წლევანდელ კონტინენტის პირველობას სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს.
გამგზავრების წინ ეროვნული გუნდის ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს ვესაუბრეთ:
- საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიშები გამოგვივიდა, ბიჭები კარგად გრძნობენ თავს. სლოვენიაში მთავარი მწვრთნელის - იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით უფრო ბურთით ვარჯიშსა და ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას მივაქცევთ მეტ ყურადღებას.
ამ მხრივ მწვრთნელებს, მართლაც, ძნელი სამუშაო ელით, რადგან გუნდის კაპიტნის - ზაზა ფაჩულიას ავადმყოფობამ ბევრი რამ არია. მით
- ნატურალიზებულ კალათბურთელებზე რას იტყვი?
- ისინი მთავარ მწვრთნელთან ერთად სლოვენიაში შემოგვიერთდებიან.
რიკი ჰიკმანი შარშან იტალიის ჩემპიონატში გამოდიოდა და მის წინააღმდეგ მითამაშია კიდეც. ერთხანს ისრაელის "მაქაბიში" ჩვენი გიორგი შერმადინის თანაგუნდელიც იყო. ასე რომ, ვიცნობთ მისი ხელწერას. წლეულს ევროლიგაზეც გამოიჩინა თავი. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს.
რაც შეეხება ლიუკ ზელერს, ის ნბა-ს მოთამაშეა, "ფინიქსის" შემადგენლობაში გამოდის და კოკოშკოვი მას კარგად იცნობს.
- გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
- ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არსებობს - ყველას თავისი ამბიციები აქვს, მთავარია, როგორ შეძლებენ მის რეალიზებას. ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტია ესპანეთი. ხორვატიაც ძლიერია. არც სლოვენიაა ხელწამოსაკრავი, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შინ თამაშობს და მსაჯების სიმპათია ყოველთვის იქნება მასპინძლების მხარეს. ამის მიუხედავად, მასთანაც შეიძლება ბრძოლა.
უფრო მეტი შანსები გვაქვს ჩეხეთსა და პოლონეთთან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინიც ასე ფიქრობენ ჩვენზე. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სამი მოგება გვჭირდება, რაც იოლი არ იქნება, თუკი დანაკლისს გავითვალისწინებთ.
ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მიზანს მივაღწიოთ. ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია.
- პირად კარიერაზე რას გვეტყვი?
- იცით, რომ ერთი წელიწადია, სიენას "მონტეპასკის" წევრი ვარ. მის შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონობა და თასი მოვიპოვე. ევროლიგაზე 16 საუკეთესოში მოვხვდით. აშკარად, უკეთეს ადგილს ვიმსახურებდით.
- გუნდში სათამაშო დროით მაინცდამაინც განებივრებული არ ყოფილხარ...
- გეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდისთვის მეტი სარგებლობის მოტანა შემეძლო, მაგრამ მთავარი მწვრთნელისგან, რატომღაც, უნდობლობას ვგრძნობდი.
საუკეთესო მატჩების შემდეგაც დიდი ჯაფის ფასად მიწევდა მწვრთნელის დარწმუნება, რომ მეტი სათამაშო დროის ღირსი ვიყავი. დღემდე ვერ მივმხვდარვარ მის ჯიუტობას.
- ალბათ, ახალი სეზონიდან პრობლემები აღარ უნდა გექნეს.
- ხელშეკრულებით, "მონტეპასკისთან" კიდევ ერთი წელი მაკავშირებს. მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი "მილანში" მიიწვიეს: ამ გუნდს სამომავლოდ სერიოზული ამბიციები აქვს - ჩემპიონობაზე ოცნებობს, ბიუჯეტიც ხელს აძლევს.
- სხვა გუნდში გადასვლაზე თავადაც ხომ არ გიფიქრია?
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავბრუნდები იტალიაში. ახალი მთავარი მწვრთნელი გვეყოლება - ბანკის ასისტენტი მარკო კრესპი. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ ისიც ძველის გზას დაადგება, მაშინ მართლაც მომიწევს სხვა გუნდზე ფიქრი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"