ჯერ რევანშისთვის, მერე რიოსთვის! - "ჩვენი შედეგები ჩვენზეა დამოკიდებული"

AutoSharing Option
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე 24 გუნდი ასპარეზობს. ისინი ოთხ ქვეჯგუფად არიან გაყოფილნი:

მონპელიე (საფრანგეთი):
საფრანგეთი, ფინეთი, ბოსნია, პოლონეთი, ისრაელი, რუსეთი.

ბერლინი (გერმანია):
ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია, გერმანია, ისლანდია.

რიგა (ლატვია):
ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი.

ზაგრები (ხორვატია):
ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია, საქართველო, ჰოლანდია.

თითოეული ჯგუფის მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება - ლატვიაში, ხორვატიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. საქართველოს ნაკრებს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ერგო.

ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე ოთხი საუკეთესო გუნდი გადის. 16 რჩეული ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ლილში ახლად აშენებულ სტადიონზე მერვედფინალურ ეტაპს
ითამაშებს, რასაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი მოჰყვება...

მეოთხედფინალისტი რვა გუნდიდან მხოლოდ ერთი დარჩება ოლიმპიური პერსპექტივის გარეშე.

საქმე ის არის, რომ 2016 წელს ბრაზილიაში გასამართავი ოლიმპიადის საგზურს ევრობასკეტის ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ. კიდევ ხუთი, მომდევნო ზაფხულს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება. როგორც წესი, ამ შეჯიბრებაში მონაწილე ევროპულ გუნდებს სხვებთან შედარებით ყოველთვის აქვთ უპირატესობა და მომავალ წელსაც უმეტესობა მოიპოვებს რიოს საგზურს.

რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს? მოდით მივყვეთ მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის სიტყვებს - ჩვენი მიზანი უახლოესი მატჩის მოგებააო, ყოველთვის ამას ამბობს. უახლოესი ოფიციალური შეხვედრა კი 5 სექტემბერს ჰოლანდიასთანაა.

ისიც ცნობილია, რომ ჩვენი ჯგუფის საუკეთესო კვარტეტი პლეი ოფის პირველ ეტაპზე D ჯგუფის ოთხეულს შეხვდება. კიდევ ერთხელ გადახედეთ ამ ჯგუფის შემადგენლობას და გაგახსენდებათ, რომ სხვადასხვა დროს ლატვიაც გვყავს დამარცხებული, ესტონეთიც, ბელგიაც, ჩეხეთიცა და უკრაინაც.

ლიტვასთან შეხვედრის მოგება ჩვენს წლევანდელ გუნდს ხელეწიფება, მაგრამ მერვედფინალში ლიტველებთან გადაყრა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იქნება.

რაც შეეხება ჯგუფის მოწინააღმდეგეებს, საქართველოს ბევრ მათგანთან აქვს დადებითი ბალანსი, მაგრამ მწარე წაგებებიც გვახსოვს. მაგალითად: საბერძნეთს ოთხჯერ ვეთამაშეთ და ოთხჯერვე დავმარცხდით; სლოვენიასთანაც ოთხიდან -4 გვაქვს; ხორვატიასთან ერთადერთი შეხვედრა ჩავატარეთ და 76:77; მაკედონიამ 2005 წელს მეორე ეშელონში ჩაგვტოვა; ჰოლანდიამ კი 2012 წელს შესარჩევ ეტაპზე რვიდან 2 მატჩი მოიგო და ერთი მაინცდამაინც ფავორიტ საქართველოსთან...
ასე რომ, ჯერ რევანშისთვის, მერე რიოსთვის!

საქართველოს ნაკრებს იგორ კოკოშკოვი 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მასთან ერთად გუნდი გაიზარდა და მომწიფდა... მომწიფდა რისთვის? ამას ევრობასკეტზე ვნახავთ, ხოლო რას ფიქრობს იგორ კოკოშკოვი ნაკრებზე, აქ წაიკითხავთ.

- პირველ რიგში, ვიტყვი: ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შედეგები არა მეტოქეებზე, არამედ ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურს, ყველასთან გვაქვს შანსი.

- საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა. ბერძნებს საუკეთესო გუნდი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან მოგება არ შეიძლება, ან აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიას იოლად ვაჯობებთ.

- ნიდერლანდელებმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური და თავისი გათვლები ექნებათ. მათთან შეხვედრასაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც საბერძნეთთან დაპირისპირებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 მატჩის ჩატარება გვიწევს. ასეთი რთული გრაფიკის პირობებში ბევრს გადაწყვეტს სწორი გათვლები, გრძელი სათადარიგოთა სკამი.

- ჩვენი ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბალკანური ქვეყანა მასპინძელი იქნება. სლოვენიელები და მაკედონიელები დარბაზს პირამდე გაავსებენ, ხორვატებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ პირობებში კი ძნელია სტუმრად თამაში.

- ხორვატიის ნაკრები არა მხოლოდ ჯგუფში, ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, პროგრესირებადი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. მასში ხომ დარიო სარიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ანტე ტომიჩი თამაშობენ...

- როგორც აქამდე, ჩვენმა გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე ყოველ კონკრეტულ დღეს უახლოეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ. საფრანგეთში, მერვედფინალში ვხედავ თუ არა საქართველოს ნაკრებს? მოკლედ გიპასუხებთ: ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ.

- ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად წარიმართა. ბევრი სასარგებლო მატჩი ჩავატარეთ. უაღრესად საჭირო ტურნირი იყო თბილისის მერიის თასი, რომელმაც გუნდში არსებული ხარვეზები გამოაჩინა.

- ზოგ მატჩში სათადარიგო კალათბურთელებს მცირე დრო მიეცათ, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა. თუნდაც იტალიასთან მატჩში ტურნირის გამარჯვებულის ბედი წყდებოდა და გვინდოდა, მოგება ჩვენ დაგვრჩენოდა. იტალიას უძლიერესი გუნდი ჰყავს და კარგია, რომ მათ წინააღმდეგ თამაშის საშუალება მოგვეცა.

- დიდი მადლობა ქომაგს, რომელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. მიხარია, რომ ტრიბუნებზე ამდენი ახალგაზრდა იყო. მათ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავების თამაში საკუთარი თვალით იხილეს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოკოშკოვი უზლიერესი მწვრტნელია
აბა შენ იცი იგორ
შოთა გუგეშაშვილი
16:06 05-09-2015
0
სასწრაფოდ პულენი და კოკოშკოვი მიაბრძანეთ საქართველოს ნაკრებიდან!! ამ თაობას ბევრად მეტის მიღწევა შეუძლია. კარგი მწვრთნელი და ლეგიონერი გვჭირდება..
georgiano
01:44 06-09-2015
0

სიახლეები პოპულარული