ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გასული საქართველოს ნაკრები ტრადიციას არ ღალატობს და მესამე ზაფხულია, შეკრების ადგილად ევროპის ცენტრში მდებარე, მყუდრო და მაქსიმალურად კომფორტულ დაბა პოდჩეტრტეკს არჩევს.
სლოვენიის ამ საკურორტო დაბაში ევროსტანდარტების ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი - "ტერმე ოლიმიაა" განთავსებული, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები (მათ შორის არასაკალათბურთოც) და გუნდები გადიან შეკრებებს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სწორედ "ტერმე ოლიმიას" დარბაზში მოუწევს პირველი 2 მოსამზადებელი მატჩის ჩატარება. პოდჩეტრტეკში ქართველებთან სასპარინგოდ ბოსნიის ნაკრები ჩავა - მატჩები 5 და 6 აგვისტოს
სლოვენიაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ სერბი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მისი ამერიკელი ასისტენტი ჯეისონ სტაუდტი.
ცხადია, მწვრთნელთა შტაბის დანარჩენი წევრებიც - დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუშიც პოდჩეტრტეკში არიან.
ნაკრებს 30 ივლისს შეუერთდება ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი, ხოლო 1 აგვისტოს პოდჩეტრტეკში ზაზა ფაჩულიას ჩასვლით ეროვნული ნაკრები სრული, გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბება.
სპორტკომპლექს "ტერმე ოლიმიაში" მთლიანობაში ნაკრების 18 კანდიდატი მოიყრის თავს, საიდანაც, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, საუკეთესოები შეირჩვა და ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი შემადგენლობაც საბოლოო სახეს მიიღებს, რაც, სავარაუდოდ, თბილისის მერიის თასის (14-16 აგვისტო) დასრულების შემდეგ მოხდება.
აქვე დავძენთ, რომ ბოსნიასთან ზემოთხსენებულ 2 სპარინგ-მატჩთან ერთად ქართველებს მოსამზადებელ ცილკში კიდევ 8 შეხვედრის გამართვა მოუწევთ.
თბილისის მერიის თასის ფარგლებში კოკოშკოვის გუნდი იტალიას, ლატვიას და ესტონეთს ეთამაშება.
საქართველოს 2 მატჩი ელის ქალაქ როანში - 21-22 აგვისტოს - მასპინძელ საფრანგეთთან და ბელგიასთან, ხოლო მოსამზადებელ ციკლს იტალიის ქალაქ ტრიესტში დაასრულებს, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ერთად რუსეთს და ამერიკის სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.
წყარო: gbf.ge