ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ! - ექსკლუზიური ინტერვიუ იგორ კოკოშკოვთან

AutoSharing Option
სექტემბერში საქართველოს ნაკრებს მესამე ევრობასკეტი ელის. გულშემატკივარიც ელის - თამაშებსაც და მოგებებსაც. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან ოთხი ნაკრები მერვედფინალში გადის, რაც ჩვენი გუნდის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. პლეი ოფი, მერვედფინალიდან ფინალამდე საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი თუ ხედავს საქართველოს ნაკრებს საფრანგეთში.

სერბ სპეციალისტს სწორედ ეს შეკითხვა დავუსვით. ამომწურავადაც გვიპასუხა, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალამდე ჯგუფური ეტაპია (რომელიც ხორვატიაში ჩატარდება), მანამდე - მოსამზადებელი ციკლი, რომლის დაწყებამდე ნაკრების კალათბურთელებს კლუბებში აქვთ სეზონი წარმატებით
ჩასამთავრებელი.

იგორ კოკოშკოვი კონტრაქტით "კლივლენდ კავალიერსთანაა" დაკავშირებული, თუმცა მთავარ მწვრთნელად დევიდ ბლატის მისვლის შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა და კოკოშკოვიც ბლატის შტაბის წევრი აღარ არის. როგორც თავად გვითხრა, გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა კლუბებთან მუშაობს. ბოლოს დალასში ვიყავი, შემდეგ კი ფინიქსში დავბრუნდიო, აღნიშნა ნაკრების თავკაცმა.

რადგან NBA-ს კლუბებზე ვსაუბრობთ, ინტერვიუც ამავე ლიგის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდით დავიწყოთ.

(ინტერვიუ იგორ კოკოშკოვის თბილისში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი)

- "მილუოკი ბაქსი" აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გუნდია. მასში კარგადაა შერეული ახალგაზრდუული ემოცია და გამოცდილება. "მილუოკიში" ბევრი მეგობარი მყავს და მიხარია, რომ წარმატებულ სეზონს ატარებს. "ბაქსი" იმ გუნდების კატეგორიიდანაა, რომლის დამარცხება ძალიან ძნელია.

- ზაზა ფაჩულიას წვლილზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- როცა ფაჩულია მოედანზეა, გუნდი უფრო თავდაჯერებული თამაშობს. ზაზა მრავალმხრივი კალათბურთელია და თანაგუნდელებს სათანადოდ ეხმარება ყველა კომპონენტში. რაც მთავარია, გუნდის სტაბილურობის განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ზაზას დასახელებაც შეიძლება. იგი ძალიან სტაბილურია.

- ფაჩულია ახლახან იყო ევროპაში, "მილუოკისთან" ერთად ლონდონში ითამაშა, თქვენ როდის აპირებთ ჩამოსვლას?
- თებერვლის დასაწყისში თბილისში ვიქნები. დავესწრები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, უშუალოდ თამაშში ვნახავ ნაკრების კანდიდატებს. შევხვდები კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ერთად დავსახავთ საზაფხულო მზადების გეგმას, რომლის დიდი ნაწილიც მზადაა.

- თქვენი დასწრება დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებისთვის.
- მეც ამის იმედი მაქვს. ვეცდები, რითაც შემეძლება დავეხმარო.

- საზაფხულო გეგმებში ბევრ ძლიერ გუნდთან შეხვედრაა ჩასმული, იტალიასთან, ლატვიასთან, საფრანგეთთან... როგორ ფიქრობთ, ასეთი დაგეგმარებით ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით?
- სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ევროპის ჩემპიონატზე მესამედ ვითამაშებთ და საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა საიმისოდ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ყოველგვარი ლაფსუსი თავიდან ავიცილოთ. თუმცა მთავარი მაინც კალათბურთელთა ჯანმრთელობაა.

ნაკრების წევრები ამჟამად კლუბებში თამაშობენ და მინდა თითოეულ მათგანს წარმატებული სეზონი ვუსურვო. მათთან კონტაქტი ახლაც მაქვს და თამაშებსაც თვალს ვადევნებ. იმედი მაქვს, საკლუბო სეზონის შემდეგ ყველა ჯანმრთელად იქნება. შარშან სამი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა მეამაყება, რომ გადაწყობა მოვახერხეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

- შარშან ტრავმირებულთა შორის იყო ამერიკელი რიკი ჰიკმანი, რომელიც ამჟამად "ფენერბაჰჩეში" ასპარეზობს. მასთან თუ გაქვთ კავშირი და აპირებს თუ არა წლეულს ჩვენს დახმარებას?
- როგორც უკვე ვთქვი, ევროპაში გამოსამგზავრებლად ვემზადები. სტამბოლშიც გავჩერდები, სადაც ჩემს მეგობარ ჟელიმირ ობრადოვიჩს შევხვდები. სწორედ ის წვრთნის "ფენერბაჰჩეს". ცხადია, რიკი ჰიკმანსაც დაველაპარაკები და ვიმედოვნებ, ამ ზაფხულს არ შეექმნება პრობლემები.

აქვე ისიც მინდა აღვნიშნო: გასულ სეზონში მხოლოდ ქართველებით ვითამაშეთ. წარმატებითაც. ჰიკმანის არყოფნაში ძალიან კარგად გაისარჯა ახალგაზრდა დუდა სანაძე. გვყავს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც ნელ-ნელა ეწერებიან ნაკრებში.

რიკი ჰიკმანის დახმარება საჭიროა, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტული მაინც ქართველების წინ წამოწევაა.

- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მეტოქეების შესახებ მოკლედ რისი თქმა შეგიძლიათ?
- პირველ რიგში ვიტყვი: ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შედეგები არა მეტოქეებზე, არამედ ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურს, ყველასთან გვაქვს შანსი.

- ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებაზე მუშაობს. თუ ასე მოხდა, ბერძნებს საუკეთესო გუნდი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან მოგება არ შეიძლება, ან აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიას იოლად ვაჯობებთ.

ნიდერლანდელებმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური და თავისი გათვლები ექნებათ. მათთან შეხვედრასაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც საბერძნეთთან დაპირისპირებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ასეთი რთული გრაფიკის პირობებში ბევრს გადაწყვეტს სწორი გათვლები, გრძელი სათადარიგოთა სკამი.

- ხორვატიისა და სლოვენიის ნაკრებებიც ჯგუფის ფავორიტთა შორის უნდა მივათვალოთ.
- ჩვენი ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბალკანური ქვეყანა მასპინძელი იქნება. სლოვენიელები და მაკედონიელები დარბაზს პირამდე გაავსებენ, ხორვატებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ პირობებში კი ძნელია სტუმრად თამაში.

ხორვატიის ნაკრები არა მხოლოდ ჯგუფში, ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, პროგრესირებადი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. მასში ხომ დარიო სარიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ანტე ტომიჩი თამაშობენ...

- საქართველოს ნაკრების ადგილს თუ ხედავთ საფრანგეთში, ლილში?
- როგორც აქამდე, საქართველოს ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე ყოველ კონკრეტულ დღეს უახლოეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

ერთი ვიცი, რომ მეტად დატვირთული დღეები გველის. რაც შეეხება საფრანგეთში, მერვედფინალში ვხედავ თუ არა საქართველოს ნაკრებს, მოკლედ გიპასუხებთ: ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა უბედურებაა ეს ლელოს რეკლამა
0
წარმატებები ნაკრებს
ტიჯანა513
23:37 31-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული