საქართველო-იტალია 67:87 - NBA თბილისში! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
- კალათბურთში დავბერდი და ტყორცნების ასეთი მაღალი პროცენტი იშვიათად მინახავს, - საქართველო-იტალიის მატჩის დასრულების შემდეგ აზრი გაგვიზიარა ზურაბ სამხარაძემ, რომლის აღზრდილი ერთბაშად ოთხი კალათბურთელი თამაშობს ეროვნულ ნაკრებში (ფაჩულია, მარკოიშვილი, სანიკიძე და ბურჯანაძე). ცხადია, ბატონი ზურა იტალიელთა ტყორცნის სიზუსტეს გულისხმობდა.

აი, სტატისტიკაც: 30-დან 20 ორქულიანი (66.7%), 22-დან 12 სამიანი (54.5%), 14-დან 11 საჯარიმო (78.6%). პირველი ტაიმის შემდეგ პროცენტული მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ცუდად ითამაშა, მაგრამ როგორ გინდა მოუგო მეტოქეს, რომელიც "ტყვიას ტყვიაში აჯენს"? ლატვიის
ნაკრები კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდა, კალათბურთელები ცდილობდნენ, ერთი თანაგუნდელი თავისუფალ სატყორცნ პოზიციაზე გაეყვანათ. მეორე ტაიმში ეს რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდეც.

იტალიის ნაკრების კალათბურთელები კი მრავალსვლიან, გაუშიფრავ კომბინაციებს სულაც არ ახორციელებდნენ - კალათბურთელები სამქულიანის რკალთან მოძრაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ სატყორცნ პოზიციაში ძალიან იშვიათად რჩებოდნენ და მაინც თამამად სტყორცნიდნენ.

მათ წინაშე ქართველები რაოდენ მაღლაც უნდა ამხტარიყვნენ, ჭუჭრუტანას მაინც პოულობდნენ და ჯიუტად ისროდნენ... და აგდებდნენ!

თამაში წაუვიდათო, ამას იტალიელებზე ვერ ვიტყვით, რადგან ბარნიანი, დატომე, ბელინელი და გალინარი "თამაშის წასვლაზე" რომ იყვნენ დამოკიდებულნი, NBA-ს გუნდები არ აიყვანდნენ.

საქართველოს ნაკრებს კი მადლობა ეკუთვნის, რომელიც ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით ღირსეულად ებრძოდა "აძურელებს".

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ საქართველოს ნაკრების კლასის დამსახურებაა, იტალია თბილისში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ რომ გვეწვია; მეორეც - NBA-ს დონის კალათბურთი
თბილისში რომ გვაჩვენა (იყო ეპიზოდები, როცა მოედანზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთბაშად ხუთი კალათბურთელი იყო) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლომდე იბრძოლა და რომ არა იტალიელთა წარმოუდგენელი სიზუსტე, ეგებ მერიის თასი თბილისში დაეტოვა.

შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად იტალიის ნაკრებისა და "დენვერ ნაგეტსის" ფორვარდი დანილო გალინარი დასახელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანუჩარ მარკოიშვილი:
- დავმარცხდით იტალიის ძალიან ძლიერ ნაკრებთან, თუმცა ეს თამაში ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ზუსტად 20 დღე დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ტურნირი, საერთო ჯამში, ძალიან პოზიტიური გამოვიდა, თითქმის ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ შეგვიძლია მომავალზე პოზიტიურად ფიქრი.

ვიქტორ სანიკიძე:
- მართალია, გვქონდა შეცდომები, თუმცა იტალიის ნაკრებმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ფაქტობრივად, დღეს თავს ზემოთ ძალა არ იყო. ძალიან მაღალი პროცენტით ესროდნენ 3-ქულიანებს და ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევა საკმაოდ რთულია. იტალიას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ევრობასკეტზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც, ასეთი სიცხის მიუხედავად, მოვიდა დარბაზში და ბოლომდე გვედგა გვერდში. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.

ალესანდრო ჯენტილე:
- კარგი ტურნირი იყო, შესაძლებლობა მოგვეცა, ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვეთამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰყავს მაღალი დონის კალათბურთელები, მაგალითად, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც იტალიაში თამაშობდნენ და ზაზა ფაჩულია. ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ თამაში კარგი სპარინგი იყო.

სიმონე პიაჯიანი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზებისთვის, მასპინძლობისთვის და თბილი დახვედრისთვის. კარგი ატმოსფერო იყო, დარბაზი სავსე იყო ქართველი გულშემატკივრებით და ესეც გამოცდილებაა ჩვენთვის, რადგან ბერლინში ვეთამაშებით გერმანიის ნაკრებს და თურქეთს, რომლებსაც ასევე დიდი მხარდაჭერა ექნებათ. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში 40 ქულა ჩაგვიგდო, რაც ჩვენთვის არ არის კარგი, თუმცა ვიმუშავებთ და გამოვასწორებთ. რაც შეეხება ევრობასკეტზე იტალიის გეგმებს, მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, რაც საკმაოდ რთული იქნება იმ ქვეჯგუფიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ.

იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
- უაღრესად საჭირო ტურნირი იყო, რომელმაც გუნდში არსებული ხარვეზები გამოაჩინა. მოსამზადებელ ციკლში ვიმყოფებით და ეს ბუნებრივიცაა. მთავარია, საუკეთესო ფორმაში ევროპის ჩემპიონატისთვის ვიყოთ, რისთვისაც საფრანგეთსა და იტალიაში დაგეგმილი ტურნირები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

სათადარიგო კალათბურთელებს მცირე დრო მიეცათ, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. იტალიასთან მატჩში ტურნირის გამარჯვებულის ბედი წყდებოდა და გვინდოდა, მოგება ჩვენ დაგვრჩენოდა. იტალიას უძლიერესი გუნდი ჰყავს და კარგია, რომ მათ წინააღმდეგ თამაშის საშუალება მოგვეცა. დიდი მადლობა ქომაგს, რომელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. მიხარია, რომ ტრიბუნებზე ამდენი ახალგაზრდა იყო. მათ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავების თამაში თავიანთი თვალით იხილეს.

16 აგვისტო. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო-იტალია 67:87
22:25, 18:27, 16:19, 11:16
საქართველო: ცინცაძე (34წთ, 14ქ, 7პ, 2ჩ), მარკოიშვილი (27წთ, 9ქ), სანიკიძე (30წთ, 8ქ, 10მ), ბურჯანაძე (20წთ, 2ქ), ფაჩულია (31წთ, 21ქ, 11მ); პულენი (23წთ, 5ქ), მეტრეველი (2წთ), ფხაკაძე (2წთ), შერმადინი (8წთ, 5ქ), სანაძე (14წთ), ფაცაცია (10წთ, 3ქ).
იტალია: ბელინელი (2ქ, 5პ), არადორი (8ქ, 5მ), ჯენტილე (20ქ), ვიტალი (2ქ), გალინარი (17ქ, 4პ), ბარნიანი (11ქ), დატომე (15ქ, 6მ), მელი (3ქ), ჩინჩარინი, ჰაკეტი (9ქ).
მსაჯები: ო. ლუცისი (ლატვია), მ. მაზიჩი (სერბეთი), მ. კუპატაძე (საქართველო).

16 აგვისტო. თბილისი, სპორტის სასახლე
ესტონეთი-ლატვია 70:69
19:19, 21:17, 13:16, 17:17
ესტონეთი: ვეიდემანი (5ქ), გ. დორბეკი (2ქ), სოკი (4ქ, 6პ), ტალტსი (13ქ), არბეტი (3ქ), კეედუსი (6ქ, 8მ), ვენე (19ქ, 8მ), ტოომე (2ქ), კანგური (14ქ), ჰალიკი, მ. დორბეკი (2ქ).
ლატვია: მეჟერისი (11ქ, 6მ), ფრეიმანისი (6ქ), ბლუმსი (6ქ), ტიმა (6ქ, 6მ), შტრელნიეკსი (6ქ, 6მ), ბერზინსი (2ქ), როზიტისი (1ქ), ვეცვაგარსი (7ქ), კარლისი, მეიერსი (18ქ, 4მ), ლაკსა (6ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე (საქართველო), ზ. მაჩალაძე (საქართველო), მ. მაძონი (იტალია).

ა გუნდი თ მ წ ქ

1. იტალია 3 3 0 6
2. საქართველო 3 2 1 5
3. ესტონეთი 3 1 2 4
4. ლატვია 3 0 3 3

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
Pულენი აშკარად დზალიან სუსტია, ცინცაძე ბევრად სჯობს...საინტერესოა რატომ შეგვაქცია ზურგი რიკი ჰიკმანმა...ნუთუ ზაზას არ ყავს ახლობელი ნბა-ში, რომ დაითანხმოს?
murtalo
18 აგვისტო 2015 13:15
0
პულენი მართლაც სუსტი რგოლი იყო და საინტერესოა რა კრიტერიუმით შეარჩიეს, მით უმეტეს, რომ ადრეც იგივე შთაბეჭდილებას ტოვებდა... კოკოშკოვი ცუდი მწვრთნელი არ არის, მარა თუ ატკატებზეა საუბარი და ამის რაიმე ფაქტები გაქვთ მაშინ ნუ გაჩუმდებით და აქედანვე ვაიძულოთ ფედერაცია ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს!
Irakli Apkhaidze
18 აგვისტო 2015 12:01
0
აუ კოკოშკოვი თუ არ მოგწონთ მოიყვანეთ ქართველი და მერე ნახეთჩაწყობა და წაგება დიდი ფინანსები უნდა უკეთეს მწვრთნელს და ძლიერ გამთამაშებელს , ერთი ქართველი მწვრთნელიც რომ გაუშვას სასწავლებლად და სტაჟირებაზე უცხოურ გუნდში ეგეც კარგი იქნებოდა
1
18 აგვისტო 2015 11:46
0
კოკოშკოვის დატოვებით უდიდესი დანაშაული ჩაიდინა ფედერაციამ. ქართული კალათბურთი მოკლა. ასეთი მწვრთნელით ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ ევროზე. ოლიმპიადაზე ვერ გავალთ და ეს თაობა მომავალ ევროზე აღარ იქნება. დასაჭერები არიან. დახარბდნენ კოკოშკოვის ატკატებს.
ffgio
18 აგვისტო 2015 09:58
0
იტალიის ნაკრებს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი,მაღალი დონის მწვრთნელის ხელი,ჩვენს ნაკრებს კი არაფერი ეტყობა მწვრთნელის მხრიდან,ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს მწვრთნელის გარეშე ვთამაშობდით.რამდენჯერ ვწერ უკვე,რომ კოკოშკოვი უკვე დიდი ხანია აღარ აკმაყოფილებს ჩვენი ნაკრების დონეს,მაგრამ ამას ვერავინ ხვდება ჩვენში.
roma
17 აგვისტო 2015 21:46
0


იტალიამ მოგვიგო...

მთელი თამაში მ ჭ ი დ რ ო თამაშით, ძ ა ლ ზ ე მჭიდრო და სისწრაფვით...

ჩვენების თამაში გაუგებარი იყო,
რატომ არ ეთამაშებოდნენ ასევე მჭიდროდ და აგრესიულად ?!

და რატომ ეთამაშებოდნენ ზონური დაცვით,მით უმეტეს
ს ნ ა ი პ ე რ ე ბ ი ს გუნდს ?!

ფიზიკური პრობლემები ?!

საჭიროა აგრესიული თამაში მთელ მოედანზე,ნაკლებად ზონური დაცვით,და მუდამ მობილიზებით,
რომ მით ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ი პრობლემებიც შეუქმნა მოწინააღმდეგეს!!!
glaxuna
17 აგვისტო 2015 14:06
0
მადლობა ბიჭებს და წარმატებები! აი პულენი კი საცოდაობაა ჩვენს ნაკრებში. ყველაზე სუსტი რგოლი. მაგ ბიჭს არანაირი მონაცემი არა აქვს, რომ მომავალში მოუმატოს. პულენს გამყრელიძე ჯობია. პულენს ჰიკმანსიც კი ჯობდა, მიუხედავად იმისა რომ ვერც მაგან შემატა ჩვენს ნაკრებს ვერაფერი. დავიჯერო კოკოშკოვმა ამერიკაში ვერ შეძლო ერთი ნორმალური ამერიკელის დაყოლიება?? აგერ ნახავთ ევრობასკეტზე ჩვენ გვეყოლება ყველაზე სუსტი ლეგიონერი..
Georgiano
17 აგვისტო 2015 13:58
0
ევროპის ფავორიტობის რა მოვახსენო მავანს მაგრამ ჩვენზე ძლიერი გუნდი მართლა არის იტალია.ისე არამგონია ამ იტალიამ ევროპა მოიგოს.
qutaiseli
17 აგვისტო 2015 13:13
0
ჯემალა-ს თუ შეიძლება დაწერეთ ვის თვლით მამაშვილობის შედეგად გუნდში მოხვედრილად! თქვენ ალბათ რაღაც ინფორმაცია გაქვთ და გაგვიზიარეთ ჩვენც
fraternity
17 აგვისტო 2015 12:39
0
20 ქულას რომ აგებ ისე რომ მთერლი თამაში შანსი არ გაქ წინ გასვლის კარგად ითამაშეს არ ქვიაა მაგას ქვია გუნდი არ ვარგა!!!! რა თქმა უნდა გვყავს ძლიერები მაგრამ სუსტები ჭარბობენ უკვე ჩვენს ნაკრებში. ახალი სისხლი გვჭირდება და არაა ნეპოტიზმის და მამაშვილობის შედეგად მოხვედრილები!!!!
jemala
17 აგვისტო 2015 12:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული