ვიქტორ სანიკიძე: ევრობასკეტზე ჯოჯოხეთურ ჯგუფში მოვხდით

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის მკითხველს შევთავაზეთ სერბული გამოცემა Mozzartsport.com-ის სტატია ვიქტორ სანიკიძის შესახებ. პირველ ნაწილში იგი თავის ტრავმაზე ლაპარაკობდა, დღეს კი საქართველოს ნაკრებსა და ევრობასკეტს შეეხება.

"ფორვარდი სანიკიძე ამბობს, ხანგრძლივი უქმობის შემდეგ კალათბურთის თამაში მოენატრა და მოუთმენლად ელის ეროვნული გუნდის შეკრებას. ქართველები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში მოხვდნენ, საბერძნეთს, ხორვატიას, მაკედონიას, სლოვენიასა და ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან.

- ზოგის შეხედულებით, რთული ჯგუფი არ არის, ჩემი აზრით, პირიქითაა - ჯოჯოხეთული ჯგუფია.

ქვეყნის სახელის დაცვა ევროპის ჩემპიონატზე ნებისმიერი ქართველი კალათბურთელისთვის დიდი პატივია. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზაზა
ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ ბევრი კარგი ნაკრების ძლევა შეგვიძლია.

ჩვენი დამარცხება ევრო-2015-ზეც ნებისმიერი გუნდისთვის რთული იქნება, რადგან ყოველ მატჩში ბოლომდე ვიბრძვით. თუმცა საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კალათბურთელთა ჯანმრთელობას, რადგან საერთაშორისო არენაზე გამოცდილი მოთამაშეების სიუხვით განებივრებულები არ ვართ და ტრავმები გუნდის თამაშზეც ისახება.

საქართველოს ნაკრების თითოეულ კალათბურთელს დიდ პატივს ვცემ, ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, შვიდი-რვა მოთამაშით ვასპარეზობთ. ევრობასკეტზე კი ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება რომ მოგვიწევს, თუ სათანადო როტაცია არ იქნება, წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

სანიკიძე ჯგუფის მთავარ კონკურენტად საბერძნეთს მიიჩნევს:

- საბერძნეთი არა მხოლოდ ჯგუფის, ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიმაჩნია. როგორც ამბობენ, ელინები ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდით ჩამოვლენ. ხორვატიამ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია. იგი განსაკუთრებით საშიში საკუთარ მოედანზე, ხორვატი ქომაგების წინაშე იქნება.

სლოვენიის სიძლიერის შესახებაც ყველას მოეხსენება, მაკედონია - საკალათბურთო ქვეყანაა.

შედარებით გამოუცდელი ჰოლანდიაა, რომელიც ეცდება დაამტკიცოს, რომ ევრობასკეტზე შემთხვევით არ მოხვედრილა და ყოველ მატჩში ბოლომდე იბრძოლებს.

29 წლის თავდამსხმელი მერვედფინალისკენაც იხედება:

- ჩვენი ჯგუფის მეოთხეადგილოსანი D ჯგუფის პირველს შეხვდება. დიდი ალბათობით, D-ში ლიტვა გაიმარჯვებს. ასეთ გუნდთან მერვედფინალში დაპირისპირება კი არავის სურს. თუმცა ბევრი რამ სხვადასხვა ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული - შესაძლოა, რომელიმე ფავორიტს ესა თუ ის მატჩი ჩაუვარდეს, რითაც მეტოქეს კარგი შანსი გაუჩნდება.

სხვათა შორის, ლიტვას ამხანაგურად რამდენჯერმე ვეთამაშეთ და ბოლო წუთებამდე არ იყო გარკვეული გამარჯვებულის ვინაობა. ერთი შეხვედრა ოვერტაიმში დავთმეთ. პირველ ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მეოთხე ადგილს თავი ავარიდოთ და უფრო მაღალი პოზიცია დავიკავოთ.

მერვედფინალის დაძლევის შემთხვევაში კი 2016 წლის ოლიმპიადის კონტურებიც გამოიკვეთება.

ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ჩემი და ჩემი გუნდის ოცნებაა. თუ ამას მივაღწიეთ, ეს იქნება ყველაზე მაღალი წერტილი ჩემს კარიერაში.

საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია, სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი წვრთნის...

- ო, კოკოშკოვი! ხალხიც და მეც მადლობლები ვართ იმისთვის, რაც მან საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა. იგორ კოკოშკოვი ჩვენთან 2008 წელს ჩამოვიდა. მაშინ საქართველოში ომი იყო და საშინაო შეხვედრები სტუმრად ჩავატარეთ. მწვრთნელმა ასეთ პირობებში დაიწყო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიეთ, შემდეგ შესარჩევიც კარგად ვითამაშეთ.

2011 წელს კი პირველად მოვხვდით ევრობასკეტზე და პირველივე ცდაზე ჯგუფიდან გავედით. ეს დღეები საქართველოში არასოდეს დაავიწყდებათ, ყველა კალათბურთზე ლაპარაკობდა, ქვეყანაში გმირებად ვიქეცით. ოქროს დრო იყო.

ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ კოკოშკოვთან ხშირი კონტაქტი აქვს, ესაუბრება როგორც კალათბურთზე, ასევე სხვა ცხოვრებისეულ თემებზე. სანიკიძეს საკუთარი შეხედულება აქვს ევრობასკეტის ფავორიტებზე. მათ შორის სერბეთსაც განიხილავს:

- 2014 წელს სერბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში პირველია, მაგრამ ეს არ არის ევროპის ჩემპიონატის მოგების გარანტია. ძველ კონტინენტზე ფავორიტების ვრცელი სია არსებობს: საბერძნეთი, ლიტვა, ესპანეთი, იტალია, რუსეთი, ხორვატია, გერმანია, სერბეთი... ასეთ ნაკრებთა შორის პირველობა თუ გინდა, საუკეთესო შემადგენლობა უნდა გყავდეს და საუკეთესოდ ითამაშო.

ნახეთ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა წინასწარი შემადგენლობა რომ გამოაქვეყნა? ჭკუიდან შეიშლები! მართალია, ნოა არ ითამაშებს, მაგრამ მის გარეშეც NBA-ს ვარსკვლავთა კრებულია - პარკერი, დიაო, ბატუმი...

ვიქტორ სანიკიძეს მის წვერზეც ვკითხეთ. როგორც თავად ამბობს, დიდი წვერის გამო ზოგჯერ 45 წლისა ჰგონიათ.

- ახლა წვერი ძალიან პოპულარულია. საქართველოში წვერს რომ მოუშვებენ, ხუმრობენ, თითქოს, ჩემ გამო გადაწყვიტეს ასე. სიმართლე გითხრათ, წინასწარ ნამდვილად არ დამიგეგმავს ასეთი ზომის წვერის ტარება. 2013 წელს, "სარაგოსაში" რომ ვთამაშობდი, ცოტა რომ წამომეზარდა, გაპარსვა გადავწყვიტე, მაგრამ ნოემბერი იყო და სწორედ მაშინ დაიწყო აქცია "არ გავიპარსოთ ნოემბერში". მეც შევუერთდი და დღემდე ასე ვარ."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცვლა არ მოდის საერთოდ , მომავალში ჩავარდნაა მოსალოდნელი სამწუხაროდ .
zaza
19:35 23-05-2015
0
კაი კაცი ხარ შენ სანიკიძე მაგრამ, არ გინდა ეს ჯოჯოხეთურის თქმა. მშვენიერი ჯგუფია, აბა სომხეთის ავღანეთის, მონღოლეთის ნაკრებებთან ჩვენც კი ვითამაშებთ. წინასწარ თავის დაზღვევა უუნარო გუნდის საქმეა და მე როგორც ვიცი და ვხედავ მაგარი მებრძოლი გუნდი გვყავს. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, თქვენ მაინც გაგვახარეთ
Levan
12:02 23-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული