იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებული თამაში შეუძლია

AutoSharing Option
"ხორვატიასთან მოსაგები თამაში გქონდათ, გულდასაწყვეტია, ასეთ შეხვედრაში რომ დამარცხდები", - მითხრა 7 სექტემბერს სლოვენიაში, ბლედის ციხესიმაგრის დასათვალიერებლად ასულმა არვიდას საბონისმა.

7 სექტემბერს მასპინძელ სლოვენიას იმდენად შთამბეჭდავად ვეთამაშეთ, დარბაზიდან გამოსულ ქართველებს სლოვენიელი ქომაგები დიდი პატივისცემით გვხვდებოდნენ, ზოგი გვიბოდიშებდა, ზოგი ამბობდა:

ესპანეთზე მეტად საქართველოსთან გაგვიჭირდა და წაგებას სასწაულით გადავურჩითო.

ზემოთ ნახსენები ორი მატჩი რომ მოგვეგო, დღეს ევრობასკეტის მეორე ეტაპზე ვიქნებოდით, მაგრამ ფორტუნამ ასე არ ინება. თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერაც გვაქვს, თან რეალური.

საამისოდ აუცილებელია 8 სექტემბერს საქართველომ ჩეხეთს სძლიოს, სლოვენიამ -
ხორვატიას. ხოლო 9-ში ჩეხეთის ნაკრებმა იმაზე ნაკლები სხვაობით დაამარცხოს ხორვატია, რამდენითაც საქართველოსთან წააგებს.

ასეთ შემთხვევაში სამივე გუნდს 2-2 მოგება დაუგროვდება და ბურთების უკეთესი შეფარდებით მეორე ეტაპზე ჩვენი გუნდი გავა. დაახლოებით ისეთი სიტუაცია აღვწერე, როგორიც 2011 წელს ლიტვის ევრობასკეტზე დაფიქსირდა. მაშინაც ჯგუფიდან ორი გამარჯვებით გავედით. თუმცა, ჯერ ჩეხეთია...

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს მოვუსმინოთ:

"სლოვენიელებთან მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. ერთ დღეში ძალების აღდგენა იოლი არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრები კარგადაა მომზადებული და რაც მთავარია, გადამწყვეტი თამაშებისთვის განსაკუთრებულად განწყობა შეუძლია.

ჩეხეთთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. მეტოქე სერიოზულია, რაც სლოვენიასთანაც დაამტკიცა და პოლონეთთანაც. კარგი ტანმაღლებიც ჰყავს, ფორვარდებიც და გამთამაშებლებიც. თუმცა შესაბამისი ტაქტიკა მომზადებული გვაქვს და წარმატებით განხორციელებას შევეცდებით"
.

ვაჟა სიმონიშვილი ცელიედან

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი: უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია და ღირსეული თამაშის ჩვენება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული