გიორგიმ გასული სეზონი ჩაამთავრა იტალიურ "კანტუში", რომელთანაც იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალი ითამაშა.
კანტუ
- კარგი სეზონი მქონდა-მეთქი, რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. არც ცუდი იყო. უკეთესი წელიც მქონია და უარესიც. თუმცა არც ის მავიწყდება, როგორ დაიწყო სეზონი - თავიდან გადაწყვეტილი იყო, თითქოს "სარაგოსაში" უნდა მეთამაშა, თუმცა სეზონი დაწყებული იყო, "კანტუში" რომ გადავედი.ამ სეზონში "კანტუ" ამერიკელებზე აწყობილი გუნდი იყო, თან ისეთი უკანახაზელები
არ ვამბობ, რომ ცუდი კალათბურთელები არიან, რამდენიმე მატჩი მათი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ, მაგრამ დიდი გამარჯვებები მაინც მაშინ მოვიპოვეთ, როცა გუნდურად თამაშს ვცდილობდით. მაგალითად, რუსეთის "ხიმკისთან" და იტალიურ "მილანთან".
პლეი ოფი
- გაგვიმართლა: რეგულარული ეტაპის ბოლო ტურში რთული მატჩი მოვიგეთ, ჩვენმა უშუალო კონკურენტმა "პისტოიამ" კი შინ წააგო და ასე მოვხვდით მეოთხედფინალში. ამას ჩვენს მწვრთნელს აბრალებდნენ - ძალიან იღბლიანიაო. ველოდით, რომ მისი იღბლიანობა ადრე თუ გვიან უნდა გამოჩენილიყო და სწორედ რეგულარულის ბოლო ტურში ვნახეთ.
მეოთხედფინალში "ვენეციას" ვეთამაშეთ. ძლიერი გუნდი იყო, თუმცა თანაბარი სერია გამოვიდა და 2:3 დავთმეთ. ბოლო მატჩი სტუმრად ჩავატარეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მოედნის ფაქტორმა მატჩზე გავლენა მაინც მოახდინა. მსაჯების მოქმედებებს არ ეთანხმებოდა რონ არტესტი და იგი თამაშიდან გააგდეს. არადა მატჩი კანტუში რომ ჩატარებულიყო, არა მგონია, მისთვის დისკვალიფიკაციის მიცემა გაებედათ.
რონ არტესტი
- ვიდრე იტალიაში ჩამოვიდოდა, გვეგონა, რომ 36 წლის რონ არტესტი ერთგვარად გაერთობოდა, ძალას არ დაიტანდა, მაგრამ შევცდით. იგი ყოველ მატჩსა თუ ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მოდიოდა, სპეციალურ ვარჯიშებს ატარებდა, რომ გუნდთან წვრთნისთვის ბოლომდე მომზადებული ყოფილიყო. მატჩებზე არაფერს ვამბობ, ვარჯიშებზეც 100 პროცენტით იხარჯებოდა, თავს არ ზოგავდა. ასეთი დონის პროფესიონალთან მუშაობა ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც დიდი გამოცდილება იყო.
არტესტი მეგობრული პიროვნება აღმოჩნდა, უფრო ჩვენთან, ევროპელებთან იყო ახლოს, ხშირად დავდიოდით რესტორანში, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. "კანტუმდე" ჩინეთში თამაშობდა, იქაურ კერძებთან შედარებით იტალიური პიცები და პასტები საოცარიაო. მეც ძალიან მომწონს იტალიური სამზარეულო.
ნაკრები
- ჯერ ტრენაჟორებზე ვარჯიშს შევუდგები, 13 ივლისიდან კი თბილისში მყოფ ნაკრების კანდიდატებთან ერთად ვივარჯიშებ ფიზმომზადებაზე. 13-ისთვის ფიზმომზადების სპეციალისტი ალექსანდრ ჩვოროვიჩი ჩამოვა, 22 ივლისიდან კი სლოვენიაში გავემგზავრებით.მეტოქეები
- პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრებთან გვაქვს. ამ გუნდში ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ჰენკ ნორელი ითამაშებს. ისიც მეფარეა. წილისყრის შემდეგ ნორელს არ შევხვედრივარ, თუმცა "ფეისბუკით" გავარჩიეთ ჩვენი შანსები. მზად იყავი-მეთქი, ვუთხარი. ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ ჰოლანდიასთან მაინც დიდი ყურადღება გვმართებს.
"კანტუში" ხორვატი ბულა თამაშობდა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდებოდა, თუმცა მის პოზიციაზე, მძიმე ფორვარდად ხორვატებს საქმე ასარჩევად აქვთ, ამიტომ ბულა აღარ გამოიძახეს.
მათ სხვა გუნდებთან შედარებით დიდი პლუსი ექნებათ - შინ, ზაგრებში ითამაშებენ. თუმცა კარგად მახსოვს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან თამაში, ერთი ქულის სხვაობით დავმარცხდით. მაშინ ორი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია.
მიმაჩნია, რომ ხორვატებთან წარმატების კარგი შანსი გვაქვს, მთავარია, გუნდურად ვითამაშოთ. გუნდურ კალათბურთს დიდი ძალა აქვს.
სლოვენიელებმა ოლიმპიაკოსელი ბრაიანტ დანსტონი დაიმატეს. მასთან ერთად შარშანწინ ვთამაშობდი. გუნდური ტიპის კალათბურთელია. მოძრავია, ღონიერი, თუმცა არა მგონია, ჩვენთან შეხვედრისას დანსტონმა სლოვენიის სასარგებლოდ მატჩის ბედი გადაწყვიტოს.
2011 წელთან შედარებით მაკედონიელებს ახალგაზრდული ნაკრები ეყოლებათ და ოთხი წლის წინანდელი შედეგის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ.
საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია. ამიტომ, არ ვიცი, ვინ აპირებს ევრობასკეტზე თამაშს და ვინ - არა.
NBA-ში მოასპარეზეები, პაპანიკოლაუ, ანტეტეკუნმპო რომ ემზადებიან ხორვატიაში წასასვლელად, ვიცი. კუფოსისა და სპანულისის ნაკრებში დაბრუნების საკითხი ბოლომდე არ იყო გარკვეული. თუმცა ერთი კაცის დაკლება ბერძნებს ნამდვილად არ უნდა დაეტყოთ, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"