 14მ), ბოლქვაძე (12ქ), როგავა (11ქ, 6პ), გიორგი ბაქრაძე (8ქ, 12მ, 3დ), მიქელაძე (1ქ, 5მ, 5პ), კახა ტომარაძე (14ქ), ნ. ბაქრაძე (5ქ, 5მ), მასხულია (9ქ, 9მ, 3პ), გუგეშაშვილი.

გადამწყვეტი. მატჩის მეექვსე წუთზე ანგარიში "უწყინარი" იყო - "ოლიმპი" 12:8-ს იგებდა. ზუსტად 11 წუთში კი ტაბლოზე 13:40 დაეწერა, "ოლიმპის" კალათბურთელებმა 28:5 სპურტი მოაწყვეს და მეორე ტაიმს ფორმალური სახე მისცეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "ოლიმპს" თითქმის ყველა მთავარ კომპონენტში დიდი უპირატესობა ჰქონდა: პასები - 25:10, რეალიზებული ორქულიანები - 26:10, მოხსნები - 60:39, სამწამიანიდან მოგროვილი ქულები - 50:12, სათადარიგოების ქულები 28:8.

გამორჩეული. ოლიმპის ამერიკელი ლეგიონერი ტრე ბარნეტი ყველგან იყო - სამქულიანებიც ჩააგდო, მოხსნა-ქულებით ორმაგი დუბლიც მიითვალა: 25 წუთი, 26 ქულა (11/8 ორქულიანი, 2/2 სამიანი, 8/4 საჯარიმო), 14 მოხსნა, 2 პასი.

- ტრავმების გამო 2 ლეგიონერი - მერფი და კალები გვაკლდა. რაც შეეხება ფოსტერს, მას ისეთი ტრავმა აღმოაჩნდა, რომლის რეაბილიტაციასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ის სხვა ლეგიონერით ჩაგვენაცვლებინა, რომელიც ჩვენს გუნდს მალე შემოუერთდება. "მგზავრები" ისეთი გუნდი არ იქნება, როგორიც შაბათს მაყურებელმა იხილა. ლეგიონერების ტრავმებმა დაკომპლექტებულ გუნდზე, ცხადია, უარყოფითად იმოქმედა. სუპერლიგაში მაღალი შედეგისთვის ვიბრძოლებთ, - განაცხადა "მგზავრების" მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა.

- მეტოქეს 2 ლეგიონერი აკლდა, თუმცა ჩვენც 1 უცხოელით ვთამაშობდით. ჩემპიონატში 2 წაგება გვქონდა და ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. მომავალ ტურში ქუთაისში გველის რთული შეხვედრა და ამ მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, - ეს "ოლიმპის" მწვრთნელის, დავით როგავას სიტყვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული