2 დეკემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-კაკტუსი 93:82
24:17, 20:18, 32:22, 17:25
ქუთაისი: ბოისა, ცეკვავა (5ქ), ქადარია (6ქ, 6მ), ცინცაძე (7ქ, 7მ), ბექაური (23ქ, 13მ), წივწივაძე (2ქ), ფაშაევი (11ქ), ბაბუნაშვილი (5ქ), გ. ბარბაქაძე (19ქ), ლომოური (15ქ).
კაკტუსი: უაითი (8ქ, 7პ), ჩიკვილაძე (28ქ, 6მ), ბააკაშვილი (4ქ), დ. ლომიძე (21ქ, 9მ), ფლოვიესი (13ქ, 12მ), ლ. ლოლიშვილი (3ქ), ნ. ლოლიშვილი, ნ. ლომიძე (5ქ)
მსაჯები: დ. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი
ქომაგობა და ემოციები. წინა ტურში
მატჩის დასრულებისთანავე გულშემატკივრებთან კალათბურთელებიც გავიდნენ და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ბოლოს ფანკლუბის წევრები შეძახილებით დარბაზში შემოვიდნენ და გუნდის წევრებთან ერთად იზეიმეს გამარჯვება.
გადამწყვეტი. პირველივე ტურში მარცხის გამო "ქუთაისი" "კაკტუსთან" რევანშისთვის იყო განწყობილი და შეხვედრა თავიდანვე მობილიზებით დაიწყო. ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ და თანდათან ზრდიდნენ ანგარიშს. დიდ შესვენებაზე ისინი 9-ქულიანი უპირატესობით (44:35) გავიდნენ. მესამე პერიოდში გიგი ბარბაქაძის შესანიშნავი თამაშის შედეგად მასპინძლები 17 ქულით დაწინაურდნენ, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
"კაკტუსი" ბევრს ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ასეთი სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. მესამე პერიოდის მიმდინარეობისას ძაბვის ვარდნის გამო თამაში 2 წუთით შეწყდა. მატჩის განახლების შემდეგ სტუმრებმა 9 ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ისევ მასპინძელთა ხელში გადავიდა.
კარგად ჩაერთო თამაშში აკაკი ლომოური, კვლავ ნაყოფიერად თამაშობდნენ ბექა ბექაური და გიგი ბარბაქაძე. შედეგად "ქუთაისმა" მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (84:63) და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. ერთი ეგაა, ქუთაისელებმა ბოლო წუთზე თავს მოდუნების უფლება მისცეს და მეტოქემაც შეძლო შედარებით "საბრძოლო" ანგარიშის დაფიქსირება.
სტატისტიკა არ ტყუის. მასპინძლებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს. ქუთაისელებმა 24 ორქულიანი ჩააგდეს, სტუმრებმა კი - სამით ნაკლები. კოტე ტუღუშის გუნდს 3-ქულიანებში კიდევ უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდა, 12-8-ის წინააღმდეგ.
უკეთესი სტატისტიკა ჰქონდათ რიონისპირელებს მოხსნებშიც. ერთადერთი, რაშიც "კაკტუსს" დადებითი ბალანსი აღმოაჩნდა, საჯარიმო სროლები იყო. თბილისელებმა 22-დან 16 საჯარიმო ჩააგდეს, მასპინძლებმა კი 13 ისროლეს და კალათში 9 მოათავსეს. ისიც აღსანიშნავია, რომ "კაკტუსმა" სტატისტიკა მას შემდეგ გაიუმჯობესა, როცა "ქუთაისი" 21 ქულით იგებდა და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი იყო.
გამორჩეული. გამარჯვებული გუნდიდან სამი კალათბურთელი უნდა გამოვარჩიოთ: ბექა ბექაური, გიგი ბარბაქაძე და აკაკი ლომოური.
ბექაური შეუდარებელი იყო სამწამიან ზონაში, მთელი თამაში სტაბილურად ჩაატარა და ქუთაისელთა რიგებში ყველაზე შედეგიანად გაისარჯა - 23 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ცოტა გვიან "აიწყვიტეს" ბარბაქაძემ და ლომოურმა, მაგრამ მათი შედეგიანი სროლები დროული და გადამწყვეტი გამოდგა.
ბარბაქაძე საკუთარ გუნდს 19 ქულით შეეწია, ლომოურმა კი აქტივში 15 ქულა ჩაიწერა. სტუმართა შორის საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე იყო, 28 ქულით სწორედ ის გახდა მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი. 21 ქულა დააგროვა დავით ლომიძემ, 13 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯონ ფლოვიესმა.
დავით კოხრეიძე ქუთაისიდან
2 დეკემბერი, ბათუმი
ბათუმი-მგზავრები 81:66
17:16, 22:13, 21:19, 21:18
ბათუმი: ჯინჭარაძე (7ქ), ლეჟავა (8ქ), ლ. რევაზაშვილი (7ქ), ჩხაიძე (2ქ), ელიაძე (7ქ), კრივცოვი (16ქ, 5მ, 2დ), რამიშვილი (3ქ), მაისურაძე, შემოსიუკი (19ქ, 8მ, 4პ, 3ჩ), ფელჩერი (10ქ, 8მ, 5პ, 5დ), მ. რევაზაშვილი (2ქ).
მგზავრები: ფხაკაძე (14ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), პიტერსი (6ქ, 5პ, 3ჩ), კრეიტონი (10ქ), ცირეკიძე (3ქ), წივწივაძე (7ქ, 3პ), ლომინაშვილი (5ქ), ტურძელაძე (5ქ, 2დ), ტეილორი (3ქ, 7მ, 3პ), მერფი (13ქ, 12მ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
გადამწყვეტი. მეორე პერიოდი "ბათუმმა" 22:13 მოიგო, თუმცა მესამეში "მგზავრები" მალევე წამოეწივნენ და 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც რეალური ჩანდა, თუმცა, იყო ეპიზოდი, როცა ზღვისპირელები 7:0 გაიქცნენ და მას მერე იმდენად სტაბილურად ითამაშეს, თბილისელებისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი აღარ მიუციათ.
ზემოთ გადამწყვეტი ეპიზოდი რომ ვახსენეთ, მატჩის 24-25-ე წუთებზე იყო. "მგზავრები" მასპინძლებს 36:41 ჩამორჩებოდნენ, როცა 7:0 სპურტი შემოსიუკმა სამქულიანით დაასრულა და სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა.
სტატისტიკა არ ტყუის. ცოტა გასაკვირია, მაგრამ კომპონენტთა უმეტესობაში "ბათუმს" "მგზავრებმა" აჯობა: მოხსნებში 46:41, რეალიზებულ ორქულიანებში 23:22, ჩაჭრებში 14:10, ფარქვეშიდან ჩაგდებულ ქულებში 42:34, შეცდომაც ერთით ნაკლები ჰქონდათ თბილისელებს - 17:18.
"მგზავრებმა" 3-ქულიანები სტყორცნეს 13-პროცენტიანი სიზუსტით. აჭარლებმა მეტოქეზე სამით მეტი სამიანი და 8-ით მეტი საჯარიმო ჩააგდეს, რაც ჯამში 17 ქულაა. მატჩი კი "ბათუმის" 15-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 81:55.
გამორჩეული. ბათუმის უკრაინელმა ლეგიონერმა ილია შემოსიუკმა 5-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამაინი, 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მისი მოედანზე ყოფნისას გუნდი 15 ქულით დაწინაურდა.
ნამატჩევს
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
- თავიდანვე ჩვენი უპირატესობით დაიწყო შეხვედრა, თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით და შედეგით კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ ასპარეზობას. ვეცდებით, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ დაცვაში, მაგრამ სათანადოდ ვერ ვიასპარეზეთ შეტევაში, რაც სტატისტიკაზეც აისახა. არც იღბალი იყო ჩვენს მხარეს. მომავალი მატჩებისთვის უკეთ მოვემზადებით და ვეცდებით, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.
3 დეკემბერი, თბილისი
ოლიმპი-დინამო 75:83
20:21, 11:16, 21:24, 23:22
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (7ქ), ბარნეთი (10ქ, 8მ), ბოლქვაძე, როგავა (16ქ, 3პ, 3ჩ), გეგი ბაქრაძე (13ქ, 7მ), მიქელაძე (6ქ, 4პ), კახა ტომარაძე (4ქ, 7მ), მასხულია (14ქ, 6მ), პიჩფორდი (5ქ, 7მ, 2დ).
დინამო: ვონი (7ქ, 7პ), გრძელიძე, ღურწკაია, ლონდარიძე (24ქ, 13მ), მაჩალაძე (1ქ), ფაცაცია (5ქ, 7მ, 3დ), ჭოჭუა (9ქ, 3პ), მარავიჩი (8ქ, 3პ), ბერიშვილი (18ქ, 8პ), გოგოძე (11ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.
გადამწყვეტი. გადახედეთ მეოთხედების ანგარიშს. მთელი თამაში "დინამო" მცირედით, მაგრამ სტაბილურად ლიდერობდა, თუმცა კომფორტული უპირატესობის მოპოვების უფლებას მას "ოლიმპი" არ აძლევდა. ჰოდა, ასე მოხდა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრეც: ირაკლი მიქელაძის საჯარიმოებით ოლიმპელებმა სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. ეს ის სხვაობა არ არის, რომლის აღმოფხვრა 3 წუთში არ შეიძლებოდეს, მაგრამ როდესაც "დინამოს" ეთამაშები, საქმე ერთიორად რთულდება.
სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ ჩააგდო 4 ქულა ილია ლონდარიძემ, ლევან ფაცაციამ ერთი საჯარიმოც მიამატა და - 79:68 სირენამდე 2 წუთით ადრე...
სტატისტიკა არ ტყუის. ეს ის შემთხვევაა, სტატისტიკის მიხედვით დასკვნების გამოტანა რომ არ შეიძლება. მხოლოდ შეცდომებზე გავამახვილებთ ყურადღებას. "ოლიმპმა" 17-ჯერ დაკარგა ბურთი, "დინამომ" - 15-ჯერ. გუნდების დაცვას უნდა დავაბრალოთ, რომ შეცდომებიდან მეტოქეებმა ნაკლებად იხეირეს. "ოლიმპმა" მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგად 13 ქულა ჩააგდო, "დინამომ" - 12 ქულა.
გამორჩეული. "დინამოს" მერვე გამარჯვება მატჩის ოქმმაც რვიანებით აღნიშნა: მიშა ბერიშვილმა 18 ქულა და 8 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ბომბარდირი ილია ლონდარიძე გახდა - 24 ქულა, 13 მოხსნა. მან 16-დან 8 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
ნამატჩევს
ლეონიდ ივატინი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
- თამაშის მსვლელობისას, წუთშესვენებებზე და მეოთხედებს შორის - ჩვენ ვამბობდით ერთს, რომ ტრანზიცია გამოგვსვლოდა, რაც დაცვაში დროულ დაბრუნებას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ეს ვერ მოვახერხეთ. მეტოქე სწრაფი შეტევებისას რიცხობრივ უმრავლესობაში იყო და წაგების მთავარი მიზეზიც ესაა.
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა ძალიან უკმაყოფილო ვარ. ამ მატჩში თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა პრობლემამ, ყურადღება მოვადუნეთ. მეტი კონცენტრაცია გვმართებს, წინ დიდი ბრძოლები გველის.
* * *
ამ ტურში ერთმანეთს "რუსთავი" და "სოხუმიც" უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ გადაიდო. მიზეზი საპატიოა: რუსთაველთა სასტარტო ხუთეულის წევრი გიგი გოგობერიშვილი 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალგაზრდულ ლიგაზე საასპარეზოდ გაემგზავრა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"