შეჯიბრებაში, საქართველოს გარდა, საფრანგეთი და სერბეთი მონაწილეობენ.
პირველი ტური 15 აგვისტოს გაიმართა, მასპინძლებმა სერბების წინააღმდეგ ითამაშეს. ქართველებმა დაისვენეს.
16 აგვისტოს, 22:30 საათზე (თბილისის დროით) ჩვენი გუნდი ბალკანელებს დაუპირისპირდება, ხოლო 17 აგვისტოს, ამავე დროს ფრანგებს ვეთამაშებით.
საქართველოს ნაკრებში მცირე ტრავმები ჰქონდათ მანუჩარ მარკოიშვილსა და რიკი ჰიკმანს.
კაპიტანმა მანუმ ბოსნიასთან 14 აგვისტოს შეხვედრა გამოტოვა, ხოლო ჰიკმანს ფეხი ამავე მატჩში გადაუბრუნდა და როგორც საფრანგეთიდან იტყობინებიან, უშუალოდ სერბეთთან მატჩის წინ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა
სერბეთთან მანუჩარ მარკოიშვილი ითამაშებს, რიკი ჰიკმანი ვერა
სერბეთის ნაკრებს არაერთი ვარსკვლავი აკლია: ვლადიმირ მიცოვი, მილან მაჩვანი, დუშკო სავანოვიჩი, ალექსანდრ რაშიჩი...
ტრავმას მკურნალობს მილოშ ტეოდოშიჩი და მწვრთნელ დუშან ივკოვიჩს ჯერაც არ დაუკარგავს მილოშის ევრობასკეტზე დახმარების იმედი (საქართველოსთან არ იქნება). სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, სერბეთი მაინც კარგი გუნდია.
საკმარისია დავასახელოთ რამდენიმე გვარი: ნენად კრსტიჩი, ნემანია ბიელიცა, ნემანია ნედოვიჩი... როგორც ფრანგები იუწყებიან, ტურნირის ყველა მატჩს გადასცემს Sport+. ქართულ არხებზე ჩვენს თამაშებს ვერ ვიხილავთ და მხოლოდ ინტერნეტის იმედად უნდა ვიყოთ.
თუ საქართველო სერბეთს აქამდე არასოდეს შეხვედრია, საფრანგეთთან ამხანაგურად ნათამაშები გვაქვს: 2008 წელს ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე 69:90 დავმარცხდით.
ფრანგებს დღესაც ძლიერი გუნდი ჰყავთ, ტონი პარკერის წინამძღოლობით ევროპის ჩემპიონატის მოგებას აპირებენ. ასეთ გუნდთან პაექრობით ჩვენი გუნდი დიდ გამოცდილებას მიიღებს.
დაველოდოთ 22:30-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"