[ექსკლუზივი] "დიდი ალბათობით, ზუროსთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ"

AutoSharing Option
დასრულდა საკლუბო სეზონი და იწყება სანაკრებო. ეროვნული გუნდი ემზადება ევრობასკეტისთვის და ასევე იცის მსოფლიოს თასის შესარჩევზე მეტოქეების ვინაობა. ქართველები და ევროტურნირები...

ვეწვიეთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს, რომელთანაც ბევრ საჭირბოროტო თემაზე ვისაუბრეთ. უახლესი ამბით დავიწყეთ, ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობით.

- დიდი მიღწევაა ქართული სპორტისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში ზაზას გამარჯვება ქვეყნის იმიჯზეც და კალათბურთზეც დადებითად იმოქმედებს. ფაჩულია აქამდეც სამაგალითო იყო ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და ამიერიდან მისი კარიერა კიდევ უფრო მისაბაძი გახდება. ზაზამ ყველას უჩვენა, დაუღალავი შრომით, მოთმინებით და თავგანწირვით,
როგორ შეიძლება სპორტში ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო შედეგის მიღწევა - NBA-ის მოგება.

- ივლისიდან ფაჩულია და ნაკრების ყველა წევრი ახალი მიზნის, ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად შეიკრიბებიან...
- მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან თანამშრომლობით შევადგინეთ მოსამზადებელი ეტაპის საინტერესო გეგმა. მწვრთნელი დარწმუნებულია და ჩვენც გვჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები სათანადოდ მომზადებული შეხვდება. იქ მხოლოდ შემადგენლობა ვერაფერს გადაწყვეტს, ვერც კარგი მომზადება - უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და თუ შედეგის მიღწევა გსურს, ევრობასკეტს ყოველმხრივ წესრიგში უნდა შეხვდე. ასეთ შეჯიბრებებში, მით უმეტეს ჩვენს თანაბარ ჯგუფში, ხომ ერთ ჩაგდებულ ბურთსაც ოქროს ფასი ექნება.

- მაისის ბოლოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილის ზუროსი საქართველოს სტუმრობდა. თუ იყო მკითხველისთვის საინტერესო თემები, რაზეც ბერძენ სპეციალისტთან ისაუბრეთ?
- ზუროსმა თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ახალ ტაქტიკურ სქემებს ამზადებს. ეს კიდე უფრო გაამრავალფეროვნებს ჩვენი გუნდის თამაშს. ისიც გეცოდინებათ, რომ მან სეზონის მიმდინარეობისას ოპერაცია გაიკეთა. იმიტომ, რომ ნაკრების ვარჯიშებისთვის მწყობრში იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს კალათბურთელთა ჯანმრთელობას, ისინი თავიდანვე უნდა შეუერთდნენ გუნდს და იმუშაონ მწვრთნელის პროგრამით...

- ევრობასკეტს ორ თვეში მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი მოჰყვება. იქ ვინ გაწვრთნის ნაკრებს?
- ზუროსის კონტრაქტზე ლაპარაკი უკვე დავიწყეთ. დიდი ალბათობით, იგი თავკაცის პოსტზე ევრობასკეტის შემდეგაც დარჩება. მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ, მოგვწონს მისი მიდგომა ფუნდამენტური საკითხებისადმი. იგი პროგრესზეა ორიენტირებული და ახალგაზრდების გუნდთან შერწყმაზე სერიოზულად ფიქრობს.

- მსოფლიოს თასის შესარჩევის წილისყრაზე, ჩინეთში, მეტოქე გუნდის წარმომადგენლებს შეხვდებოდით...
- წილისყრის დაწყებამდე სერბეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დეიან ტომაშევიჩის გვერდით ვიჯექი. იგი მანამდეც ამბობდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა. ძალიან გაუხარდა ერთ ჯგუფში რომ მოვხვდით. სერბები კარგად იცნობენ ჩვენს ნაკრებს და წინასწარ დარწმუნებულები არიან, რომ ორ ქულას აქედან იოლად ვერ წაიღებენ. ტომაშევიჩთან დავიწყეთ მუშაობა თბილისური მატჩის სერბეთში გადატანაზე...

ვესაუბრეთ გერმანიის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ოლდენბურგში გვიმასპინძლებენ. დიდი დარბაზია და გულშემატკივარიც უხვად იქნებაო. გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც ვეთამაშებით. ძლიერი გუნდი ეყოლებათ, თუმცა თავადაც ფრთხილობენ, არ დაუმალავთ - საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაძლევი მეტოქე იქნებაო.

რაც შეეხება შესარჩევზე ჩვენს მესამე მეტოქეს, მისი ვინაობა საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. საკვალიფიკაციოზეც ბევრი კარგი გუნდია...

- მსოფლიოს შესარჩევის მატჩები ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში გაიმართება. თამაშებისთვის ფანჯრები რამდენდღიანი იქნება?
- 8-10-დღიანი. ამ დროში უნდა მოესწროს მომზადება და ორი მატჩის ჩატარება. წინასწარ ისიც ცნობილია, რომ შესარჩევზე NBA-ის გუნდების კალათბურთელები ვერ ითამაშებენ. მხოლოდ ივნისის მატჩებში შეეძლებათ გუნდის დახმარება, მათ, ვის კლუბსაც სეზონი დასრულებული ექნება.

- იყო ლაპარაკი, თითქოს არც ევროლიგის გუნდები გამოუშვებდნენ კალათბურთელებს ნაკრებებში.
- არაერთი განცხადება გავრცელდა, თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, ფიბა-ს აქვს ევროლიგის წერილი, რომლის მიხედვით ევროლიგა მზადაა დაიცვას ყველა სანაკრებო ფანჯარა. სადღეისოდ ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- საქართველოში გადმოვინაცვლოთ. სუპერლიგა "დინამოს"დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

- რაც მთავარია, ჩემპიონატი დასტაბილურდა. გაამართლა შეჯიბრების ფორმატმაც, რომლის მიხედვით პლეი ოფში 4 გუნდი გადის, ხოლო ბოლოადგილოსანი "ბ" ლიგაში ვარდება. სამწუხაროა, რომ რეგიონის გუნდმა დატოვა სუპერლიგა. აჭარას უმაღლეს ეშელონში თავისი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. იმედი მაქვს, განვლილი სეზონის შემდეგ ბათუმელები სწორ დასკვნებს გამოიტანენ და ახალ სეზონში ძლიერ გუნდს ვიხილავთ.

რაც შეეხება ლიდერს, ის თავიდანვე გამოიკვეთა - "დინამომ" ჩემპიონატი მაღალ დონეზე დაიწყო და ასევე დაამთავრა. ძლიერი და საინტერესო გუნდია.

გვაფიქრებს ის გუნდები, რომლებიც პროგრესზე ნაკლებად ზრუნავენ, ბევრს არაფერს აკეთებენ, რომ ფინანსები მოიზიდონ და გაძლიერდნენ. ყველა გუნდს სჭირდება კარგი მენეჯმენტი. სხვანაირად ვერ განვვითარდებით.

კალათბურთის წინსვლისთვის ასევე აუცილებელია კლუბების ევროპაში გასვლა. ძალიან გვინდა წლეულს მაინც ითამაშონ ჩვენმა გუნდებმა ევროტურნირებზე. კალათბურთის ფედერაცია მათ ყველანაირად შეუწყობს ხელს. დღეს ჩანს პერსპექტივა, რომ 2017-18 წლების საკლუბო სეზონი ქართული გუნდებით დაიწყოს.

- "ბ" ლიგიდან უმაღლესში მარნეულის "დელტა" გადმოვიდა.
- სასიხარულოა, რომ ქვემო ქართლის რეგიონს სუპერლიგაში ორი გუნდი ეყოლება. წლევანდელი "ბ" ლიგა წინამორბედებზე კიდევ უფრო საინტერესო იყო, უფრო ხარისხიანი უცხოელები ვიხილეთ. ვფიქრობ, გავნითარების სწორ გზას ვადგავართ და ეს ქართულ კალათბურთს მალე დაეტყობა.

- 3X3 კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდა. როგორია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრის პერსპექტივა?
- ფიბას კონგრესზე გვამცნეს, რომ 9 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 3X3 კალათბურთის ოლიმპიურ პროგრამაში ჩასმა სურდა. საბოლოოდ ასეც მოხდა, რაც ძალიან სასიხარულოა.

საქართველო აქტიურადაა ჩართული 3X3 კალათბურთის შეჯიბრებებში. კარგი გუნდებიც გვყავს. მაგალითად, 18-წლამდელთა ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატებში. ბოლოს მან მუნდიალის 1/4-ფინალიც ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ შე კაი ადამიანო ევროპა ნახე როგორ ჩაივლის რა კნაყოფილებაზეა საუბარი ბალვანი მწვრთნელია.მეორეც ერთი რომელ საკლუბო მენეჯმენტზე საუბრობთ თავად მენეჯმენტის დეფიციტს განიცდით. და სანამ მოაწერდე ზუროსთან და წინასწარ სიბრტყეების შექმნას ჯერ არ ჩევნები ეგებ მოგეგოთ და მერე გადაწყვიტეთ და თუ ვერ იგებთ სხვები ეგებ სხვანაირად ხედავენ და იმათ მაინც ნუ დაუტოვებთ ნაგავს
Zorgo
04:36 19-06-2017
0
ლეგიონერი არ გვეყოლება?. ამაზე არავინ ლაპარაკობს.
i4545
09:41 19-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული