ანგარიშში დაწინაურება ხორვატებმა თავიდანვე შეძლეს. ქართველმა კალათბურთელებმა გათანაბრება მხოლოდ პირველი პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის ზუსტი სამქულიანით შეძლეს (15:15), თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა კიდევ ერთი ორქულიანი ჩააგდეს და მეოთხედიც აქ დასრულდა.
მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები უკეთ გაისარჯნენ და პერიოდი მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხანობა ანგარიშში 8 ქულითაც ჩამორჩნენ. განსაკუთრებით კარგად ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი გაისარჯა,
ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე გიორგი შერმადინის ორქულიანით ანგარიშში წინ ჩვენი გუნდი გავიდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეტოქემ უმალ სამქულიანი ჩაგვიგდო და საბოლოოდ ტაიმი ანგარიშში ხორვატთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 35:34.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გამოასწორა თამაში და მეტოქე აშკარად დაჯაბნა. პერიოდის შუაწელს ვიქტორ სანიკიძის სამქულიანით უპირატესობა ხუთ ქულამდეც გაიზარდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს მეტოქემ შეძლო ჩამორჩენის შემცირება.
ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები ორქულიან უპირატესობას ფლობდა - 52:50.
ბოლო პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრებს ანგარიში, სანიკიძის სამქულიანის შემდეგ, თავის სასარგებლოდ მიჰყავდა, თუმცა ბოლო წამებზე ხორვატების მიერ ჩაგდებულ ორქულიანს ვეღარაფრით უპასუხეს და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში II ტურის დარჩენილი შეხვედრები მოგვიანებით გაიმართება - პოლონეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება, სლოვენია კი - ესპანეთს.
მომდევნო მატჩს იგორ კოკოშკოვის გუნდი 7 სექტემბერს, მასპინძელ სლოვენიასთან გამართავს.
მატჩის სტატისტიკა