მანუჩარ მარკოიშვილი: გზა "მართვედან" "გალათასარაიმდე"

AutoSharing Option
თუ 2012-13 წლების სეზონში ევროლიგაზე სამი ქართველი თამაშობდა, წლეულს მხოლოდ ერთია. თუმცა მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის პირველივე ტურის შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და ექიმებმა აქილევსის მყესის ოპერაციის შემდეგ სამთვიანი დასვენება გამოუწერეს.

სეზონის მეორე ნახევარში მანუჩარი "გალათასარაის" დაუბრუნდება და გუნდთან ერთად როგორც თურქეთის ჩემპიონატის, ასევე ევროლიგის მოგებისთვის იბრძოლებს.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესოა, რა ეტაპია "გალათასარაი" მანუჩარის კარიერაში. ამის განსაზღვრისთვის საჭიროა, მის ყოფილ
კლუბებში "შევიაროთ". მარკოიშვილის კარიერაში თითოეულ გუნდს თავისი დანიშნულება ჰქონდა: "ბენეტონში" თამაშისას ევროპული კალათბურთის მწვერვალთან მიახლოვების სიხარული განიცადა...

"მიტელდოიჩერმა" გვიჩვენა, რომ მხოლოდ
ფულიან გუნდებს არ ხელეწიფებათ თასის მოგება... შემდეგ იყო სლოვენიის "ოლიმპია", სადაც მანუმ დაცვაში თამაში დახვეწა და ევროლიგაზე საკუთარი გვარი გამოფინა...

რომ არა ტრავმა, იგი NBA-ს დრაფტზე დადგებოდა. "ოლიმპიას" მოჰყვა "კიევი", რომელშიც ლიუბლიანელებზე გაცილებით მეტ ფულს ხარჯავდნენ, ევროვარსკვლავები თამაშობდნენ და ულების თასის მოგების პრეტენზიას აცხადებდნენ... თუმცა "კიევს" პირველ სეზონში ხელი მოეცარა...

მარკოიშვილმა ტოპ-გუნდისკენ სვლა განაგრძო იტალიიდან, სადაც "კანტუსთან" ერთად ევროლიგაზე ისევე გაიხსნა, როგორც პატარაობაში, საქართველოში, თანატოლთა შორის ასპარეზობისას.

ტოპ-გუნდები, რომელთა შორის "გალათასარაის" ხსენება უკვე შეიძლება, პერსპექტივაზე ნაკლებად მუშაობენ - ჩამოყალიბებული, დაწმენდილი სპორტსმენებით ძლიერდებიან. ასეა საფეხბურთო "გალათასარაიშიც".

მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ოღონდ ზემოდან ქვემოთ მივყვეთ. 2013-დან ნელ-ნელა დავეშვათ 2002-მდე.

- მანუ მებრძოლია, თავს არ ზოგავს. თუ ქვეყანას სჭირდება, ტრავმიანიც თამაშობს, მაგრამ რადგან ესპანეთთან მატჩს მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხში მნიშვნელობა არ ჰქონდა, მანუჩარი დავასვენე, - ეს იგორ კოკოშკოვმა 2013 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩის შემდეგ მითხრა.

დღეს, როცა სპორტი ბიზნესად იქცა, ფეხის გაკაწვრაც საკმარისია ზოგიერთი უცხოელისთვის ნაკრებზე უარის სათქმელად. მაგრამ საქართველოს ნაკრებში ასე არ ხდება.

აი, რა თქვა იგორ კოკოშკოვმა 2009 წელს: ჩემი შეგირდები გმირები არიან, იმის ნაცვლად, რომ ზაფხულში, კლუბისგან მოცალეობის ჟამს სხვა კალათბურთელების მსგავსად დაისვენონ, ნაკრებში ულაპარაკოდ ჩამოდიან და ვარჯიშებისას თავს არ ზოგავენო.

სწორედ ამიტომ დაუფასდათ შრომა და ზედიზედ ორჯერ ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე.

2013 წელს, სლოვენიის ევრობასკეტზე თამაშს მანუჩარ მარკოიშვილი ასე აფასებს:

- ჩვენი გუნდის გამოსვლას ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ: ცუდია, რომ ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და რაც შეეძლოთ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს...

მარკოიშვილს საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული. დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, თუმცა 2010 წლამდე მხოლოდ 11 შეხვედრაში ჰქონდა მორგებული ნაკრების მაისური. ამის მიზეზი ტრავმები იყო:

- ძალიან განვიცდიდი, როცა გუნდს ჩემი დახმარება სჭირდებოდა და მოედანზე გასვლა არ შემეძლო. სპორტსმენისთვის ამაზე მკაცრი სასჯელი არ არსებობს. ყოველთვის ვამბობდი: ჩემი პირველი ოცნება საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია. სავსე ტრიბუნების, ტელეეკრანებთან მსხდომი გულშემატკივრების გარდა ნაკრებში გამოსვლისას საშუალება მეძლევა გავახარო ოჯახის წევრები, ყველა ახლობელი, გამარჯვება მათ ვუძღვნა.

Sportall.Geგალათასარაი
2013 წლის იანვარში მანუჩარმა იტალიური "კანტუ" დატოვა და თურქულ "გალათსარაიში" გადავიდა.

ეს ტრანსფერი მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა საბოლოოდ, როგორც თავად ამბობს, სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან უფრო ძლიერი შემადგენლობის "გალაში" ფეხიც იოლად მოიკიდა და თურქეთის ჩემპიონიც გახდა.

- თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი და ახლაც ამ აზრზე ვარ. ერთადერთი უარყოფითი მომენტი "კანტუს" დატოვება იყო. გუნდის წევრებთან, გულშემატკივრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მათთან განშორება გამიჭირდა.

მანუ "გალათასარაიშიც" ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა:

- "კანტუში" ბურთი უმეტესად მე მქონდა, გათამაშებაც მიწევდა. "გალათასარაიში" კი განსხვავებულ სისტემაში აღმოვჩნდი. ყველა კალათბურთელი ევროლიგაზე გამოცდილია და კონკურენციაც დიდია.

კომბინაციების დაგვირგვინება მეც ხშირად მიწევს, თუმცა ქულები მთავარი არ არის, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი გადამწყვეტ მომენტებშიც მენდობა. მეც ვცდილობ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.

Sportall.Geკანტუ
კანტუში მარკოიშვილი 2009-10 წლების სეზონიდან თამაშობდა.

- "კანტუს" მწვრთნელმა, ანდრეა ტრინკიერიმ კიევში 2009 წლის გაზაფხულზე დამირეკა და თავის გუნდში მიმიწვია.

მისი თქმით, "კანტუ" უნდა ყოფილიყო ხიდი ევროლიგის დონის გუნდამდე, - გაიხსენა მანუჩარმა.

სინიორ ანდრეამ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა: მანუჩარი ის კალათბურთელია, რომელსაც შეუძლია მაღალი დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბებაო...

მანუ "კანტუშიც" იგივეს აკეთებდა, რასაც "კიევში" - გადამწყვეტი ტყორცნებით გუნდს თამაშებს აგებინებდა, თუმცა მისი თითოეული ნაბიჯი იტალიაში უფრო მკაფიოდ ჩანდა, ვიდრე - უკრაინაში...

2012-13 წლებში იტალიელებმა ევროლიგაზე არაერთი გრანდი გაამწარეს, ხოლო მეორე ეტაპის ბოლო მატჩში ლიტვაში, "ჟალგირისთან" მარკოიშვილმა 32 ქულა ჩააგდო და ტურის MVP-ად დასახელდა.

აი, რისთვის ემზადებოდა მანუ "კანტუში".

Sportall.Geკიევი
"კანტუმდე" იყო "კიევი". 2007 წელს უკვე გამოცდილ მარკოიშვილს ახალი სიმაღლე სჭირდებოდა.

მას ჰქონდა შეთავაზებები ესპანეთიდან, თუმცა სლოვენიელმა მწვრთნელმა, ტომო მაჰორიჩმა დაურეკა და უთხრა: "კიევში" კარგ გუნდს ვაშენებთ, ძლიერი შემადგენლობაა (ჯეტერი, მარავიჩი, ფეისონი), ულების თასის მოგებას ვაპირებთ და ევროლიგაზე გვინდა გავიდეთო...

ქართველ უკანახაზელს სწორედ ასეთი გუნდი სჭირდებოდა. მან პირველივე სეზონში გამოიჩინა თავი: ულების თასზე 14 მატჩში საშუალოდ 11.4 ქულას აგროვებდა, თუმცა "კიევმა" პლეიოფში პოლონურ "ტუროვთან" დათმო და ევროლიგაზე ოცნებას დაემშვიდობა.

მომდევნო სეზონში კიეველებმა ევროჩელენჯი ითამაშეს. ამ ტურნირის რეგულარული ეტაპის დასრულებას ორი ტური უკლდა, როცა გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ყველა ლეგიონერი დაითხოვეს გარდა მარკოიშვილისა.

მანუმაც ლიდერობა იკისრა, თურქეთში, "გალათასარაისთან" 23 ქულა ჩააგდო და "კიევი" პლეიოფში გაიყვანა, სადაც ფრანგულ "შოლესთან" დამარცხდა.

დასუსტებული "კიევი" უკრაინის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად მარკოიშვილი დაასახელეს.

- მეოთხე ადგილზე გასული გუნდიდან საუკეთესოს არჩევა პირველად მაშინ გავიგე, გაიკვირვა მანუჩარმა.

Sportall.Geოლიმპია
კომბლე ის კაციაო... სლოვენიის "ოლიმპია" ის გუნდია, ახალგაზრდებს თლის და ევროგრანდებში აწყობსო...

ლიუბლიანელთა შორის სხვადასხვა დროს ახალგაზრდა სტეფანია, ბოისა, შერმადინი, მარკოიშვილი იწრთობოდნენ.

მანუ "ოლიმპიაში" 2004-07 წლებში გამოდიოდა. იგი მალევე იქცა სასტარტო ხუთეულის წევრად, ევროლიგაზე სლოვენიელთა მაისურით პირველ სეზონში საშუალოდ 23.1 წუთში 8.6 ქულას აგროვებდა, ხოლო მეორე წელს 30.1 წუთში 10.6 ქულას.

- "ოლიმპიაში" ბევრი რამ ვისწავლე. ყოფილი იუგოსლავიის სკოლა გავიარე. გუნდში დიდ ყურადღებას დაცვას უთმობდნენ.

ეს კომპონენტი კარგად დავხვეწე, მწვრთნელი მეტოქეთა მთავარი მექულეების შეჩერებას მავალებდა და მეუბნებოდა: შენი დაცვა და ტეემუ რანიკოს ცივსისხლიანობა მჭირდებაო.

ლიუბლიანაში თამაშისას მანუჩარმა კოლექცია სლოვენიის თასითა და ჩემპიონობით შეივსო.

Sportall.Geმიტელდოიჩერი
ყველაზე ხანმოკლე პერიოდი მარკოიშვილმა გერმანულ "მიტელდოიჩერში" გაატარა, თუმცა სამთვიანი მოღვაწეობა ფიბას თასის მოგებით დააგვირგვინა.

გერმანელებმა ფიბას თასის ნახევარფინალში მოსკოვის "დინამო" დაამარცხეს, რაშიც ქართველმა 20-ქულიანი წვლილი შეიტანა.

ფინალში "მგლებმა" ფრანგულ "დიჟონს" სძლიეს 84:68. მარკოიშვილმა 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანგული გუნდის სნაიპერი ვატო ნაცვლიშვილი გახდა 22 ქულა.

- მატჩის წინ მანუჩარს ხუმრობით ვუთხარი, თქვენი გუნდი მაინც დაშლილია, გერმანიის ჩემპიონატში აღარ თამაშობს, ფინალში თავს ნუ
მოიკლავთ-მეთქი, იხსენებს ნაცვლიშვილი.

- მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში აღარ ვთამაშობდით, ფიბას თასის ფინალამდე გუნდი არ დაშლილა. ვატოს და ვიქტორ სანიკიძის დიდი ხათრი მქონდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და თასიც გერმანიაში წავიღეთ, ეს უკვე მანუჩარის სიტყვებია.

Sportall.Geბენეტონი
2002 წელს ნიკა ცქიტიშვილი იტალიური "ბენეტონიდან" NBA-ს ბინადარ "დენვერში" გადავიდა. მის შემცვლელად ტრევიზოში მანუჩარი გამოჩნდა.

- მწვრთნელი, ეტრე მესინა ახალგაზრდებს დიდ ყურადღებას გვაქცევს. მის ნდობას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ბევრს ვსწავლობ, - ეს სიტყვები მარკოიშვილმა 2003 წლის ზამთარში მითხრა.

გაზაფხულზე კი კარიერის მნიშვნელოვანი მატჩი ითამაშა: 15 წუთში 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ის შეხვედრა "ბენეტონმა" "ბარსელონასთან" 65:76 წააგო. როგორც მიხვდით, ლაპარაკია ევროლიგის ფინალზე.

- "ბენეტონთან" ერთად ჩატარებული პირველი სეზონი საოცარი გასახსენებელია. ვითამაშე ევროლიგის ფინალი, რაც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო. ერთ თვეში იტალიის ჩემპიონატი მოვიგე. სწორედ მაშინ, ჩემში შინაგანი მონდომება გაორმაგდა, მინდა ევროლიგის ფინალი კიდევ ერთხელ ვითამაშო...

ბათუმი
ევროპისკენ მიმავალ გზად მარკოიშვილი ბათუმში შეჩერდა, სადაც 2000-დან 2002 წლის მაისამდე ითამაშა.

- "ბასკოში" ორი სეზონი გავატარე. პირველ წელს მე და დათო საყვარელიძე ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და თამაში იშვიათად გვიწევდა. მეორე სეზონში აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა და დიდი დროც გვეთმობოდა.

მანუჩარს აჭარულ გუნდში რა როლი ჰქონდა, ამას დავით თორთლაძის ნათქვამიდან მივხვდებით:

- საქართველოს პირველობის ერთ-ერთი ფინალის საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს და თასი გადმომცეს. მანუჩარ მარკოიშვილთან მივედი და ვუთხარი: ეს თასი შენ გეკუთვნის-მეთქი.

მანუმ ჯილდო არ გამოართვა, თუმცა იმ მომენტში გამორთმევა-არგამორთმევა ბევრს აღარ ნიშნავდა:

- დავით თორთლაძის ნაბიჯი დიდი სტიმული იყო. საქართველოს ნაკრებისა და "ვითას" კალათბურთელები (ნაცვლიშვილი, თორთლაძე, ჟღენტი, ჩერქეზიშვილი, ჩხეიძე...) ჩემთვის სამაგალითონი გახლდნენ. მაშინ ხომ არც NBA-ს მატჩების ყურება იყო შესაძლებელი და არც ევროლიგის...

მართვე
მივადექით მანუს პირველ გუნდს, "მართვეს". 8 წლის მარკოიშვილი მწვრთნელმა ზურაბ სამხარაძემ ჩაიბარა:

- მანუჩარი საშუალო ტანის ბავშვი იყო, შეუპოვრობით გამოირჩეოდა. ზოგიერთი მოზარდი ვარჯიშებისას თავს ზოგავს, ზედმეტად არ იტვირთება. მანუჩარი პირიქით, ბოლომდე იხარჯებოდა. დამჯერი იყო, თვალებში რომ გიყურებდა, ხვდებოდი, რომ მას ყველაფერი კარგად ესმოდა.

ბატონი ზურას სიტყვები რომ მოვისმინე, მანუს ნათქვამი გამახსენდა:

- მხოლოდ ოცნებით კალათბურთელად არ ყალიბდებიან. საჭიროა მონდომება, ვარჯიში. ენერგიის დაზოგვით არამხოლოდ სპორტში, ცხოვრების ბევრ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

Sportall.Ge
ფოტოზე: სადებიუტო მატჩი, 2004 წელი, საქართველო-რუსეთი 87:71

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 3 /
საკაცეთის,წარმომადგენელი სხვაგვარი არ შეიძლება იყოს.წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოს შენ და შენს მოდგმას.
koxre
15:30 29-03-2017
0
მანუ გაიხარე. შენ არამარტო დიდი კალათბურთელი ხარ, არამედ დიდი კაციც ხარ. ბაგრატიჩზე რატომ არაფერს არ წერთ? მანო ეფეთი რომ არის ზურა სამხარაძესთან ერთად , მისი ძალიან მაგარი მამის დამსახურებაა
სტუმარი
19:17 19-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული