საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლილში ჩავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლილშია. საფრანგეთის ამ მყუდრო ქალაქში იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 15 გუნდთან ერთად პლეი ოფის სათამაშოდ ჩავიდა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ზაგრებში ევრობასკეტის C ჯგუფიდან მოახერხა გასვლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო წამს, საბერძნეთის მიერ ჰოლანდიელების ძლევით მოახერხა, ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერ და პატივსაცემ გუნდად გამოჩნდა.

C ჯგუფიდან მეოთხე, გამსვლელი გუნდი ბოლო მატჩის დასკვნით წამებზე გამოვლინდა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში მასპინძელი ხორვატია 13 ქულით დაამარცხა და ჯგუფი 2 მოგებით დახურა. ამის მიუხედავად, ბოლო მატჩში ჰოლანდიას პირველობაგანაღდებული
საბერძნეთი რომ დაემარცხებინა, კოკოშკოვის გუნდი პლეი ოფს მიღმა რჩებოდა.

ხორვატების ძლევის შემდეგ ქართველები სასტუმროში დაბრუნდნენ და ბარგი ჩაალაგეს, ჰოლანდიელები კი, რომლებსაც პლეი ოფში გასვლის შანსი შერჩენოდათ, ბარგიანად წავიდნენ საბერძნეთთან სათამაშოდ.

საქმე ის გახლდათ, რომ ბოლო მატჩის დასრულებიდან საათნახევარში ზაგრებიდან ჩარტერული რეისი მიფრინავდა ლილში, რომელსაც C ჯგუფიდან პლეი ოფში გასული გუნდები უნდა წაეყვანა.

ქართველები ბარგზე ისხდნენ და სასტუმროში ზოგი კომპიუტერთან, ზოგიც ტელეფონთან ელოდებოდა საბერძნეთის მოგებას. ლოდინი და შესაბამისად, ნერვიულობა მატჩის ბოლო წუთებამდე გაიწელა.

საბერძნეთი, რომელიც მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 11 ქულით უგებდა ჰოლანდიას, მოდუნდა და საქართველოს ნაკრების წევრები ძალიან ანერვიულა. კალატესის გაფუჭებული საქმე ბოლოსწინა წუთზე ბურუსისმა სამქულიანით გამოასწორა და ბერძნებმა კერკეტი ჰოლანდია 68:63 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელები ერთმანეთს მისალოცად გადაეხვივნენ და ნომრებიდან ბარგით ჰოლში დაეშვნენ, გარეთ კი ტურნირის მანძილზე საქართველოს მომსახურე ავტობუსი იცდიდა. რამდენიმე წუთში ქართველები ავტობუსში ისხდნენ და ზარ-ზეიმით ზაგრების აეროპორტისკენ მიდიოდნენ.

ჩარტერული რეისისკენ თავიანთი ავტობუსებით მიემართებოდნენ ხორვატები და სლოვენიელებიც.

რაც შეეხებათ ბერძნებს, მათ ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ თვითმფრინავზე უარი თქვეს და ლილში საკუთარი, ჩარტერული რეისით 11 სექტემბერს, დილის საათებში ჩამოფრინდებიან.

სამიუ ნაკრების დელეგაციის წევრებით, ფიბა-ევროპის სტაფის წარმომადგენლებითა და მსაჯებით სავსე თვითმფრინავი ლილის აეროპორტში ღამის 2 საათზე დაეშვა. გუნდებს ბარგისთვის არ დაუცდიათ და პირდაპირ სასტუმროში გაემგზავრნენ. ღამის მგზავრობით ისედაც ძილგატეხილი კალათბურთელები ორგანიზატორებმა აეროპორტში არ ალოდინეს და ბარგს დილას სასტუმროს მისაღებში დაახვედრებენ.

საქართველოს ნაკრები 11 სექტემბერს, საღამოს ივარჯიშებს. მზადებას დაეთმობა შაბათიც. კვირას ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე, კოკოშკოვის გუნდი მერვედფინალურ მატჩში ლიტვას დაუპირისპირდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხორვატიათან და მაკედონიასთან როგორც ითამაშეს,ასეთი თამაშით ლიტვასაც შეიძლება მოუგოთ.მთავარია ცინცაძემ და მარკოიშვილმა მოუმატონ.აუცილებლად თავისუფლად,უშიშარი თამაში.
გაგვახარეთ რა
08:39 12-09-2015
0
რომელ საღამოს ?
giorgi
12:57 11-09-2015
0

სიახლეები პოპულარული