საქართველოს საკალათბურთო ნაკრები: ნახვამდის სლოვენია, გამარჯობა ხორვატია

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში მოსამზადებელი ეტაპი 2 სექტემბერს დაასრულა და დღეს ზაგრებისკენ აიღებს გეზს.

ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა ნამდვილად არ დასჭირდება, რადგან პოდჩეტრტეკი ხორვატიის საზღვარზეა და ზაგრებამდე ავტობუსით 2 საათი სრულიად საკმარისია. 13:30 საათზე ქართველები ხორვატიაში პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ და სწორედ ამის შემდეგ გაეშურებიან სასტუმრო "პანორამისკენ", სადაც 11 სექტემბრამდე იცხოვრებენ.

ჩვენი ნაკრების გარდა, "პანორამაში" ჯგუფის დანარჩენი ხუთი გუნდია დაბინავებული - საბერძნეთი, ხორვატია, მაკედონია, სლოვენია და ჰოლანდია.

სლოვენიაში დავბრუნდეთ, სადაც გუშინ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთი ვარჯიში ჩაატარა.
მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელები უმთავრესად ტაქტიკაზე ავარჯიშა, ოღონდ ეს ყველაფერი მოძრაობაში, მაღალ ტემპში...

წვრთნას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს ლევან ფაცაცია, რომელსაც ქუსლი სტკიოდა, თუმცა გუნდის ექიმის, თემურ ხვედელიძის თქმით, ტრავმა სერიოზული არ არის, ლევანი ზაგრებში გუნდთან ერთად წვრთნას შეუდგება.

"ლევან ფაცაციამ დღეს არ ივარჯიშა, თუმცა სერიოზული არაფერი სჭირს, ფეხის მცირე ტკივილი აწუხებდა და ექიმებმა ჩათვალეს, უმჯობესი იქნებოდა, დაესვენა და ხვალინდელ, ზეგინდელ ვარჯიშებს ფორმაში შეხვედროდა.

ძალიან დატვირთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. იყო ფსიქოლოგიური განცდები, ტრავმები. თორნიკე შენგელიას ტრავმას ვგულისხმობ, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და გუნდს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება.

ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და ვემზადებით, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი ნაკრების სიძლიერე", - გვითხრა გუშინ იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა.

საკუთარ კონდიციებზე ისაუბრა თორნიკე შენგელიამ:

"რაც უნდა ვთქვა, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ, ტყუილი გამომივა. თითქმის ერთი თვე არც ინდივიდუალურად და არც გუნდთან ერთად არ მივარჯიშია, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე და გუნდს შევეწყო.

ამისათვის ყველაფერს აკეთებენ და მეხმარებიან ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელები, ექიმები.

რამდენი მაკლია ოპტიმალურ ფორმამდე, ამას ახლა ვერ შევაფასებ. ეს გამოჩნდება ევროპის ჩემპიონატის მატჩებში. იტალიის ტურნირზე 3 შეხვედრა ვითამაშე და ყოველი მატჩის შემდეგ უკეთესად ვგრძნობდი თავს".

6 დღეში 5 მატჩის ჩატარება იოლი საქმე არ არის. საინტერესოა, რამდენადაა მზად საქართველოს ნაკრები ასეთი დატვირთვისთვის. მოვუსმინოთ გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძეს:

"ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ორი თვით ადრე თბილისში დავიწყეთ. თავიდან ყურადღება ფუნქციურ მომზადებაზე გავამახვილეთ (გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგება). დატვირთვებს ნელ-ნელა ვამატებდით და მზადების მეორე ეტაპს გუნდი მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდა.

ეს ეტაპი სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გავიარეთ, სადაც ყურადღებას კუნთების სისტემის წესრიგში მოყვანაზე ვამახვილებდით. ვვარჯიშობდით როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ამასობაში წვრთნის პროცესს შემოერია ამხანაგური მატჩები, რაც აუცილებელია გუნდის შეთამაშებისთვის და პლუს-მინუსების დანახვისთვის".

თბილისისა და საფრანგეთის ტურნირების შემდეგ ნაკრები ახალ ეტაპზე გადავიდა. ისევ პოდჩეტრტეკში.

"საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ინტენსიურობამ იმატა, ჩაერთო უფრო დინამიკური ვარჯიშები, რამაც საბოლოო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოიღოს. მზადების პროცესი გეგმაზომიერად წარიმართა და შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატს სათანადო კონდიციებში ხვდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული