თორნიკე შენგელია: საქართველოს ნაკრების ოცნება ოლიმპიადაზე გასვლაა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებსა და შანსებზე მსჯელობს. გთავაზობთ მის კომენტარებს.

მიზანი
- არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვინ რას ამბობს, ვის ვინ მიაჩნია ფავორიტად, მაგრამ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გავაკეთებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ჩავალთ ევრობასკეტზე და 200 პროცენტით დავიხარჯებით, ვიბრძოლებთ ყოველი ბურთისთვის, ყოველი მეოთხედის, ყოველი მატჩის მოსაგებად.

ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ოცნებაა მსოფლიოს ჩემპიონატზე ან ოლიმპიადაზე მოხვედრა. ამის მიღწევა ევრობასკეტზე მაღალი ადგილის დაკავებით შეიძლება. ნებისმიერი სპორტსმენი ოცნებობს ოლიმპიადაზე, თუმცა ამაზე
ზაგრებში ჩასულებმა არ უნდა ვიფიქროთ.

ჩვენი პირველი ამოცანა ჰოლანდიასთან თამაში იქნება, შემდეგ სლოვენიასთან და ა.შ. თამაშიდან თამაშამდე წინ უნდა ვიაროთ და სწორი მიდგომით მიზნის მიღწევაც შეიძლება.

შანსი
- საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. მთავარია, ხორვატიაში ჯანმრთელები ჩავიდეთ და ჩვენი თამაში ვუჩვენოთ. 2011 და 2013 წლებში, ევრობასკეტზე სლოვენიის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ. ძალიან კარგი გუნდია.

ასევე, დავუპირისპირდით ხორვატიას, რომელთანაც მძიმე ბრძოლაში ბოლო წამებზე დავმარცხდით. თუმცა 2013-ში ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავემგზავრე. იმედი მაქვს, ზაგრებში ვითამაშებ და საქართველოს ნაკრები ისე გამოვა, რასაც მისგან გულშემატკივარი ელის.

ჯგუფის მხოლოდ სამი მეტოქე ვახსენე. რეალურად, ყველა მოწინააღმდეგე ძლიერია და თითოეული მატჩის მოსაგებად დიდი ბრძოლის გადატანა დაგვჭირდება.

პლუსი
- საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი 2008 წლიდან მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად მეორე დივიზიონიდან მოდის და იმდენი მოახერხა, მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

შეთამაშება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პლუსია, მით უმეტეს, სანაკრებო დონეზე, როცა ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად მოკლე დრო გაქვს. შემადგენლობაში ყოველწლიურად ბევრი კალათბურთელი რომ იცვლება, ძნელია ერთიანობის შენარჩუნება და შეთამაშება, ხოლო ძირითადი ბირთვი უცვლელი რომ რჩება, ეს საქმეს ერთიორად აადვილებს.

მნიშვნელობა
- ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პატივია... დიდი პატივია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენ საკუთარ სამშობლოს. საქართველოს ნაკრები ჩემთვის სასარგებლოცაა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვარ და ყოველი მატჩი მეტ გამოცდილებას, მეტ თვითრწმენას მმატებს.

* * *
დროის უკან გადახვევა რომ შეეძლოს, თორნიკე შენგელია ამერიკაში წავიდოდა თუ ევროპაში დარჩებოდა? ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ჟურნალი "ლელო week"-ი წაიკითხეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებს!
Lafacha
14:40 12-02-2015
0

სიახლეები პოპულარული