საქართველო-ხორვატია 71:58 - გავედით! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ, 10 სექტემბერს, დილით სლოვენიის ნაკრების ვარჯიშის შემდეგ მათ ლიდერ ზორან დრაგიჩთან შეხვედრის საშუალება მომეცა. მაკედონიასთან მოგება ვუსურვე. დამპირდა, გავიმარჯვებო.

ზორანი სიტყვის კაცი აღმოჩნდა - სლოვენიამ მაკედონია დაამარცხა (62:51) და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალისკენ გზა გაუწმინდა. რჩებოდა ერთი მატჩი, რომელიც საბერძნეთს ჰოლანდიისთვის უნდა მოეგო. წარმატების შემთხვევაში, ნიდერლანდელები საქართველოს დარად ორ მოგებას დააგროვებდნენ და ურთიერთშეხვედრაში მოგების წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი დღის ყველაზე სანერვიულო შეხვედრა სწორედ ჰოლანდია
-საბერძნეთი იყო. "ნარინჯისფერები" ბოლომდე თანაბრად ეთამაშებოდნენ ელინებს, მაგრამ... უკანასკნელ წამებზე ამოვისუნთქეთ - გამოცდილებამ თავისი გაიტანა და საბერძნეთმა 68:65 გაიმარჯვა.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალშია და D ჯგუფის გამარჯვებულ ლიტვასთან 13 სექტემბერს ითამაშებს.

* * *
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი მსჯელობდა საქართველოს შანსებზე და ამბობდა, ორი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთო. სამი ტურის შემდეგ კი ამ ვარაუდს წყალი შეუდგა - ჰოლანდიის ნაკრებს ვერ ვაჯობეთ და მაკედონია-ხორვატიასთან რას უნდა ველოდეთ? - კითხულობდნენ სკეპტიკოსები.

ნაკრებმა პროგრამა-მინიმუმი მაინც შეასრულა - ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მაკედონია და ხორვატია. მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ხშირად უთქვამს - საქართველოს ნაკრები საკუთარ თამაშს თუ ითამაშებს, ბევრი ძლიერი მეტოქის ჩამოტოვება შეუძლიაო.

"ჯერ მაკედონიასთან, ახლა კი ხორვატიასთან ჩვენმა გუნდმა ისე ითამაშა, როგორც დიდი ხანია ველით - დაცვაში ძალიან მობილიზებულები ვიყავით, ერთმანეთს შესანიშნავად ვაზღვევდით და მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომები შეტევის შედეგიანად წარმართვაშიც ძალიან გვეხმარება.

რაც მთავარია, იგრძნობა, რომ საქართველოს ნაკრები ერთიანი გუნდია", - აღნიშნა მანუჩარ მარკოიშვილმა.

პირველივე მეოთხედში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ხორვატებისთვის არაფრის დამთმობი არ იყო. მართალია, სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრის მოგებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, აშკარა იყო, რომ ჩვენი გუნდი სულ სხვა შემართებით გამოვიდა მოედანზე, ბოლომდე მობილიზებული იყო, რადგან მასპინძელი ხორვატების დამარცხება მერვედფინალის წინ უმთავრესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.

ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა დაერწმუნებინა სკეპტიკოსები, რომ მაკედონიასთან მოგება გავარდნა არ იყო.

სათანადო კონცენტრაცია საბოლოო ოქმზეც აისახა - ჩვენმა გუნდმა მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა (13:17) და გაცილებით უკეთესადაც ისარგებლა ამით: მოწინააღმდეგის შეცდომები 23 ქულად აქცია, მაშინ, როცა ხორვატიამ მხოლოდ 9 ქულა მიითვალა ჩვენი დაკარგვების შედეგად.

ხორვატებს სამქულიანების კარგი მტყორცნელებიც ჰყავს, მაგრამ ვერც ამ კომპონენტში იყოჩაღეს - მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს, არადა, 23 სტყორცნეს. ასეთი უზუსტობის მიზეზად საქართველოს ნაკრების დაცვა უნდა დავასახელოთ, ბოლოს და ბოლოს გამოვასწორეთ პერიმეტრის კონტროლი. საპასუხოდ კი, 7 სამქულიანი ჩავუგდეთ, რაც უხეშად რომ ვთქვათ, ერთი მატჩის ნორმაა. ამას თუ დავუმატებთ სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ 32 ქულას, შეგვეძლება გარკვეულ ბალანსზე საუბარიც.

მართლაც, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ყველა რგოლში თანაბრად კარგად ითამაშა. გიორგი ცინცაძე კარგად აკონტროლებდა თამაშის ტემპს და პასებსაც ანაწილებდა; ჯეიკობ პულენი ბურთს აზრიანად ათამაშებდა და თამამადაც სტყორცნიდა; მანუჩარ მარკოიშვილი დაცვაშიც ეფექტური იყო და შეტევაშიც; ვიქტორ სანიკიძემ მიმდინარე ევრობასკეტზე საუკეთესო თამაში ჩაატარა, შეტევას თავი რომ დავანებოთ, ერთბაშად ოთხჯერ დაუფარა ხორვატებს; თორნიკე შენგელიამ სწრაფი, ინდივიდუალური გარღვევებით სისხლი გაუშრო მასპინძლებს; ზაზა ფაჩულია ფარქვეშ შესვლის ხალისს უკარგავდა მეტოქეებს; გიორგი შერმადინმა მხოლოდ ორი ჯარიმა ჩააგდო, მაგრამ ვინც მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყო, ისევე, როგორც ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე...

დუდაზე ცალკე უნდა ვთქვათ. მან სათამაშო დრო, ძირითადად, მეოთხე პერიოდში მიიღო და 18:0 გაქცევაში დიდი წვლილი შეიტანა. მეტსაც გეტყვით - ანგარიშზე 51:51 ზედიზედ 9 ქულა ჩააგდო, საქართველო 60:51 დააწინაურა, რაც გამარჯვების საწინდარი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ევრობასკეტი 2015. C ჯგუფი. V ტური
ზაგრები, ხორვატია. 10 სექტემბერი, 6600 მაყურებელი
საქართველო-ხორვატია 71:58
14:13, 11:15, 22:16, 24:14
მსაჯები: ლუიჯი ლამონიკა (იტალია), ტრუხილო ხიმენესი (ესპანეთი), ჟან შარლ კოლინი (საფრანგეთი)

Sportall.Ge

სლოვენია-მაკედონია 62:51
24:10, 7:14, 21:17, 10:10

საბერძნეთი-ჰოლანდია 68:65
17:19, 17:12, 18:15, 16:19

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საბერძნეთი 5 5 0 387:340 10
2. ხორვატია 5 3 2 359:343 8
3. სლოვენია 5 3 2 367:356 8
4. საქართველო 5 2 3 369:364 7
5. მაკედონია 5 1 4 324:381 6
6. ჰოლანდია 5 1 4 355:377 6

მატჩის შემდგომი კომენტარები:
იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში

ჯეიკობ პულენი: საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აქ რა უნდა თქვა ქართველმა კაცმა,ნამდვილი ჯადოქრები არიან,მე სასწაულებსაც ველოდები ამ პაექრობაზე,ამინ!!!
Otari
17:48 11-09-2015
0
დუდა იმენა ქართველი ჯამალ კროუფორდია. ოქროს სათადარიგო
ჩიკო
12:10 11-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული