TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!

AutoSharing Option
მომდევნო კვირას თბილისში შეიკრიბება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას გაუდგება.

ნაკრები 1994 წელს ჩამოყალიბდა. მას მერე ბევრი გაჭირვებაც გამოიარა, სიხარულიც მოგვიტანა და სახალისო ამბებიც დაგროვდა. იმდენია, ერთ გვერდში ვერ ჩავტევთ. სჯობს, ორად გავყოთ. დღეს პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ.

დავუმალეთ
1999 წელს ლუქსემბურგთან წავაგეთ! საინტერესოა, რომ სწორედ იმ შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი ზაზა ფაჩულიას.

"ლუქსემბურგთან მატჩის წინა დღეს ფედერაციის პრეზიდენტ გოგი ქათამაძესთან საუბრისას ვიხუმრეთ: მთელი ძალით არ ვითამაშოთ, ჩვენი კოზირები დავმალოთ, რათა ძლიერმა მოწინააღმდეგეებმა ვერ გაგვშიფრონო. ლუქსემბურგმა 21 ქულის
სხვაობით მოგვიგო...

მეორე დღეს ბატონი გოგი გაგვეხუმრა - კარგად დაგიმალავთ თამაში, თქვენც რომ ვერ იპოვეთო", - გაიხსენა ზურაბ ტომარაძის თანაშემწე ნუგზარ კანდელაკმა.

სუსტი რგოლი
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას მანუჩარ მარკოიშვილს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა, ჰკითხა ნაკრების ძლიერი და სუსტი რგოლების შესახებ. აი, მანუს პასუხი:

"სუსტი რგოლი? წინა ხაზი! გვყავს ფაჩულია, შერმადინი, მაგრამ ფარქვეშ ყველა მეტოქესთან მოვიკოჭლებთ..."

ჟურნალისტი გაკვირვებული შეჰყურებდა მარკოიშვილს, თან თვალით ანიშნებდა - გვერდით ფაჩულიაა, არ გაიგოსო.

მანუჩარი კი თავისას განაგრძობდა, ვიდრე კორესპონდენტი არ მიხვდა, რომ მარკოიშვილი ეხუმრებოდა და ორივეს სიცილი არ აუტყდა.

ნაყინი
1996 წელს ისრაელის სასტუმროში რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები. მომხდარ ამბავს ხალისით გვიყვება მეორე მწვრთნელი ნოდარ ქორქია:

"სასტუმროს სასადილოში კალათბურთელებმა თითო ულუფა თევზი, სალათა, პიცა და ნაყინი შეუკვეთეს.

ასეთმა სიამ ოფიციანტები გააკვირვა, თუმცა ამის მიზეზს გვიან მივხვდით: ერთი ულუფა თევზი თავმოდგმულ დიდ თეფშს შეიცავდა. ასეთივე სავსე იყო სალათისა და პიცის თეფშები...

თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ბოლოს ვნახეთ: კალათბურთელებს კილოგრამიანი ნაყინები მოუტანეს".

შამანი
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი დევიდ ბლატი მეტად ხალისიანი პიროვნებაა. იგი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატისას ყოველი პრესკონფერენციის შემდეგ დარბაზში რჩებოდა და ჟურნალისტებს სახალისო ამბებს უყვებოდა.

მისი ერთი გამონათქვამი ევრობასკეტის "მფრინავ ფრაზად" იქცა: ბლატს საქართველოსთან მატჩის შემდეგ რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს - მაშინ, როცა ქართველებმა ზონური დაცვა დაგიყენეს, ხუთი წუთი უქულოდ ჩაატარეთ, სამქულიანებზე აქცენტი რატომ არ გააკეთეთო? ბლატს გაეცინა:

"მეც ვიცი, რომ ზონის გადალახვის კარგი საშუალება შორეული ტყორცნებია, მაგრამ რა ვქნათ, რომ სამქულიანებს ვერ ვაგდებთ?! სწორედ ამიტომ ზიმბაბვეში მივემგზავრები, საიდანაც შამანები უნდა ჩამოვიყვანო, იქნებ ჩვენს კალათბურთელებს შეულოცონ და სროლაც გამოუსწორდეთ".

ნაძლევი
2010 წელს, ბულგარეთთან საშინაო მატჩის წინა დღეს, ვარჯიშის ბოლოს ჩვენი ნაკრების ლეგიონერი ტორინ გრინი ფარის უკან სკამზე იჯდა და ხელში ბურთს ათამაშებდა.

ზაზა ფაჩულია დაენაძლევა - თუ ბურთს მაგ სკამიდან ჩააგდებ, 500 დოლარს გაძლევო. გრინმა რამდენიმე ცდა ითხოვა, რადგან არცთუ იოლი იყო დიაგონალზე, ფარს უკნიდან, თანაც სკამზე ჯდომით ბურთის ჩაგდება. თუმცა პირველივე ტყორცნის შემდეგ დარბაზში მხურვალე ოვაციები გაისმა - ჩააგდო და მოიგო.

ფრენა
საქართველოს ნაკრებმა 1997 წელს ავსტრიას სტუმრად დამატებით დროში აჯობა და შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვა. ოვერტაიმის დანიშვნა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ ქართული დელეგაციის ნახევარი დამატებითი დროის დაწყებისთანავე გავიდა დარბაზიდან...

მეორე მწვრთნელი, ნოდარ ქორქია მოგვითხრობს:

"კვიპროსიდან გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთები წინასწარ გვქონდა აღებული. თუმცა, ავსტრიასთან მატჩი ისეთ დროს დანიშნეს, რომ აეროპორტში მისვლას ვერ ვასწრებდით. არადა, იმ დღეს რომ არ გავფრენილიყავით, ერთი კვირა კვიპროსში უნდა გვეცხოვრა, რისი შესაძლებლობაც არ გვქონდა.

ბევრი ხვეწნის შემდეგ მატჩი 45 წუთით ადრე გადაიტანეს, თუმცა ჩვენი გათვლებით 40 წუთის ამოწურვის შემდეგ თვითმფრინავს იმ შემთხვევაში მივასწრებდით, თუ ტაქსებით "ვიფრენდით". ოვერტაიმზე წინასწარ არ გვიფიქრია და მატჩი დამატებით დროში რომ გადავიდა, ტრიბუნებისკენ მივბრუნდით და ჩვენი დელეგაციის ძირითად ნაწილს აეროპორტში გაქცევა ვთხოვეთ.

წარმოიდგინეთ, როგორ აინტერესებდათ მატჩის ბოლო 5 წუთის ხილვა, მაგრამ სხვა გზა არ იყო - დელეგაციის ნახევარი აეროპორტში ოვერტაიმის დაწყებამდე წავიდა.

ევროპაში თვითმფრინავის შეყოვნება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედი გვქონდა, რომ ქართველები სიტუაციას აუხსნიდნენ და ჩვენც გაფრენამდე მივუსწრებდით.

დამატებითი დროის დასრულების შემდეგ დამშვიდობება ვერ მოვასწარით, ისე გავიქეცით ტაქსებისკენ. წინასწარ დაბარებული გვქონდა, მანქანები დაქოქილები დაგვახვედრეთო..."

მოთამაშეებმა ტაქსებში გამოიცვალეს და თვითმფრინავს მართლაც მიასწრეს. ელოდებოდა.

საბარგულში
2004 წელს საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა შემონდ უილიამსმა.

იტალიაში, სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას, ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ. უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვახსოვდეს საიდან მოვდივართ:))))
giorgi
18:37 08-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული