რეპლიკა: კალათბურთი დაგვავიწყდა?

AutoSharing Option
"მადლობა ქართველ მორაგბეებს, ძიუდოისტებს, ქალ მოჭადრაკეებსა და მოჭიდავეებს", - ეს ფრაზა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ წარმოთქვა.

კალათბურთი გერია? - სპორტის აწოწილ სახეობაზე მწერალი ჟურნალისტი ვარ და პრემიერის სიტყვები გულზე მომხვდა. დამრჩა შთაბეჭდილება, როგორც მე მიყვარს პეტანკი, ისე პრემიერს - კალათბურთი... თორემ ემახსოვრებოდა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა! ასეთი დონის შეჯიბრების პლეი ოფში რომელიმე ქართულ ნაკრებს უთამაშია აქამდე?

სხვა მთავრობებთან პარალელს არ გავავლებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სულაც არ არის აუცილებელი კალათბურთის თავგადაკლული ქომაგი იყო საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ერთ
თამაშს მაინც დაესწრო.

მოედანზე ფაჩულიას გულიანი ქართული შეძახილით დათრგუნულ მეტოქეს რომ დაინახავ, სწორედ მაშინ შეიგრძნობ, რას ნიშნავს ქართული სული; ტრიბუნებზე ხუთჯვრიან დროშებში ჩაფლულ თვალებანთებულ გულშემატკივარს შორის რომ ჩაჯდები, მაშინ მიხვდები, რას მოაქვს სიხარული თანამემამულეებისთვის და რა უნდა გააკეთო საიმისოდ, რომ ეს სიხარული კიდევ უფრო გაიზარდოს; გასახდელში რომ შეხვალ და ორივე ფეხზე ყინულდადებულ, ჩალურჯებულ კალათბურთელებს რომ ნახავ, მაშინ მიხვდები, რომ ეს ხალხი ტკივილს, ოჯახისგან თვეობით მოშორებას ერთი მიზეზით ითმენს - ეროვნულმა ჰიმნმა ევროპის საუკეთესო გუნდთა შორის გაიჟღეროს და მსოფლიოს გააგებინოს, სიტყვა "ქართველი" მებრძოლს, შეუპოვარს, ამავე დროს, კულტურულსა და მდიდარი ისტორიის ადამიანს რომ ნიშნავს.

ატლანტელს რომ შეხვდეთ, "ჯორჯიის" ხსენებაზე რომელიმე პოლიტიკოსი კი არა, ზაზა ფაჩულია გაახსენდება...

სლოვენიელისთვის საქართველო ვლადიმერ ბოისასთან ასოცირდება... მანუჩარ მარკოიშვილს, ვიქტორ სანიკიძეს, გიორგი შერმადინს, თორნიკე შენგელიას, გიორგი ცინცაძეს სადაც უთამაშიათ, საქართველოს საუკეთესო ელჩები ყოფილან. სწორედ მათ შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა საკალათბურთო ევროკავშირში - 2011 წლის შემდეგ ხომ ევროპის ჩემპიონატი ქართველების გარეშე არ ტარდება!

თუ საქართველოს ნაკრებისთვის დაღვრილი ოფლისთვის არა, ელჩობისთვის მაინც არ ეკუთვნის ამ ხალხს მადლობა?

სიტყვიერ მადლობას ვგულისხმობ, მხოლოდ სიტყვიერს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩამოთვლილია სპორტის ის სახეობები სადაც ნაკრებების დონეზე ყველაზე დიდი წარმატებები გვაქვს.
ასეთი პათოსით დაწერილი სტატია ჩემი აზრით მოწონებას ვერ იმსახურებს.
ფერნანდო
18:15 22-12-2015
0
ღარიბაშვილი? ააააააააააა, გამახსენდა, ეს ხომ ჩვენი პრემიერმინისტრია, ღმეთო ჩემო, რა საშინელებაა ეს სკლეროზი!!!
zaza arapaculia-ს
16:44 22-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული