ქართველები და ევრობასკეტი: პირველი შეკრება

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკოლოზ დერიუგინი ისრაელთან სანაკრებო მატჩისას

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდი სლოვენიაშია დაბანაკებული და იქიდან ჯერ იტალიაში გადავიდა საერთაშორისო ტურნირის სათამაშოდ, შემდეგ - საფრანგეთში.

90-იან წლებში, როცა ნაკრები ფეხს იდგამდა, ყველაფერი ასე კარგად არ იყო, ვერც შორს გაფრენა ხერხდებოდა და ვერც დასავლური ნაკრებების სპარინგებზე დათანხმება.

დღეს ერთად გადავავლოთ თვალი ეროვნული გუნდის პირველი შეკრების ამბებს.

მოსკოვში
1994 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრები მოსკოვში პირველ ოფიციალურ შეკრებაზე გაემგზავრა. მოვუსმინოთ ნიკოლოზ დერიუგინს:

- საბჭოთა კავშირის ნაკრებში არაერთი მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდის
შექმნა სხვა განცდა იყო. ვგრძნობდით, რომ გარდატეხაში ჩვენც შეგვქონდა წვლილი.

მოსკოვური ამბები ნაკრების მაშინდელ წევრებს დღესაც ნათლად ახსოვთ. მის მნიშვნელობაზე მიხეილ კობეშავიძე მოგვიყვება:

- მოსკოვში მომზადებულები ჩავედით, არც მონდომება გვაკლდა და არც სიამაყე - ჩვენ ხომ პირველად გვიწევდა საქართველოს ჰიმნის საზღვარგარეთ გატანა და დროშის ქვეშ დგომა. სწორედ შემართების ხარჯზე მოვიგეთ ოთხივე შეხვედრა.

პირველი მატჩი "სპარტაკთან" ჩაატარეს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შედიოდა.

ნოდარ ქორქია იხსენებს:

- გუნდში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების 4 კალათბურთელი გამოდიოდა. საყურადღებოა, რომ მაშინ, ახალგაზრდულ ჩემპიონატებში 23-წლამდელები თამაშობდნენ. "სპარტაკს" 18 ქულის სხვაობით მოვუგეთ. შეუჩერებელი იყო კახა შენგელია, ხოლო ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური ჩატენვის შემდეგ ევგენი გომელსკი ხელაწეული წამოხტა და ტაშს დიდხანს უკრავდა.

კარგი იქნებოდა ვატოს ჩატენვის განმეორებით ხილვა, მაგრამ რადგან ამის საშუალება არ გვაქვს, სიტყვიერ აღწერას დავჯერდეთ.

- ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ბურთი შორიდან ამიგდო, ჰაერში დავიჭირე და ჩავტენე. ამ ეპიზოდის შემდეგ ნიკომ მომიბოდიშა: ცოტა მაღალი მომივიდაო. ღიმილით ვუპასუხე: რაც უფრო მაღლა ააგდებ, მით უფრო ეფექტური ჩატენვა გამოვა-მეთქი.

მეორე მატჩისთვის "სპარტაკმა" ახალგაზრდული ნაკრებიდან 8 კალათბურთელი დაიმატა, თუმცა ქართველებთან მაინც ვერაფერი გააწყო - 8 ქულის სხვაობით დამარცხდა.

ნოდარ ქორქია განაგრძობს:

- ფრენისა და საყოფაცხოვრებო ხარჯები რუსეთში ქართულმა დიასპორამ გაიღო. სასაცილოა, მაგრამ დარბაზის ქირის ფულსაც ჩვენ ვიხდიდით. მესამე მატჩზე არენის არენდის გადახდა აღარ მოგვიწია - ცსკა-ს სათადარიგო მოედანზე ვითამაშეთ. არმიელებმა დუბლშემადგენლობა გამოგვიყვანეს და ისე მოვუგეთ, რომ დაწინაურების შანსი არ მიგვიცია.

მესამე თამაშის შემდეგ რუსები გვეუბნებოდნენ - აქ ზედიზედ სამი მატჩი არავის მოუგია და გირჩევთ შინ დაბრუნდეთო...

თუმცა, ქართველებმა ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარეს. მოვუსმინოთ ჯამლეტ ხუხაშვილს:

- რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მასში ძლიერი შემადგენლობა იყო თავმოყრილი და ევროპის პირველობის მოგების ამბიციაც გააჩნდა. შესაბამისად, ეგონათ, ქართველებსაც იოლად დაამარცხებდნენ.

მატჩმა სხვა სურათი დახატა: რუს ახალგაზრდებს თავიდანვე კარგად შევუტიეთ და 8 ქულის სხვაობით მოვუგეთ.

მატჩის შემდეგ მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ერიომინი მოვიდა და მითხრა, ეს რა მიქენითო... იმ მატჩის წაგებას რუსების გუნდში არეულობა, ცვლილებები მოჰყვა და ვერც ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია სასურველ შედეგს.

ნოდარ ქორქიას არბიტრებთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს:

- მსაჯები რუსები იყვნენ და თანამემამულეთა მოგებას ესწრაფვოდნენ. მატჩის ბოლოს, როცა არბიტრების დახმარებით რუსმა ახალგაზრდებმა შეგვავიწროვეს, ტრიბუნიდან მიშკინი წამოვარდა და დაუძახა: ООставте в покое грузин!

მსაჯებმა თავიდან ყურადღება არ მიაქციეს, რიგითი გულშემატკივარი ეგონათ, თუმცა ფეხზე წამომდგარი მიშკინი რომ შენიშნეს, შეცბნენ და... გამოსწორდნენ.

უნგრეთში
რუსულ შეკრებას უნგრეთში გამგზავრება მოჰყვა. ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო საკლუბო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს გასახსენებელი არაფერი აღმოაჩნდათ.

მხოლოდ ის ვიცით, რომ სამი მატჩიდან 2 წააგეს.

ამასობაში გაირკვა საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი ნაკრების მეტოქეები (ინგლისი, პოლონეთი, დანია, უელსი, ლუქსემბურგი) და გამოჩნდა გუნდის შესაძლებლობები:

- როცა ნაკრები პირველად შეიკრიბა, ნიკოლოზ დერიუგინის სახით ერთადერთი ლეგიონერი გვყავდა. ის იმჟამად სლოვაკეთში თამაშობდა, მაგრამ სანაკრებოდ მოსამზადებლად "ვითაში" ჩამოვიდა.

სტეფანია, ნაცვლიშვილი და ბერძენიშვილი მაშინ 17 წლისანი იყვნენ, ხოლო ქარაბაკი - 16-ის. მათ გამოცდილები (სანაძე, გურასპაული, დადიანი, ვაშაკიძე და დერიუგინი)

- კარგად შეეწყვნენ და საინტერესო გუნდი გამოვიდა, - ამბობს მთავარი მწვრთნელი, ბესიკ ლიპარტელიანი.

მიხეილ კობეშავიძე დასძენს:

- 90-იანებში კალათბურთელთა საუკეთესო ნაზავი 1995-96-წლების ფორმაციის ნაკრებში იყო. წინა ხაზში თამაშობდნენ ნიკოლოზ დერიუგინი, კახა შენგელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ სტეფანია... საჭიროების მიხედვით, ვოვა ხან ცენტრად ირჯებოდა, ხან - მძიმე ფორვარდად.

უკანა ხაზშიც ძლიერი შემადგენლობა იყო თავმოყრილი: გია სანაძე, რევაზ ჩხეიძე, პაატა გურასპაული, ნიკო ჩერქეზიშვილი, დუდუ დადიანი, ირაკლი ვაშაკიძე.

გუნდი თანაბრად იყო დაბალანსებული და გამოცდილებაც საკმარისი გააჩნდა: ახალგაზრდულ ასაკში ყველას ნათამაშები ჰქონდა სსრ კავშირის ჩემპიონატში, სადაც "ჟალგირისი", ცსკა და კიდევ არაერთი მაღალი დონის გუნდი ასპარეზობდა. ასე რომ, გასაკვირი არ იყო, საქართველოს ნაკრები სერიოზულ ძალად რომ ითვლებოდა.

ეს, რაც შეეხება გუნდის შესაძლებლობებს. საჭირო იყო ფინანსური შესაძლებლობებიც... ეს საკითხი გუნდის უფროს ჯამლეტ ხუხაშვილთან გავარკვიოთ:

- სპორტკომიტეტიდან მცირე დაფინანსება გვქონდა. ამიტომ, ვაწუხებდით ბიზნესმენებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რათა ეკიპირება შეგვეძინა და გუნდის საზღვარგარეთ გამგზავრება უზრუნველგვეყო. საკუთარ თავს "უთოფო ყაჩაღებსაც" ვუწოდებდით.

ასე ემზადებოდა საქართველოს ნაკრები პირველი ოფიციალური ტურნირისთვის, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, რომელიც 1995 წლის მაისში ბირმინგემში ჩატარდა. როგორ ითამაშა ინგლისში, ამაზე შემდეგში მოგითხრობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩვენ და ევრობასკეტი: ნაკრების დაბადება
ჩვენ და ევრობასკეტი: თხუთმეტი ოქრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული