სუპერლიგა 2016/17. VI ტური: როდესაც ერთი ტყორცნა გაკლდება...

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტური "ბათუმისა" და "სოხუმის" ეფექტური მატჩით გაიხსნა და ასეთივე საინტერესო შეხვედრებით გაგრძელდა. ეს ის დღე იყო, როდესაც ბოლო წამებზე ჩაგდებული ან აცილებული ტყორცნა გუნდის ბედს ცვლიდა...

20 ნოემბერი, თბილისი
სოხუმი-ბათუმი 90:91
18:34, 23:24, 23:11, 26:22
სოხუმი: მილერი (29ქ, 4პ), კვეტენაძე, ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (6ქ), ჯგერენაია (9ქ, 9მ, 5ჩ), დ. ბარბაქაძე (2ქ), ლათანი (25ქ, 10მ, 8პ), ბულიავა (19ქ, 8მ), ზაბირჩენკო (3პ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (27ქ, 5მ), ლეჟავა (8ქ, 6პ), ლ. რევაზაშვილი (4ქ), თენიეშვილი (4ქ, 3პ), კრივცოვი (16ქ, 7მ), რამიშვილი (1ქ), მაისურაძე,
შემოსიუკი (13ქ, 13მ, 3პ), ფელჩერი (18ქ, 8მ, 6პ, 5დ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

გადამწყვეტი. ბათუმელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს, პირველი მეოთხედი 34:18 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდის დასაწყისში კრივცოვის ორქულიანით 19-ქულიანი ფორა მოიპოვეს (40:21). თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, ბათუმელები ასეთი უპირატესობის ხელიდან გამშვებნი არ ჩანდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებმა მეორე ტაიმში სულ სხვა კალათბურთი ითამაშეს, ანგარიშში სხვაობასაც ნელ-ნელა ამცირებდნენ და საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ლათანის ორქულიანით 90:89-ით დაწინაურდნენ.

...თუმცა ბათუმელმა ფელჩერმა სწრაფი ორქულიანი ჩაუგდო და სოხუმელებს თამაშის გადასარჩენად 6 წამი დარჩათ. ბურთი ახალწვეულმა, უკრაინის ნაკრების გამთამაშებელმა ზაბირჩენკომ მიიღო, სამქულიანი სტყორცნა, მაგრამ ვერც ბურთმა მიაღწია მიზანს და ვერც "სოხუმმა".

სტატისტიკა არ ტყუის. ამ შემთხვევაში, მშრალი სტატისტიკის გაცნობას ემოციური თამაშის ყურება სჯობდა, მაგრამ რიცხვები შეხვედრის სურათზე გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის: "სოხუმმა" 35 სამქულიანი ისროლა (11 ჩააგდო), ხოლო "ბათუმმა" - 16 სამიანი (8 გამოიყენა). აჭარლებმა ფარქვეშიდან გაცილებით მეტი ჩააგდეს - 38 ქულა, "სოხუმმა" - 22.

გამორჩეული. "სოხუმს" ნომინალური ცენტრის გარეშე თამაშის სიმძიმე მეტ-ნაკლებად დუეინ ლათანმა შეუმსუბუქა, რომელმაც კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა: 25 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი. მისმა თანაგუნდელმა ფილიპ მილერმა 12-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 29 ქულამდე ავიდა. ბათუმელთაგან კი სნაიპერობა კახა ჯინჭარაძემ იკისრა - 27 ქულა, რომელსაც მშვენიერი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა: 7/8 ორქულიანი, 3/4 სამიანი, 4/6 საჯარიმო. 5 დაფარება, 6 პასი, 8 მოხსნა, 18 ქულა - კრის ფელჩერის მონაგარია.

20 ნოემბერი, თბილისი
მგზავრები-ქუთაისი 72:76
13:19, 23:10, 17:21, 19:26
მგზავრები: ფხაკაძე (5ქ, 3პ), პიტერსი (3ქ, 5მ), ცირეკიძე (4ქ, 3მ), წივწივაძე (8ქ, 6მ, 5პ), ლომინაშვილი (20ქ, 6მ), ტურძელაძე (7ქ, 6მ), ქავთარაძე, ტეილორი (19ქ, 9მ), მერფი (12ქ, 3პ, 5მ, 2დ).
ქუთაისი: ჭეიშვილი, ბოისა (9ქ, 6მ), ცეკვავა, ფაშაევი (15ქ, 5პ), ბაბუნაშვილი, ქადარია (6ქ), ცინცაძე (18ქ, 8პ), გ. ბარბაქაძე, ლომოური (14ქ), ტუბაკი (4ქ), ბექაური (10ქ, 5მ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

გადამწყვეტი. "ქუთაისი" ჩემპიონია, ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. თამაშიც ფავორიტულად დაიწყო - პირველი პერიოდი 19:13 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედი ჩააგდო. უფრო სწორად, "მგზავრებმა" ითამაშეს შედეგიანად, რომლებიც პერიმეტრიდანაც სწრაფად უტევდნენ და ფარქვეშიდანაც ზუსტები იყვნენ - 15:0 გაიქცნენ და 33:24 დაწინაურდნენ.

ბუბა ბერიშვილის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ უპირატესობა მატჩის ბოლო წუთებამდე შეინარჩუნეს. საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე "მგზავრები" 60:55-ს იგებდნენ, როცა "ქუთაისის" მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა მოედანზე გიორგი ცინცაძე დააბრუნა. "ბუმ" თამაშის მსვლელობა შეცვალა - პასები, საჯარიმოები, ორქულიანები, სამიანები და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე უკვე "ქუთაისი" იგებდა 5 ქულით (70:65).

ბექა წივწივაძემ სამქულიანით "მგზავრებს" თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, თუმცა მალე ბექა ბექაურმა უპასუხა სამქულიანით. გადამწყვეტი ტყორცნა წივწივაძემ პერიმეტრიდან შეასრულა, ჩაგდება და მატჩის ოვერტაიმში გადასვლა ერთი იქნებოდა, მაგრამ...

სტატისტიკა არ ტყუის. შედარებით ახალგაზრდა "მგზავრებმა" 22 შეცდომა დაუშვეს. ეს მაშინ, როცა "ქუთაისმა" ბურთი სულ 10-ჯერ დაკარგა. ასეთი სხვაობა თამაშის შედეგზე ყოველთვის ისახება, თუმცა მგზავრებმა ეს ფარქვეშ ბრძოლით დააბალანსეს. მათ ბურთი 50-ჯერ მოხსნეს, ხოლო იმერლებმა - 33-ჯერ.

გამორჩეული. ბევრი იშრომა ქუთაისის მკვიდრმა "მგზავრმა" ავთო ლომინაშვილმა, 20 ქულამდე ავიდა, თუმცა მას მატჩის საუკეთესოობა გიორგი ცინცაძემ აართვა - 18 ქულა, 8 პასი.

20 ნოემბერი, თბილისი
დინამო-რუსთავი 86:63
17:16, 27:6, 21:19, 21:22
დინამო: ვონი (11ქ. 5პ), გრძელიძე (3პ), ღურწკაია (2ქ), ლონდარიძე (16ქ, 7მ, 3პ), მაჩალაძე (7ქ), ფაცაცია (6ქ, 7მ, 4პ), ჭოჭუა (2ქ, 5მ), მარავიჩი (6ქ, 5მ), გ. რევაზაშვილი (14ქ, 6მ), ბერიშვილი (11ქ, 5მ, 4პ), გოგოძე (11ქ).
რუსთავი: ხმელიძე (6ქ), ჰილი (4ქ), ქიტოშვილი (3პ), ლორთქიფანიძე (8ქ), ლი (4ქ, 5მ, 4პ), ჩაჩანიძე (3ქ), ათუაშვილი (9ქ, 2დ), კასპერბაუერი (5ქ), გოგობერიშვილი (16ქ), გუგავა, სპანოლო (8ქ), ურიდია.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

გადამწყვეტი. მეორე პერიოდი რუსთაველმა სერგო ათუაშვილმა ორქულიანით გახსნა და თავისი გუნდი 18:17 დააწინაურა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ განამტკიცა "დინამომ" დაცვა და 21:2 გაქცევა მოაწყო - 39:20. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სწორედ ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა თამაშის ბედი.

სტატისტიკა არ ტყუის. რეალიზებულ ორქულიანებში სხვაობა კოლოსალური გახლდათ: დინამოელებმა 58 სტყორცნეს და 31 ჩააგდეს, ხოლო რუსთაველებმა 30-დან 14. თბილისელებმა მოხსნებშიც ასევე იმარჯვეს - 45:25.

გამორჩეული. "დინამოდან" ვინმეს გამორჩევა რთულია, გუნდმა მოიგო გუნდური თამაშით.

20 ნოემბერი, თბილისი
ოლიმპი-კაკტუსი 81:82
20:23, 21:19, 23:18, 17:22
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (6ქ), ბურნეთი (7ქ, 10მ, 3პ), როგავა (19ქ, 5პ), გეგი ბაქრაძე (8ქ, 5მ), მიქელაძე (10ქ, 5პ), კახა ტომარაძე (8ქ), მასხულია (11ქ, 5მ, 3პ), პიჩფორდი (12ქ).
კაკტუსი: უაითი (10ქ, 5მ, 5პ), ჩიკვილაძე (14ქ), ჩლაიძე (24ქ), ლოლიშვილი (3ქ), ტატუნაშვილი, ბააკაშვილი (5ქ, 4პ), ლომიძე (9ქ, 11მ), ფლოვიესი (17ქ, 12მ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი, დ. ბერეკაშვილი.

გადამწყვეტი. თანაბარძალოვანი გუნდების მატჩში გამარჯვებულის ბედი ბოლო წამს გაირკვა. "კაკტუსის" 6-ქულიანი უპირატესობა როგავას და მიქელაძის სიზუსტით "ოლიმპმა" საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე გააბათილა - 81:81. თუმცა საპასუხო შეტევაში მასხულია ჩიკვილაძეს გამოედო და მსაჯებმა "კაკტუსს" ჯარიმების ტყორცნის უფლება მისცეს. ბექა ჩიკვილაძემ მეორე ჩააგდო და თანაგუნდელებს მინიმალურად გაამარჯვებინა.

სტატისტიკა არ ტყუის. "ოლიმპმა" ფარქვეშიდან მეტოქეზე 14-ით მეტი ქულა მიითვალა, სამაგიეროდ, პერიმეტრიდან გაცილებით მეტი ჩააგდეს კაკტუსელებმა. მათ 13 სამიანი გამოიყენეს, საკუთარ კალათში კი 9 სამიანი მიიღეს.

გამორჩეული. როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა სამქულიანებმა იქონია. ამ კომპონენტში კი გამორჩეული ექსსოხუმელი ირაკლი ჩლაიძე იყო. მან 12-დან 6 სამიანი გამოიყენა და 24 ქულას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული