მოგეხსენებათ, "ნიქსი" და "ბაქსი" NBA-ს გუნდებია, ეს ლიგა კი მსოფლიოში საუკეთესოა. ამერიკელები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას მსოფლიოს ჩემპიონატსაც უწოდებენ. ასეთ დონეზე მეტოქისთვის "ჯოჯოხეთის მოწყობა" ერთეულებს შეუძლიათ. მათ შორისაა ზაზა ფაჩულია, რომელიც სადღეისოდ NBA-ში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ცენტრად ითვლება.
მხოლოდ თამაშს რომ ვუყუროთ, შეიძლება, ყველაფერი იოლად მოგვეჩვენოს, შეიძლება
მოდით, ფარდა დროებით გვერდზე გავწიოთ და "ტაიმლაინის" რეჟიმში გადავათვალიეროთ ზაზა ფაჩულიას მეტად საინტერესო და დაბრკოლებებით გაჯერებული კარიერა.
1998-2003
კლუბი1998 წლამდე ზაზა ფაჩულია ზურაბ სამხარაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა "მართვეში", საიდანაც თურქულ "ულქერსპორში" გადავიდა. თურქეთში შეიტყო მამის, დავით ფაჩულიას დაღუპვის ამბავი. საქართველოში, ოჯახთან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ დედამ, მარინე ფაჩულიამ გადააფიქრებინა...
სტამბულელებთან ერთად თინეიჯერი ზაზა 2001 წელს თურქეთის ჩემპიონი გახდა, 2003 წელს თასი მოიგო, ხოლო იმავე სეზონში ჩემპიონატის დრამატული ფინალი წააგო "ეფესთან". ერთ-ერთ ფინალში მას კაია პეკერთან შელაპარაკება მოუვიდა და პირველად (და არა უკანასკნელად) გახდა დიდი ჩხუბის მონაწილე.
2003 წლის 9 აპრილს "პანათინაიკოსთან" 92:73 მოგებულ მატჩში ზაზამ 26 ქულა ჩააგდო და ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი NBA-ში მოხვედრის პერსპექტივაზე.
ნაკრები
ფაჩულიას სანაკრებო დებიუტი 2000 წლის 17 მაისს ლუქსემბურგთან წაგებულ (71:92) მატჩში შედგა - 9 ქულა, 9 მოხსნა. მას მერე სანაკრებო ციკლი მხოლოდ 2013 წელს (ტრავმის გამო) გამოტოვა.
თბილისში ფაჩულიამ ნაკრების მაისურით პირველად 2001 წლის 3 ივნისს ითამაშა, ბულგარეთის დამარცხებაში (91:75) 20-ქულიანი წვლილი შეიტანა. შემდეგ მისი 24 ქულითა და 19 მოხსნით ბელორუსს 83:78 ვძლიეთ. მადლიერმა ქომაგმა იგი ჰაერში აიტაცა.
ბულგარეთთან და ბელორუსთან სტუმრად წაგებების გამო საკვალიფიკაციოდან შესარჩევ ეტაპზე ვერ გავედით.
2003-05
კლუბი2003 წლის NBA-ს დრაფტზე ზაზა ფაჩულია "ორლანდო მეჯიქმა" 42-ე ნომრად აიყვანა. ახალგაზრდა ქართველი 59 მატჩში საშუალოდ 11.3 წუთში 3.3 ქულასა და 2.9 მოხსნას აგროვებდა.
ამერიკაში პირველად 2004 წლის 19 იანვარს, "მილუოკი ბაქსთან" მატჩში ასცდა 10-ქულიან ნიშნულს (11 ქულა, 5 მოხსნა) და "ორლანდოს" იშვიათი გამარჯვების თანაშემოქმედი გახდა.
2004-05 წლების სეზონში ფაჩულია "მეჯიქიდან" სწორედ "მილუოკიმ" გადაიყვანა. სასტარტო ცენტრ დენ გაძურიჩთან კონკურენციაში ზაზამ "ბაქსში" 74 მატჩი ჩაატარა, 18.9 წუთში 6.2 ქულასა და 5.1 მოხსნას აგროვებდა.
პირველი NBA-ური ორმაგი დუბლი 23 თებერვალს, "ნიუ ჯერსისთან" შეასრულა - 14 ქულა, 12 მოხსნა.
ნაკრები
2004 წელს ნაკრებში ახალი ეპოქა დაიწყო. სამწლიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი რუსეთთან ჩაატარა და 87:71 მოიგო. ზაზამ 19 ქულა და 21 მოხსნა გაიფორმა.
ეს იყო საკონტროლო შეხვედრა. B დივიზიონში პირველი ოფიციალური მატჩი თბილისში, ფინეთთან ჩავატარეთ და 85:78 ვიმარჯვეთ. ფაჩულია: 30 ქულა და 12 მოხსნა...
ჯგუფში მაკედონიამ გვაჯობა და B დივიზიონში ჩავრჩით.
2005-07
კლუბი2005 წელს NBA-ს დაუბრუნდა "შარლოტი", რომლისთვისაც სპეციალური დრაფტი გაიმართა და "მილუოკიმ" მისთვის ქართველი ცენტრი გაიმეტა. "შარლოტმა" არ აიყვანა, სამაგიეროდ, თავისუფალ აგენტთა ბაზარზე ზაზა "მშენებარე" "ატლანტამ" შენიშნა, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და არც უნანია.
პირველ სეზონში ფაჩულიას მონაგარი შთამბეჭდავი იყო: 78 მატჩი, 31.4 წუთი, 11.7 ქულა, 7.9 მოხსნა.
მომდევნო სეზონში მან ქულათა საშუალო მონაგარი გააუმჯობესა: 72 შეხვედრა, 12.2 ქულა, 6.9 მოხსნა.
2007-ში დამყარებული პირადი რეკორდი ჯერაც "ცოცხალია" - 7 მარტს "ვაშინგტონთან" ფაჩულიამ 27 ქულა მიითვალა.
ნაკრები
2006-07 წლებში საქართველოს ნაკრებმა მეორედ ვერ გადალახა B დივიზიონის ბარიერი. ამჯერად ჯგუფიდან ჩვენ ნაცვლად ფინეთი გავიდა. ყველაფერი ისლანდიაში დრამატულმა წაგებამ გადაწყვიტა - 75:76.
2006 წლის 13 სექტემბერს, ფინეთთან, ჰელსინკში (81:91) კაპიტანმა აბსოლუტური სანაკრებო რეკორდი დაამყარა: 36 ქულას მოუყარა თავი. არაოფიციალურ მატჩებში კი რეკორდი 39 ქულაა, ისიც ზაზას ანგარიშზეა - 2007 წელს მაკედონიასთან (86:82).
2008-09
კლუბი2008 წლიდან "ატლანტასთვისაც" გაიღო პლეი ოფის კარი და საქართველოს ნაკრებისთვისაც. ეს ის წელია, როცა ფაჩულია მსოფლიომ გაიცნო - კევინ გარნეტთან ჩხუბის შემდეგ.
"უკან დახევა ქართულ ხასიათში არ ზის. ამიტომაც არაფერი დავუთმე გარნეტს", - ჩვენი ხასიათი მსოფლიოს გააცნო ზაზამ.
მისი დამსახურებით, "ატლანტამ" ის შეხვედრა მოიგო, მაგრამ გადამწყვეტი, მეშვიდე თამაში "ბოსტონში" წააგო და ბრძოლას გამოეთიშა. იმ სეზონში "ბოსტონი" NBA-ს ჩემპიონი გახდა.
მომდევნო წელს "ატლანტა" უფრო წინ წავიდა, "მაიამი" მოიტოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალი ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდთან" დათმო.
ფაჩულიას 2008 და 2009 წლებში სათამაშო დრო შეეზღუდა და ქულებმაც, შესაბამისად, იკლო.
ნაკრები
2008-ში რუსეთთან ომის გამო საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა სტუმრად ჩაატარა, 2009-ში კი ყველა მეტოქეს თბილისში უმასპინძლა.
შინ უშუალო კონკურენტი შვედეთი 82:72 დავამარცხეთ და პლეი ოფში შევხვდით ბელორუსს, რომელსაც ორივეჯერ ვაჯობეთ და A დივიზიონის ნანატრი საგზური მოვიპოვეთ.
ამ ეტაპზე ზაზას მონაგარი 10 მატჩში 17.9 ქულა და 8.5 მოხსნა იყო.
2010-11
კლუბი2010 წელს პლეი ოფში "ატლანტამ" "მილუოკი" ჩამოიცილა, თუმცა "ორლანდოსთან" 0:4 წააგო. მომდევნო, 2011 წელს ახალი მწვრთნელის, ლარი დრიუს ხელმძღვანელობით, ჯორჯელებმა პლეი ოფში ჯერ "ორლანდოს" სძლიეს, შემდეგ "ჩიკაგოსთან" დაეცნენ.
ამ ორ სეზონში ფაჩულიას წუთობრივი მონაგარი 14-16-ს შორის მერყეობდა, ქულათა მაჩვენებელი 4.4-მდე დაეცა.
ნაკრები
2010 წელს ევრო-2011-ის შესარჩევი საქართველომ პოლონეთის ძლევით გახსნა - 84:65. მეტოქის ლიდერმა მარცინ გორტატმა ნამატჩევს აღიარა: ფაჩულიამ გამანადგურაო. ზაზამ პოლონეთთან 26 ქულა ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ბელგიის შემდეგ მეორე ადგილზე დაასრულა. ამასობაში, ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდეს და საქართველო პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე.
ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე ფაჩულიამ 5 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 13 ქულას აგროვებდა. თუმცა, ბულგარეთთან შეხვედრაში კუნთი გაუწყდა და მეორე ეტაპზე გუნდს ვეღარ დაეხმარა.
2012-13
კლუბი2011-12 წლების სეზონში მწვრთნელმა ლარი დრიუმ ფაჩულიას ნდობა გამოუცხადა, საშუალოდ 28.3 წუთს ათამაშებდა და სანაცვლოდ 7.8 ქულასა და 7.9 მოხსნას იღებდა.
ამ სეზონში ზაზამ NBA-ში მოხსნების პირადი რეკორდი გააუმჯობესა: "იუტასთან" ოთხოვერტაიმიან მოგებულ მატჩში (139:133) ბურთი 20-ჯერ მოხსნა.
"ატლანტა" 2012 წელს პლეი ოფს პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა. ამაში "დამნაშავე" "ბოსტონი" იყო.
2012-13 წლების სეზონი ფაჩულიამ მარტში დაასრულა: აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე დაისვენა.
ნაკრები
2012 წელს, შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ზაზა ტრავმირებული თამაშობდა, თუმცა თავისი საქმე მაინც გააკეთა (18.6 ქულა, 7.6 მოხსნა). გუნდი ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე გავიდა.
სლოვენიურ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები ნაოპერაციები ფაჩულიასა და შენგელიას გარეშე გაემგზავრა.
2013-15
კლუბი2013 წლის ზაფხულში ზაზას "სან ანტონიოც" ეპატიჟებოდა, მაგრამ ნაცნობ მწვრთნელ ლარი დრიუსთან "მილუოკიში" წავიდა, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა (სეზონში 5.2 მილიონი დოლარი). სწორადაც მოიქცა - 2013-14 წლების სეზონში გუნდის ლიდერად იქცა.
თითქმის ყველა შეტევით კომბინაციაში მონაწილეობდა. ამერიკელ ჟურნალისტებს არაერთხელ უკითხავთ: ფაჩულია გამთამაშებელია თუ ცენტრიო? შარშან მან პასებში კარიერის რეკორდი გაიუმჯობესა - საშუალოდ 2.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, არადა, მანამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1.5 პასი იყო.
7.7 ქულა, 6.3 მოხსნა 25.0 წუთში - ასეთი იყო ზაზას 2013-14 წლების სეზონის მონაგარი. "მილუოკიმ" კი პლეი ოფში ვერ გააღწია.
2014 წლის ზაფხულში მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ ჯეისონ კიდით შეცვალეს. ბევრისთვის მოულოდნელად, NBA-ს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი გამორჩეულია და ლიგის გრანდებსაც უგებს. ზაზამ საუკეთესო მატჩი "ნიუ იორკთან" ჩაატარა, 14 ქულა, 13 მოხსნა, რაც მისთვის NBA-ური კარიერის 68-ე ორმაგი დუბლი გამოდგა.
ნაკრები
ევრობასკეტი-2015-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა შინ ყველა მატჩი ეფექტურად მოიგო, სტუმრად მხოლოდ პორტუგალიას აჯობა, ისიც ოვერტაიმში.
ამის მიუხედავად, საშინაო შეხვედრები იმდენად ეფექტურად ჩავატარეთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი არც უნგრეთს დავუთმეთ და არც ჩეხეთს.
ფაჩულიას როლზე მისი მონაგარი მოკრძალებულად მეტყველებს: საშუალოდ 32.5 წუთი, 17.5 ქულა, 7.8 მოხსნა, 3.3 პასი.
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრა 9 დეკემბერს გაიმართება.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"