მოვიდეს ერთი ჩეხეთი! - ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპამ წილი ჰყარა და ევრო-2015-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობაც შევიტყვეთ - ჩეხეთი, უნგრეთი, პორტუგალია.

- მგონი, გაგვიმართლა, საინტერესო ჯგუფია და კარგია, ჩეხეთიც ჩვენთან რომ მოხვდა. ამ გუნდთან ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები დიდი სხვაობით დამარცხდა და 10 აგვისტოს, თბილისში რევანშის შანსი მიეცემა, - გაგვიზიარა პირველადი შთაბეჭდილება საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ.

ვიდრე თითოეულ მეტოქეზე ცალკე შევჩერდებოდეთ, შესარჩევის ფორმატზე მოგახსენებთ.

გადის 13
უკრაინაში გასამართ 2015 წლის ევრობასკეტზე თამაშის უფლება დაბევებული აქვს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე ათეულს და ესტონეთს, რომელმაც 2013-ში
წინასწარი საკვალიფიკაციო მოიგო.

აი, ზემოთ ნახსენები ათი გუნდი: ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, უკრაინა, სერბეთი, ლიტვა, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ფინეთი.

შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების გარდა, კიდევ 25 გუნდი იასპარეზებს. ისინი წილისყრამ 7 ჯგუფად გაყო, საიდანაც ევრობასკეტი 2015-ის საგზურს პირველადგილოსნები მიიღებენ. მათთან ერთად ფინალურ ეტაპზე გავა ყველა მეორეადგილოსანი, გარდა ერთისა (რომელსაც უარესი მაჩვენებელი აღმოაჩნდება).

ჩნდება კითხვა, როგორ დაითვლება საბოლოო ქულები ოთხგუნდიან და სამგუნდიან ჯგუფებში? პასუხი ფიბა-ევროპას მომზადებული აქვს: ოთხგუნდა ჯგუფებში ბოლოადგილოსანთან თამაშის შედეგები მხედველობაში არ მიიღება და ისევე, როგორც სამგუნდიანში, მხოლოდ სამი ნაკრების ურთიერთდაპირისპირების მაჩვენებლები იქნება გათვალისწინებული.

კალენდარი
კალენდარი წინასწარ იყო შედგენილი, წილისყრას კი უნდა გაერკვია, რომელი გუნდი როგორ რეჟიმში ითამაშებდა. საბოლოოდ, მეორე კალათაში განთესილებს (მათ შორის, საქართველოს) ზედიზედ სამი მატჩის სტუმრად გამართვა ერგოთ, რაც შეიძლება ხანგრძლივი მგზავრობის გამო არასასიამოვნოდ მოგვეჩვენოს.

თუმცა დღესვე თამამად უნდა დავწეროთ: საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ნაკრებს ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი და სამი გასვლითი შეხვედრის შუალედში გუნდის თბილისში დაბრუნება არ დაუშვას.

მგზავრობაზე რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დაიხარჯოს, რათა გუნდის გადაღლა თავიდან ავიცილოთ.

უნგრეთი-პორტუგალია-ჩეხეთის მოვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები შინ დაბრუნდება და ორ მატჩს თბილისში ჩაატარებს - უნგრეთთან და პორტუგალიასთან. წესითა და რიგით, ეს უნდა იყოს გემრიელი ლუკმა.

ვინ არიან?

დავიწყოთ ჩეხეთით, რომელთანაც ჩვენი ანგარიში გვაქვს: გემახსოვრებათ, ევრობასკეტზე 79:95 რომ დავმარცხდით და მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედები სწორედ ჩეხებმა დაგვიმსხვრიეს.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თქვა, ჩეხეთთან მარცხი იმის ბრალი იყო, რომ ჩვენმა გუნდმა წინა დღისით სლოვენიასთან მატჩის შემდეგ ენერგიის აღდგენა ვერ მოასწრო.

დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო 2010 წელს, როცა დაღლილობის გამო ბელგიასთან თბილისში დავმარცხდით. სამაგიეროდ, მომდევნო წელს ევრობასკეტის გახსნით მატჩში ბელგიელებს კუდით ქვა ვასროლინეთ და დავუმტკიცეთ, რომ მათზე ძლიერები ვართ.

საქართველო გახსნით შეხვედრებს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებს და მოვემზადოთ ევროშესარჩევის პირველივე მატჩში ჩეხეთთან ღირსეული რევანშისთვის.

პორტუგალიელებს 2010 წელს ორივე ოფიციალური მატჩი მოვუგეთ: თბილისში 73:56, სტუმრად - 80:57.

უნგრეთი ერთ-ერთი იმათგანია, რომელთანაც ოფიციალურად არ გვითამაშია. ამხანაგურად ბოლოს 2010 წელს სომბათჰეიში დავუპირისპირდით და დავმარცხდით - 82:90. თუმცა ეს გუნდი ჩვენს ჯგუფში ბოლო კალათიდან მოხვდა, თაობათა ცვლის პროცესშია და დღეისათვის არც ის არის ჩვენზე უკეთესი.

A ჯგუფი: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია
B ჯგუფი: ბულგარეთი, ისრაელი, ჩერნოგორია, ჰოლანდია
C ჯგუფი: ავსტრია, პოლონეთი, გერმანია, ლუქსემბურგი
D ჯგუფი: ბელორუსი, მაკედონია, ბელგია, დანია
E ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, ჩეხეთი, უნგრეთი
F ჯგუფი: სლოვაკეთი, შვედეთი, ლატვია, რუმინეთი
G ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, იტალია

კალენდარი
10 აგვისტო
საქართველო-ჩეხეთი
პორტუგალია-უნგრეთი

13 აგვისტო
უნგრეთი-საქართველო
ჩეხეთი-პორტუგალია

17 აგვისტო
პორტუგალია-საქართველო
ჩეხეთი-უნგრეთი

20 აგვისტო
ჩეხეთი-საქართველო
უნგრეთი-პორტუგალია

24 აგვისტო
საქართველო-უნგრეთი
პორტუგალია-ჩეხეთი

27 აგვისტო
საქართველო-პორტუგალია
უნგრეთი-ჩეხეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოვიდა ჩეხების *** დრო, ჩვენი ბიჭები გახევენ შუაზე
badri
13:31 04-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული