თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენს გარშემო უამრავი სახალისო ამბავი ტრიალებს, საჭიროა მხოლოდ წმინდა ბადე და ამბებიც ჩვენს აკვარიუმში მოექცევა. მეც არაერთხელ აღმოვჩენილვარ ისეთ სიტუაციაში, მკითხველსაც რომ დააინტერესებს.
დრაფტი და მიმინო
2003 წელს ზაზა ფაჩულიას NBA-ს დრაფტის პირველ წრეში არჩევას ველოდით, მაგრამ მეორე წრეში, 41-ე ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აიყვანა. იმ საღამოს ზაზას ნიუ იორკში დავურეკე, განაწყენებული იყო: ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს, რასაც თამაშით აუცილებლად დავუმტკიცებო. ფაჩულიამ სიტყვა შეასრულა - 2003 წლის დრაფტზე არჩეულ არაერთ რეკლამირებულ კალათბურთელს აჯობა.
დრაფტის ღამეს ზაზასთან დაკავშირება
- ზაზა ფაჩულიასთან მინდა დალაპარაკება. თქვენ ვინ ბრძანდებით?
- სხვაგან მოხვდით, ეს ნიუ იორკის კლინიკაა. დიდი ხანია საქართველოდან ვარ წამოსული და აქ ვმუშაობ. სასიამოვნოა ქართული ხმის გაგონება. შემიძლია დაგეხმაროთ, გაგიგოთ ფაჩულია რომელ სასტუმროშია...
ქალბატონს ნამდვილად არ სურდა დამშვიდობება, მეც არ ვიჩქარე, გამოვკითხე, რა კლინიკა იყო, რა სპეციალობით მუშაობდა, "ჟუჟუნა წვიმას" წამღერებაღა დაგვაკლდა...
მოვიგე?
მანუჩარ მარკოიშვილი 2002 წელს გავიცანი. 2003-ის სექტემბერში ტრევიზოში დავურეკე და იტალიის სუპერთასის მოგება მივულოცე, კარგია, სეზონი წარმატებულად რომ დაიწყეთ-მეთქი. მანუჩარმა მადლობა გადამიხადა და მკითხა: რას მილოცავო?..
- სუპერთასის მატჩში "კანტუს" რომ მოუგეთ-მეთქი.
- რა ვქენით?
- გამარჯვებას გილოცავ.
- არ მოგვიგია, დავმარცხდით, - მიპასუხა გაკვირვებულმა მარკოიშვილმა და როცა გავარკვიე, რომ მისმა "ბენეტონმა" "კანტუსთან" 79:85 წააგო, მანუ გამომიტყდა:
- არადა, გამიკვირდა, რის მოგებას მილოცავს-მეთქი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მეშაყირებოდი... ბოლოს მივხვდი, რომ ანგარიში აგერია.
იმხანად "ბენეტონი" ევროპაში იმდენად სახელიანი გუნდი იყო, რომ იტალიაში "კანტუსთან" დამარცხებას არავინ მოელოდა. მეც უბრალოდ ანგარიშს დავხედე და მეტი რიცხვი "ბენეტონისა" მეგონა.
ცხოვრება დიდი გაკვეთილია - მას მერე ანგარიშებს განსაკუთრებულად ვაკვირდები.
სად არის საქართველო?!
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის გახსნის დღეს, პოლონეთთან თამაშის წინ, სლოვენიის ქალაქ ცელიეს ქუჩებში გავიარე, მაინტერესებდა, ტრიალებდა თუ არა ჰაერში კალათბურთის სუნი. ყოველ კუთხე-კუნჭულს ევრობასკეტის სიმბოლო ამშვენებდა, ხოლო კაფე-რესტორნებში ცელიეს ჯგუფში მოთამაშე გუნდების დროშები იყო გამოფენილი.ქალაქის ცენტრში საინტერესო ადგილს ჩავუარე: ერთ დაწესებულებაში ერთმანეთის გვერდით ლუდისა და ნაყინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები იდგა. ამ კაფე-ბარს ჩვენი ჯგუფის გუნდების დიდი დროშები ამშვენებდა - ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი... საქართველო არსად ჩანდა. ყველა მხრიდან მოვუარე, მაგრამ ხუთჯვრიანი ალამი მაინც ვერ ვიპოვე. შევედი და მეპატრონეს ვკითხე:
- საქართველოს დროშა რატომ არ გიკიდიათ?
- არ მაქვს. ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიშოვე, - მიპასუხა ღიმილით, - თქვენ ხომ არ გაქვთ?
სლოვენიელს არაფერს დავპირებივარ, ღიმილით დავემშვიდობე და "ზლატოროგის არენის" გზას გავუყევი.
მეორე დღეს, გათენდა თუ არა, ქალაქში გავედი, მაინტერესებდა, როგორ აფასებდნენ საქართველოს ნაკრების პოლონეთთან თამაშს ადგილობრივები.
ხორვატულ გაზეთ "სპორტსკი ნოვინეში" ჩვენი გუნდის შესახებ ვრცელი სტატია ეწერა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, სტატიის რამდენიმე ფრაზის თარგმნა სანაყინეს ნაცნობი გამყიდველისთვის მეთხოვა. არ დამზარდა: "გორტატი ევრობასკეტზე მედლებისთვის ჩავიდა, მაგრამ საქართველომ პარკეტზე დაანარცხა".
განსაკუთრებით საინტერესო იყო საგაზეთო ფოტოზე მინაწერი: "საქართველომ პირველი მატჩი ისე ჩაატარა, მედლებზე ფიქრიც შეუძლია", - მითარგმნა სლოვენიელმა მეპატრონემ (გამყიდველიც თავად იყო) და იქვე კუთხეში გაკრულ საქართველოს დროშაზე მიმითითა:
- გუშინ შინ რომ მივედი, თქვენი ქვეყნის ორი დროშა ჩემი ხელით დავხატე, დინას კი კაფე-ბარის ყველაზე გამოსაჩენ ადგილებზე მივაწებე. როგორ მოგწონს?
ამბავი აქ არ დასრულებულა: ქართული დროშის სლოვენიური ისტორია გაზეთ "ლელოში" დავწერე. თურმე, ერთ-ერთი ჩვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას წაუკითხავს და სლოვენიაში მივლენილი ჟურნალისტისთვის დაუვალებია, იმ კაფეზე, სადაც ხელით დახატული საქართველოს დროშაა, სიუჟეტი მოამზადეო.
...ქართული ტელეკომპანიის ჟურნალისტს დარბაზში შევხვდი, წარბშეკვრით მითხრა - ეს რა მიყავი, მაგ შენი სანაყინეს ძიებაში ნახევარი ცელიე გადავატრიალეო.
კარგად, ძმაო
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ნაკრებებმა სლოვენიის დედაქალაქში მოიყარეს თავი. ვიდრე ჩემპიონატი განახლდებოდა, გაიმართა ტურნირი ჟურნალისტებს შორის, რომლის დასრულებისთანავე პარკეტზე ლუბლიანას მერი ავიდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას შაბლონური სიტყვებით მიესალმა. მოულოდნელად ქართული სიტყვებიც შემომესმა - "გამარჯობა, ბიჭო!"
მალევე მივხვდი, რომ ეს სცენიდან არ იყო ნათქვამი, ჩემ გვერდით ტანმაღალი ახალგაზრდა აღიმართა და ღიმილით განაგრძო: "როგორა ხარ?"
გაკვირვებულმა ავხედე, სლოვენიური შესახედაობისა, ასე, 207-208 სმ სიმაღლისა იქნებოდა. ქართულად მოვიკითხე და ჩვენსავე ენაზე მითხრა - კარგად ვარო.
ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: საიდან იცი ქართული?
"რეზო ათანელიშვილის მეგობარი ვარ. მასთან შარშან საქართველოშიც ვიყავი და მანუჩარ მარკოიშვილის ქორწილშიც გახლდი. ასე რომ, ქართველებსაც შესანიშნავად ვიცნობ და თქვენი სუფრის ტრადიციებსაც", - მითხრა სლოვენიელმა, რომელიც თურმე "სლოვანში" რეზოს გვერდით თამაშობდა.
თუმცა, ათანელიშვილისგან განსხვავებით, ალიაჟ ვრაბეცმა კარიერა ნაადრევად დაასრულა და ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. ამჟამად გაზეთ "დნევნიკის" კორესპონდენტია.
ვუთხარი - ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, ქართველ ჟურნალისტთა ნაკრებში ნატურალიზებულის სტატუსით ითამაშებდი და მედლებისთვისაც ვიბრძოლებდით-მეთქი. გაიკვირვა: რატომ ნატურალიზებული - ნახევრად ქართველი ვარ, წინადადებების გამართვა მიჭირს, თორემ ბევრი თქვენი სიტყვა ვიცი, ჟარგონებზე ხომ ლაპარაკიც არ არისო. ეს მითხრა და ღიმილით მოჰყვა ქართულ გინებას, ისეთი სიტყვები იხმარა, თმები ყალყზე დაგიდგებოდა.
ჟარგონები სლოვენიაშიც უხვად ჰქონიათ, თუმცა ხალხის ხასიათიდან გამომდინარე, აგრესიას იშვიათად გამოხატავენ. ალიაჟმა საინტერესო ამბავი გაიხსენა:
"სლოვენიაში ერთი მეორეს თუ შეაგინებს, პასუხად გინებასვე მიიღებს. არ ბრაზდებიან. კარგად ვიცი, რომ საქართველოში ასე არ არის. ჰოდა, ერთ-ერთი ახალგაზრდული მატჩისას "სლოვანის" მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელმა ათანელიშვილს შელაპარაკებისას შეაგინა.
უნდა გენახათ, რეზო როგორ გაბრაზდა, მოწინააღმდეგეს გასახდელამდე სდია. თუ არ ვცდები, ათანელას ამ ინციდენტის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს."
ალიაჟ ვრაბეცს არც დამშვიდობება შეშლია:
- კარგად, ძმაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"