ეს მოულოდნელობა იყო, რადგან მან სეზონი ფინეთში დაიწყო, ხოლო სუომის პირველობაზე ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა.
როგორც გივიმ აგვიხსნა, 7-დან 16 ნოემბრამდე მისი გუნდი, "კორიკობრატი" ისვენებდა და მანაც კლუბის ხელმძღვანელობას საქართველოში გამოშვება სთხოვა.
გივისთან ინტერვიუ სუომელთა საკალათბურთო ლიგით დავიწყეთ.
- ფინეთის უმაღლეს ლიგაში ევროთასის მონაწილე ერთი, ხოლო ევროჩელენჯზე მოასპარეზე ორი გუნდია. ისინი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე თამაშს თამაშზე იგებენ. თუნდაც ეს გამოდგება ფინური კალათბურთის შესაფასებელ ინდიკატორად.
ამასთან, წლეულს ლიგაში არაერთმა მაღალი დონის
- მეტოქეთა სიძლიერის ბრალია, "კორიკობრატმა" სეზონი წაგებებით რომ გახსნა, თუ არის სხვა მიზეზიც?
- ერთი მიზეზი კალენდარია, დასაწყისში ფავორიტებთან მოგვიწია შეხვედრა, თუმცა უკეთესი შედეგის ჩვენება მაინც შეიძლებოდა. ზედიზედ რამდენიმე წაგების გამო ჩვენი ამერიკელი მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლეს. კლუბის ხელმძღვანელობა გარკვეულ პასუხისმგებლობას მასაც აკისრებს.
იყო საკადრო პრობლემაც - ორმა ამერიკელმა კალათბურთელმა ვერ გაამართლა და სეზონის დაწყების წინ სხვა ამერიკელებით შეცვალეს.
ახლებიდან ერთი მართლაც ძლიერი მოთამაშეა და გუნდს ძალიან ეხმარება. ასეთი ცვლილებების შემდეგ შესათამაშებლად დრო გვჭირდება. ახალი მწვრთნელის ხელში ნელ-ნელა ვუმატებთ და დარწმუნებული ვარ ეს შედეგზეც აისახება. სხვათა შორის, ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ, 7 ნოემბერს ღირებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
- ახალი მწვრთნელის ხელში რა ფუნქცია გაკისრია?
- პირველი მწვრთნელი ჩემგან ქულებს უფრო ითხოვდა, ახალი დამრიგებლის ხელში კი ძირითადად ბურთის გათამაშება მევალება, საჭიროების შემთხვევაში ტყორცნებსაც ვასრულებ, პასებსაც ვანაწილებ.
სასტარტო პლეიმეიქერი ვარ, იშვიათად მიწევს მსროლელად გადასვლა. სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობა ერთი გამთამაშებლის აყვანას აპირებს, რადგან ჩემი შემცვლელი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია, ხოლო ამერიკელი უკანახაზელი ამპლუით მსროლელია და მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში ათამაშებს ბურთს.
- როგორ ფიქრობ, "კორიკობრატს" პლეი ოფში მოხვედრის რა შანსი აქვს?
- სეზონი ახალი დაწყებულია და სატურნირო ცხრილის ქვემოთ ყოფნა (7 წაგება, 1 მოგება) არ ნიშნავს, რომ შანსი არა გვაქვს. უმაღლეს ლიგაში მონაწილე 12 კლუბი ოთხ წრედ თამაშობს და ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა. ასე რომ, თამაშის გამოსწორების შემთხვევაში საპლეიოფო რვა გუნდში მოხვედრა რეალურად მიმაჩნია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"