დუდა სანაძე: რაც ამერიკაში წავედი, 17 კგ მოვიმატე, ამის მერე მოვხვდი ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ახალი გამოწვევისთვის ემზადება. მწვრთნელი გამოცდილებთან ერთად ახალგაზრდებზეც აპირებს დაყრდნობას. მათ შორის - დუდა სანაძეზე, რომელსაც დღეს შეგახვედრებთ.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან, რომელსაც სრულად "კვირის ლელოს" შაბათის ნომერში გაეცნობით.

სან დიეგო
- ვერ ვიტყვი, "სან დიეგოსთან" ერთად 2014-15 წლების სეზონი ისეთი გამოვიდა, როგორიც მსურდა-მეთქი. 100 პროცენტით ვერ გამოვავლინე შესაძლებლობები, რაშიც ხელი ტრავმამ შემიშალა. საქმე იმანაც გაართულა, რომ მკურნალობამ შედეგი არ მომცა. ბოლოს იძულებული გავხდი, მწვრთნელისთვის მეთქვა, მკურნალობის მეთოდი შემეცვალა და 3 კვირა დამესვენა. რომ მოვმჯობინდი, კი ვითამაშე, მაგრამ სეზონის
განმავლობაში ბევრი მატჩი რომ გაქვს გაცდენილი, წელს წარმატებულს ვერ დაარქმევ.

- "სან დიეგო" პლეი ოფში კი გავიდა, მაგრამ პირველსავე რაუნდში გამოვვარდით. კოლეჯების ლიგაში წარმატებად პლეი ოფში თამაში სულაც არ ითვლება, იქ დიდ ყურადღებას აქცევენ გუნდის მოგება-წაგებათა ბალანსს. ჩვენ კი მარცხი უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე გამარჯვება. სწორედ ამის გამო მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს და უკვე ახალი დანიშნეს.

მწვრთნელი
- ახალი მწვრთნელი აქამდე "არიზონა სტეიტში" მუშაობდა და თავისთან მიწვევდა. კარგად მიცნობს. მასთან წამოსვლამდეც ვილაპარაკე, მითხრა, საპლეიოფო გუნდს ვქმნით, ისტორიული შედეგი უნდა ვუჩვენოთ. თავს გაუფრთხილდი, რომ ჩამოხვალ, "სან დიეგოში" შენზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ ორმა ლიდერმა კოლეჯი უკვე დაამთავრაო.

როცა მწვრთნელისგან ასეთ რამეს მოისმენ, სულ სხვა განწყობით გახვალ მოედანზე.

ნაკრები
- წილისყრისას ნაკრებები ჯგუფებში ისე გადანაწილდა, რომ ყველას გვსურდა შედარებით სუსტ, მეოთხე ჯგუფში მოვხვედრილიყავით. თუმცა ჩვენი კალათიდან იქ ჩეხეთი მოხვდა. მიმაჩნია, თუ მაღალ მიზნებს ისახავ, შენთვის მეტოქეს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

იოლად დასაძლევი გუნდი ევრობასკეტზე არ ითამაშებს. საქართველოს ნაკრებს კი დამტკიცებული აქვს, რომ ფავორიტებთანაც კარგად შეუძლია თამაში და გამარჯვებაც.

ჯგუფში ხორვატია და სლოვენია ჩვენი დონის გუნდებია, რაც ნამდვილად სასიამოვნოა - ასეთი დონის ნაკრებებთან გატოლება უკვე დიდ აღიარებას ნიშნავს. დანარჩენს უშუალოდ მატჩები გვიჩვენებს.

რაც შეეხება საბერძნეთს, მეგობრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ბერძნები საპრიზო ადგილებს უმიზნებენ, ძლიერი შემადგენლობა ეყოლებათ და ჩვენი ჯგუფის ფავორიტებიც იქნებიან. მათთან დიდი ბრძოლა გველის, ისევე, როგორც მაკედონიასა და ჰოლანდიასთან.

ძმები
- უმცროსი ძმა, ნიკა, 8 წლისაა, კალათბურთზე ჯერ არ დადის. თუმცა ახალი სეზონიდან ისიც შევა დარბაზში. ნიკა ჩემს არც ერთ მატჩს არ ტოვებს, NBA-ში კი "კლივლენდსა" და ლებრონ ჯეიმსს გულშემატკივრობს.

- შუათანა ძმა, სანდრო, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მონაცემები აქვს, საკმარისი სიმაღლეც. ვურჩევ, დიდი ყურადღება მიაქციოს დაცვიდან თამაშს, ფიზიკურად მომძლავრდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაოდენ კარგი ტყორცნაც უნდა გქონდეს, თუ ფიზიკურად ძლიერი არ ხარ, მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ.

ამერიკა
საქართველოს პირობებში მართლაც რთულია ფიზიკურად სათანადოდ მომზადება. ამერიკაში ექიმებიც კარგად გაკონტროლებენ, მწვრთნელებიც, ორგანიზმიდან გამომდინარე, გინიშნავენ ფიზიკურ დატვირთვებს, ტრენაჟორებზე ვარჯიშს. დარბაზებში ბურთის მომწოდებელი მექანიზმებიცაა, თითო გუნდში 7 მწვრთნელია სხვადასხვა ფუნქციით.

მოკლედ, თუ მოინდომებ, კალათბურთელი ნამდვილად გამოხვალ.

სან დიეგოში რომ ჩავედი, მეც ფიზიკურად სუსტი ვიყავი, ოკეანის გაღმა გამგზავრებიდან დღემდე 17 კილოგრამი მოვიმატე. ეს კუნთების მასაა. სწორედ ამის შემდეგ მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული