თელ-ავივში გამგზავრებამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ღია ვარჯიში ჩაატარა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.
23 აგვისტოს გამართულ ვარჯიშში თოთხმეტმა კალათბურთელი მონაწილეობდა. გუნდს ისრაელში არ გაჰყვება გიორგი შარაბიძე. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, 12-კაციანი საბოლოო შემადგენლობა ევრობასკეტის წინა დღეებში გაირკვევა, მანამდე კი თოთხმეტი კალათბურთელი ივარჯიშებს.
ამ სიაში ლუკ ზელერიცაა. ცნობილია ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე იგი ვერ ითამაშებს, რადგან თითო გუნდს ერთი ნატურალიზებულის დამატების უფლება აქვს, ჩვენთან კი
ზელერის გარდა სასექტემბროდ ნაკრებს კიდევ ერთი კალათბურთელი გამოაკლდება. ვინ? ამას 8-9 დღეში შევიტყობთ.
ისრაელში გამგზავრების წინ ყველამ სრული დატვირთვით ივარჯიშა, მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილს აქვს მცირე ტრავმა. მას ფეხი გადაუბრუნდა და დასვენება სჭირდება.
მანუჩარის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმაც ისაუბრა.
- როგორც ექიმები ამბობენ, ტრავმა სერიოზული არ არის და ველით დღითი-დღე გაუმჯობესებას. წინასწარ ვერც იმას ვიტყვით, ითამაშებს თუ არა იგი ისრაელთან შეხვედრებში. მანუჩარი გუნდისთვის დიდი ძალაა, მებრძოლი სულის კალათბურთელია, ლიდერის თვისებებით ხასიათდება და ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემია.
- ევრობასკეტზე არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. შესაბამისად, ტაქტიკურად გადაწყობა მოგვიწევს.
- საქართველოს ნაკრებში NBA-ს ორი კალათბურთელია და ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი ვერ დაგვეხმარება, რაც დიდი დანაკლისია. თუმცა გამოცდილი მწვრთნელები ხშირად ამბობენ, რომ შეიძლება სისუსტის ძლიერ მხარედ გარდაქმნა. საამისო პოტენციალი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს.
- რას გულისხმობთ?
- სამწამიან ზონაში უპირატესობის მოპოვება ყოველთვის ჩვენი კოზირი იყო. როცა ზაზა ფაჩულია ფარქვეშ იდგა, ბევრი მეტოქე ცვლიდა ტაქტიკას. ახლა ზაზა ვერ დაგვეხმარება და ვერც სამწამიანი ზონის კონტროლი იქნება ჩვენი სამარკო ნიშანი. თუმცა ფაჩულიასა და შენგელიას შემცვლელები გამოუჩნდნენ და მათგან ბევრს ველით.
- ამხანაგური მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაკრების თამაშს სისწრაფე მოემატა და პერიმეტრსაც სათანადოდ ვიყენებთ...
- წინა წლებთან შედარებით საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია. მაღალ ტემპშიც თამაშობს და ვეძებთ სხვა გზებს წარმატების მისაღწევად. ვერ ვიტყვით, ან ფარზე ვართ ორიენტირებულნი, ან პერიმეტრზეო - სხვადასხვა მეტოქესთან სხვადასხვა სტრატეგიას გამოვიყენებთ.
- ნატურალიზებული კალათბურთელები გუნდს როგორ მოერგნენ?
- ლუკ ზელერიცა და რიკი ჰიკმანიც დადებითი პიროვნებები არიან, თანაგუნდელებს მოედანზეც ეხმარებიან და მის მიღმაც. ჩვენთან ერთად ისინიც პროგრესირებენ.
- ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მარკიზ ჰეინსი ერთგვარად ჩაიკარგა, რის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მისთვის პოზიციების ხშირი ცვლა. ხან მსროლელად ირჯებოდა, ხან გამთამაშებლად. რიკი ჰიკმანს რომელ პოზიციაზე უფრო გამოიყენებთ?
- რიკი უნივერსალური უკანახაზელია, თანაბრად წარმატებით შეუძლია თამაში როგორც პირველი, ასევე მეორე ნომრის პოზიციაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაქვს ნანახი მისი თამაშები როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად. პოზიციის ცვლილება მისთვის პრობლემა არ არის.
ჰიკმანმაც იცის, რომ მთავარი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა და მას მეორე ნომრის პოზიციიდან დაეხმარება. ხოლო როცა ცინცაძე მოედანზე არ იქნება, ბურთს რიკი გაათამაშებს. ასე რომ, ვარირების საშუალება ნამდვილად გვაქვს.
- NBA-ში მუშაობთ. რას ფიქრობთ "ბრუკლინში" თორნიკე შენგელიას პერსპექტივაზე?
- ბრუკლინელებმა დიდი ფული დახარჯეს გუნდის გაძლიერებაში. კარგი შემადგენლობა ჰყავთ და მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა შენგელიას თამაშის შანსი არ გამოუჩნდება.
NBA-ს სეზონი ოქტომბრიდან ივნისამდე გრძელდება, უამრავი თამაშია და ასეთ მარათონში ბრუკლინის მწვრთნელი მხოლოდ 7-8 კალათბურთელს ვერ დაეყრდნობა.
იქნება ისეთი შეხვედრები, სადაც ჯეისონ კიდს თორნიკე დასჭირდება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შენგელია ევროპაში აპირებს დაბრუნებას. კონკრეტული გუნდიც დასახელდა - ესპანური "კახა ლაბორალი". თორნიკე ევროპაში რომც ჩამოვიდეს, ეს მისთვის დროებითი გაჩერება იქნება, მალევე დაბრუნდება ამერიკაში, რადგან იგი NBA-ს ეკუთვნის.
* * *
ნაკრების ფიზმომზადების სერბი მწვრთნელი ალექსანდრ ჩვოროვიჩი საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვიდა. მაშინ თქვა, რომ მისი გეგმით გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ევრობასკეტის დასაწყისისთვის უნდა იყოს.
როგორც ბატონმა ალექსანდრმა 23 აგვისტოს გვითხრა, მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს:
- სწორ გზას ვადგავართ. გუნდი ნელ-ნელა უმატებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ახალგაზრდების პროგრესი, რომლებიც კონდიციებსაც იუმჯობესებენ და ნაკრებშიც კარგად ეწერებიან. ასევე, ჩევენი ამოცანაა, კალათბურთელები ისე მოვამზადოთ, რომ ტრავმების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს.
კარგია, რომ ამ მხრივ სიტუაცია ნორმალურია და ვიმედოვნებ, როცა ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაშინაც არ შეგვექმნება პრობლემები.
* * *
რა არის ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი? ამ კითხვაზე იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა ჯეისონ სტაუდტმა გვიპასუხა:
- კარგად ვიცით, რომ ჩვენს ჯგუფში ერთმანეთზე უკეთესი გუნდებია თავმოყრილი. პირველ მატჩს პოლონეთის ნაკრებთან ვატარებთ, რომელსაც დაუბრუნდა მარცინ გორტატი.
ესპანეთისა და სლოვენიის შესაძლებლობებს ყველა კარგად იცნობს. ხორვატიაც ძლიერია და ჩეხეთიც. ასეთ გარემოცვაში ჯგუფიდან გამსვლელ სამ გუნდს შორის მოხვედრა ურთულესი ამოცანა იქნება.
თუმცა, თუ შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, შანსი გვაქვს...
საქართველოს ნაკრები
N მოთამაშე პოზიცია გუნდი 2012-13
8 გიორგი ცინცაძე უკანახაზელი ბუდიველნიკი, უკრაინა
30 ოთარ ფხაკაძე უკანახაზელი ვერმონტი, NჩAA, აშშ
11 მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი გალათასარაი, თურქეთი
10 რიკი ჰიკმანი უკანახაზელი მაქაბი, ისრაელი
25 ბესო ლეჟავა უკანახაზელი არმია
20 დუდა სანაძე უკანახაზელი სან დიეგო, NჩAA, აშშ
6 ანატოლი ბოისა უკანახაზელი არმია
12 ლევან ფაცაცია ფორვარდი ოლიმპი
13 ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი მონტეპასკი, იტალია
22 ნიკოლოზ ცქიტიშვილი ფორვარდი ჩამპვილი, ლიბანი
24 ბექა ბურჯანაძე ფორვარდი კახასოლი, ესპანეთი
15 ნიკა მეტრეველი ფორვარდი ომენა, იტალია
9 გიორგი შერმადინი ცენტრი ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი
40 ლუკ ზელერი ცენტრი ფინიქსი, NBA, აშშ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"