გიორგი ცინცაძე: საქართველოს ევრობასკეტზე სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის ფინალში თამაშობს, გიორგი შერმადინი - საბერძნეთის, ვიქტორ სანიკიძე - იტალიის.

ყველაზე ადრე კი ქართველთაგან სეზონი წარმატებით 27 წლის გიორგი ცინცაძემ დაასრულა. წარმატებით დამთავრება, თავისთავად ჩემპიონობას გულისხმობს - "ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი) რუსეთის ჩემპიონისა და ესტონეთის ორგზის ოქროსმედალოსნის ტიტულებს უკრაინული პირველი ადგილი მიამატა.

იგი ფინალში გამარჯვებიდან მეორე დღესვე ჩამოვიდა საქართველოში და ახლა ჩვენი რედაქციის სტუმარია. საუბარი მილოცვითა და სეზონის შეჯამებით დავიწყეთ.

- კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი გამომივიდა. გარდა იმისა, რომ ჩემპიონობა მოვიპოვე, დასაწყისიდან ბოლომდე სტაბილურად ვითამაშე. ეს
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ მინდოდა შესაძლებლობები მაღალი რანგის შეჯიბრებებში დამემტკიცებინა.

- უკრაინის პირველობა ბოლო დროს სერიოზულად მოძლიერდა.
- იტალიასა და ესპანეთს ვერ შევადარებ, მაგრამ ვფიქრობ, ევროპაში დაახლოებით მეხუთე ადგილზეა სიძლიერის მიხედვით. ამას განაპირობებს გუნდების ბიუჯეტის სერიოზული ზრდა და ცნობილი კალათბურთელების მიწვევა. წლეულს უკრაინაში თამაშობდნენ გრირი, სონგაილა, რადულიცა, ფიშერი...

- მხოლოდ შემადგენლობის გათვალისწინებით, ალბათ, "ბუდიველნიკს" ფავორიტად ბევრი არ შერაცხავდა.
- ფავორიტები ნამდვილად არ ვიყავით. სხვათა შორის, ჩვენმა გენერალურმა მენეჯერმა თქვა კიდეც - "ფეროსთან", "დონეცკთან" და "აზოვმაშთან" წაგებები კატასტრობა არ იქნებაო. თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ მედიაში გაჩნდა სტატიები შინაარსით - როგორ უნდა ავაშენოთ შედარებით მცირე ბიუჯეტით კარგი გუნდი. მაგალითად "ბიდიველნიკი" მოჰყავდათ.

გარდა იმისა, რომ უკრაინის ჩემპიონები გავხდით, ევროთასზე ნახევარფინალი ვითამაშეთ. ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში ევროპის არაერთ გრანდს გავასწარით - "უნიქსს", "ბანვითს", "პეტერბურგს"...

- ნახევარფინალში "ბილბაოსთან" ორივე მატჩში დამარცხდით. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ჩანს, იყო ბასკების ბარიერის დაძლევის შანსი?
- ფინალში გასვლა-არგასვლაზე ვერაფერს ვიტყვი, რეალურად კი "ბილბაოსთან" უკეთესად თამაში შეგვეძლო. განსაკუთრებით სტუმრად დიდი სხვაობით წაგებაზე მწყდება გული. სეზონის შეფასებისას დადებითად მიიჩნიეს ევროთასზე ნახევარფინალში გასვლა, იქვე ვუთხარი, რომ ევროთასზე უკეთესადაც შეგვეძლო გამოსვლა.

- როცა გუნდი ფავორიტად არ მიიჩნევა და ქვეყნის ჩემპიონობას იგებს, მწვრთნელის დიდი დამსახურებაა...
- აინარს ბაგაცკისი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. თავიდან ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი, თავისებური მიდგომა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ისეთი გუნდი, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონია. "ბუდიველნიკი" უკრაინაში ყველაზე სტაბილური იყო.

- ალბათ იმიტომაც, რომ ყოველი მატჩისას თითოეულ კალათბურთელზე მეტ-ნაკლებად თანაბრად ანაწილებდა დროს.
- "ბუდიველნიკი" გუნდურ კალათბურთს თამაშობდა. გვყავდა ორი ლიდერი, ლეო ლაიონსი და მალკოლმ დილეინი, რომელთაც ქულების მოგროვება მოეთხოვებოდათ, ტყორცნების 50 პროცენტს ისინი ასრულებდნენ. დანარჩენები ქულათა მარაგს მონაცვლეობით ვავსებდით.

მე ჩემი საქმე მქონდა - შეტევების წარმართვა და თუ რომელიმე ამერიკელი გამოგვაკლდებოდა, ლიდერობას ვკისრულობდი. ზოგიერთი სტატისტიკაში მხოლოდ ქულებს უყურებს, არადა მხოლოოდ ეს კომპონენტი თამაშს ვერ იგებს. ფუნქციები ყველა მოთამაშეზე თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული და სათანადოდ შესრულების შემთხვევაში წარმატებაც მოვა. ზოგიერთ გუნდში არის მოთამაშე, რომელიც მხოლოდ 5 მოხსნისთვის დიდ ხელფასს იღებს.

- როგორც ეკრანიდან ჩანს, ლაიონსი უფრო მრავალმხრივი კალათბურთელია, დილეინი მხოლოდ სროლაზე ფიქრობს.
- დილეინი ევროპაში ახალი ჩამოსულია, ისეთ გუნდში ჯერ არ უთამაშია, სადაც სხვა ლიდერი მსროლელები დახვდებოდა. "ბუდიველნიკში" იგი მწვრთნელისგან შეზღუდული არ იყო. სხვათა შორის, თავად დილეინიმ მითხრა, რომ 2012 წელს მას საქართველოს ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ.

- ნაკრებში წლეულსაც ახალი ამერიკელის ჩამოყვანას აპირებენ. როგორ ფიქრობ, გვჭირდება უცხოელი?
- არაერთი ამერიკელი გვყავდა დამატებული, მაგრამ ტაირონ ელისის გარდა საჭირო მონდომებით ერთიც არ თამაშობდა. უცხოელები საქართველოს გულისთვის ისე ვერ იბრძვიან, როგორც ქართველები. ჩემი აზრით, ლეგიონერი არ გვჭირდება, უმჯობესია ქართველებს მიეცეს შანსი. მითუმეტეს, გვყავს ლაშა გამყრელიძე, შედარებით ახალგაზრდებიც კარგი ბიჭები არიან...

რომ ვამბობთ, სანაკრებოდ ღირსეული შემცვლელები არ გვყავსო, შანსს რომ მივცემთ და ვათამაშებთ, ორ-სამ წელიწადში გაიზრდებიან და გვეყოლება. 3-4 წლის შემდეგ მეც და ლაშა გამყრელიძეც 30 წელს გადავცდებით და ნაკრებს ღირსეული შემცვლელები ნამდვილად დასჭირდება.

- ლაპარაკია ტანმაღალი ამერიკელის ნატურალიზებაზეც...
- ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატზე არ გვეყოლება, მაგრამ დაგვემატება ნიკა ცქიტიშვილი. თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძეც კარგად მუშაობენ ფარქვეშ. არ დაგვავიწყდეს გიორგი შერმადინი, რომელიც უკვე ევროლიგის ორგზის ჩემპიონია. "ოლიმპიაკოსში" კარგად თამაშობს და ნაკრებშიც რატომ არ უნდა ჰქონდეს სათანადო ნდობა?

- ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის მზადების გზაზე 11 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს...
- ძალიან სასარგებლო იქნება. ვერ დავეთანხმები ზოგის აზრს, თითქოს ამდენი მატჩი გუნდის გადაღლას გამოიწვევს - თამაში რომ არ გვქონდეს, იმ დღეს ხომ მაინც უნდა ვივარჯიშოთ? საკონტროლო შეხვედრები კარგია ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც გუნდთან შესაწყობად და ყოველგვარი წნეხის მოსახსნელად მეტი თამაში სჭირდებათ.

- რამდენად რეალურია ევრობასკეტი-2011-ის შედეგის გამეორება და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში?
- წინა ევროპის ჩემპიონატთან შედარებით რთული იქნება, რადგან ჩვენს ჯგუფში ტოპ-დონის სამი ნაკრებია - ესპანეთი, სლოვენია და ხორვატია. ამასთან, სლოვენიელები შინ თამაშობენ, ხოლო მათი მეზობელი ხორვატები - თითქმის შინ. ჩეხეთი და პოლონეთი ჩვენი დონის გუნდებად შეგვიძლია განვიხილოთ. გასათვალისწინებელია ზაზა ფაჩულიას არყოფნაც. რეალურად ნაკრებს აქვს პოტენციალი და ვარსკვლავთა განლაგება სექტემბერში ხელს თუ შეგვიწყობს...

- ზოდიაქოსი გჯერა?
- არა. არც ვარსკვლავთა განლაგების თამაშის შედეგზე გავლენისა. უბრალოდ, მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და სიურპრიზის შემოთავაზებაც შეგვიძლია.

ავიღოთ თუნდაც მაკედონიის მაგალითი, რომელიც განვლილ ევრობასკეტზე ბევრისთვის მოულოდნელად ჯერ ჯგუფიდან გავიდა, შემდეგ მასპინძელი ლიტვა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშა.

კალათბურთი ისეთი სპორტია, თუ კლასში დიდი სხვაობა არ არის, შეიძლება ყველაფერს ელოდო. იგი იმიტომ უყვარს ხალხს, რომ წუთში შესაძლებელია 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. სხვათა შორის, უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში 15 ქულის სხვაობით ვაგებდით და სამ წუთში სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანეთ. დრო რომ დაგვრჩენოდა, მოვიგებდით კიდეც - 95:96.

- ბოლოს უმცროს ძმაზეც გკითხავთ, რომელიც შარშან კადეტთა ნაკრების წევრი იყო.
- ნიკას მონაცემი აქვს, ნიჭიერია, თუმცა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, უნდა იშრომოს და წარმატებასაც მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონია!
გიორგი ცინცაძე: ევროლიგის კარგ გუნდში კარგად თამაშზე ვოცნებობ
გიორგი ცინცაძე: ვეცდებით, ევრო-2013-ზე უკეთესად გამოვიდეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
თემო, უკრაინის ჩემპიონატში სერიოზული ფული ჩაიდო, ამ მხრივ ესპანეთს, იტალიას, რუსეთს და თურქეთს ვერა ჯობია. ლიტვა და საბერძნეთი ორორი გუნდის ჩემპიონატია. ბუდეველნიკმა ჯერ თურქეთის ჩემპიონატის ფინალისტი ბანვიტი გამოაგდო ევროტასიდან, მერე რუსეთის ტრიუმფი და პეტერბურგის სპარტაკი.
ბექა
11:32 10-06-2013
0
უკრაინის ჩემპიონატი ევროპაში დაახლოებით მეხუთეა სიძლიერით? ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი, სერბეთი, ლიტვა, ხორვატია... სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, ამ ქვეყნების ჩემპიონებს კი არა, უბრალოდ ხუთეულის წევრებს რამდენს მოუგებს ბუდიველნიკი? ეეეჰ, ბუ, ბუ! გვაბოლებ? შენი მიღწევა ცუდი ნამდვილად არ არის და რა საჭიროა ზედმეტად გაბუქება?!
თემო
18:51 09-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული