[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. კალათბურთში. სადაც გვაქვს შედეგი და გვყავს კარგი ნაკრები. სადაც გვყავდა იგორ კოკოშკოვი და იგორი უკვე სლოვენიის ნაკრების ბოსი გახდა. იქ მოაყომარებს სიტუაციას.

კოკოშკოვი მე მომწონდა და იგორს ბევრი პლუსი აქვს. მე არ ვიცი, რა პლუსები აქვს ზუროსს, მაგრამ მე ვიცი, რომ რთულია კოკოშკოვის შეცვლა. ბევრი მიზეზის გამო...

რთულია ახალი პროცესის დაწყება. რთულია პრობლემების მოგვარება და ზუროსმა ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს. და პრობლემები იქნება - შემადგენლობის დასახელების, საქართველოს ჩემპიონატიდან კარგი, სხვაზე უკეთესი მოთამაშეების არჩევის
დროს. ზუროსი არ იცნობს ქართულ კალათბურთს და ძალიან მალე უნდა გაიცნოს, რომ პროცესი დაიძრას, რომ ზედმეტი არ გახდეს.

კოკოშკოვი აქ სიტუაციას აკონტროლებდა. ზუროსს ჯერ სიტუაცია აკონტროლებს. მესიამოვნება, თუ ბერძენი ამ პროცესს შეცვლის და ნაკრები ახალი კონტურებით დაიწყებს რთულ პროცესს. საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელით სწრაფი წარმატება უნდა, რომ არ გაჩერდეს. ეს რთულია.

ადრე, 6 წლის წინათ, ზუროსი ევროთასზე საუკეთესო მწვრთნელი გახდა. მაგრამ ეს ადრე იყო. მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრები იცვლება. ეს ზუროსმა უნდა იცოდეს და მწვრთნელმა ეს ინფორმაცია ნაკრებში ასისტენტებისგან უნდა მიიღოს. ასისტენტები ლოკალურ ჩემპიონატში მუშაობენ.

ასისტენტების გუნდები აქ ლიდერებში შედიან და ზუროსს გაუმართლა, რომ ასისტენტებმა დიდხანს იმეგობრეს კოკოშკოვთან. აკლიმატიზაციის ამბავში ეს თემა უფრო მეგობრულად წავა.

ზუროსმა მიიღო ნაკრები, სადაც ინერციით აღარ აგებენ. ზუროსმა მიიღო ნაკრები, სადაც ინერციით, მოგება ისწავლეს. და ზუროსმა მიიღო ნაკრები, სადაც მოგება ახალი შემადგენლობით და ახალი ლიდერებით დაიწყება. ზუროსმა საინტერესო ნაკრები მიიღო. და რთული. ძალიან რთული.

კოკოშკოვმა ჩვენთან უკონფლიქტოდ საუბარი ისწავლა. ზუროსმა ეს არ იცის. ზუროსი მიიღებს ნიჭს, სადაც, ზაზა ფაჩულიას სავარაუდო არყოფნის შემთხვევაში, ყველას უნდა კაპიტნობა.

ზუროსი მიიღებს ნაკრებს, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში, მწვრთნელი ქართველი, გენიალური მწვრთნელებისგან ეგრევე გესლიან რჩევებს და შხამიან დარიგებებს მიიღებს.

ზუროსმა მიიღო ნაკრები პერსპექტივით და ასაკში შესული ასაკით. ზუროსმა განსხვავებული პერსპექტივა მიიღო.

კოკოშკოვის დროს იგორზე ჩვენი ნაკრების ასაკი და ლიდერების ლტოლვა, ლიდერების მონდომება, მწვრთნელისთვის დამტკიცების სურვილი მუშაობდა. ზუროსის დროს რჩებიან ძველი ლიდერები და არ მოდიან ახალი, კარგი მოთამაშეები - ისინი, ვინც ნაკრებში ძველებს შეცვლიან და ლიდერებს დაასვენებენ.

სადღაც, დაღლილობის გამო ვერ ვქაჩავდით და სადღაც, ეს პრობლემა იყო. ზუროსმა ეს თემები უნდა მოაგვაროს. ნაკრები ვერ მოიგებს დაღლილი ფეხებით, დახუჭული თვალებით და რკინის მაჯით. მუხლებმა უნდა დაისვენოს, თვალები არ უნდა გეხუჭებოდეს და მაჯა მოქნილი ანაკონდა უნდა იყოს.

ზუროსს ეს მემკვიდრეობა აქვს და ზუროსი ამისთვის მზად არის. მზად არის? ისე, აზრზე არ ვარ. ვნახოთ. ეს ჯერ ზუროსმაც არ იცის. ეს ჯერ ჩვენს ფედერაციაშიც არ იციან. ნახავენ.

"ჟალგირისში" ზედიზედ ორი წაგების ზედიზედ ორი მოგებით შეცვლა მოსულა, შეიძლება იქ წაგების დრო გაქვს. ნაკრებში ზედიზედ ორი წაგებით ძალიან უკან წახვალ. ნაკრებში ზედიზედ ორი წაგებით კარგად ვეღარ იყომარებ და ზუროსს აქვს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება. საბერძნეთში.

და ის ნაკრები ვერ გავიდა ოლიმპიადაზე, მაგრამ იმ ნაკრებმა ევრობასკეტზე (2011) ნორმალურად იმუშავა, გავიდა მეორე ეტაპზე. იქ, მეორე ეტაპზე საბერძნეთმა საქართველოს ატკინა და მეოთხედფინალში ვერ გადაუჯოკრა საფრანგეთს, რომელიც კარგი, დასვენებული, ახალგაზრდა ტონი პარკერით იგებდა. საბერძნეთი იყო ორგანიზებული, ბოროტი გუნდი, რომელმაც ნიჭთან, პარკერთან წააგო. ხდება ხოლმე.

იმ ჩემპიონატზე პარკერთან თითქმის ყველა აგებდა და იქ საფრანგეთი ფინალამდე მივიდა. ზუროსის საბერძნეთი მეხუთე ადგილისთვის თამაშში ლიტვასთან აგებს. მურტალი წაგება იყო. ძალიან მძიმე. ზუროსს იმ ჩემპიონატის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებში კონტრაქტი არ გაუგრძელეს.

და ზუროსი დღეს ჩვენთან არის დაკონტრაქტებული. მინდა, ეს კარგი და შედეგიანი წრე იყოს. მართლა ძალიან მინდა. და ზუროსს უფრო რთული და ნელი ნაკრები მისცეს, ვიდრე - იგორს.

ჩემს უფროს მეგობართან, პაატა გურასპაულთან საუბრის დროს ვარჩევდით ჩვენი ნაკრების დღევანდელ შემადგენლობას და როგორ თამაშობენ ამ ნაკრების ლიდერები საქართველოს გარეთ. ზაზა ფაჩულიამ იდეალური სტარტი აიღო, კეთილი ხალხის მხარდაჭერით კინაღამ საკრალურ ხუთეულში მოხვდა და იმის შემდეგ გუნდის სასტარტო ხუთეულშიც ვერ ხვდება და საშუალოდ, ათ წუთზე ნაკლებს თამაშობს. ცუდია, ზაზამ ეს არ დაიმსახურა. სხვებიც ცოტას თამაშობენ და სხვებს აკლიათ დრო.

ის დრო სხვებმა, და იდეაში ზაზამაც, ნაკრებში დიდი დოზით უნდა მიიღონ და უთამაშებელი ლიდერისთვის რთულია სხვისთვის სამაგალითოდ დარჩენა. მაგარი რთულია. ეს მწვრთნელმა იცის. ეს მოთამაშეებმაც იციან და ეს პროცესი არ იცვლება, უფრო რთული და ჭირვეული ხდება. მოთამაშეების ასაკთან ერთად.

ზუროსმა რთული მემკვიდრეობა მიიღო. და ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს აუცილებლად უნდა მიუყვანონ ჯანმრთელი თორნიკე შენგელია. ბოლომდე აზრზე მოსული თოკო. საერთოდ არაფერი რომ არ აწუხებს. შენგელია ამ ნაკრების, ქართული კალათბურთის მომავალია. შენგელია უმატებს და თოკომ ტრავმებს უნდა სძლიოს, რომ თავისუფლად გააგრძელოს კარიერა, სადაც ნიჭი დიდი დოზით არის. შენგელია ჩვენი ჯოკერია, რომელიც ზუროსმა სხვის ტუზებს უნდა გადაარტყას. ეგრევე.

ზუროსმა კოკოშკოვთან თეორიული მეცადინეობაც უნდა გაიაროს, რომ მიიღოს იგორის კონსპექტები. რომ გაარჩიოს იგორის კონსპექტები. რომ ისწავლოს გაკვეთილი და საზეპიროები. რომ წუთშესვენების აღება და იმ წუთშესვენების დროს სათქმელის თქმა არ დაავიწყდეს. ზუროსი გამოცდილი ბიძაა და ზუროსმა ეს პროცესები ადრე დაალაგა, მაგრამ ადრე ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ იყო.

ადრე ის არ ცვლიდა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ნაკრებში ახალი ენერგია მოაქვს. კი, კი, დღესაც მოაქვს. ზაზა ნაკრების კაპიტანია და როცა კაპიტანს შეცვლი, არ უნდა დაგჭირდეს იმის ახსნა, რომ ასეა საჭირო. უბრალოდ, კაპიტანმა უნდა ჩაიაროს, ხელი ჩაურტყას დანარჩენებს და არ შემოგხედოს გამომწვევი სახით - რას აკეთებ, ქოუჩ, რატომ მცვლიო?!.

ეს ზუროსმა უნდა გააკონტროლოს და ზუროსი პროცესის სიმძიმის ქვეშ არ უნდა დარჩეს. ზუროსი ამ პროცესს უნდა აგვარებდეს. ან პროცესი ზუროსს დაპრესავს და ნაკრები უმართავი მექანიზმი გახდება. ზუროსი ამ მანქანის მთავარი მემანქანე უნდა გახდეს, რომელიც ყოველთვის შეუცვლელი იქნება. და ზუროსი არ უნდა დაიღალოს. ან ნაკრები დადგება და მაგრად მოგვხვდება. სხვა, დასვენებული ნაკრებისგან. ზუროსმა ესეც იცის და ზუროსმა მაგარი რთული მემკვიდრეობა მიიღო. აქ მხოლოდ მაქსიმუმს ითხოვენ. ყოველთვის.

საქართველოს ნაკრებს აქვს შედეგი. საქართველოს ნაკრებმა მოგება ისწავლა და ხანდახან ვაგებთ. უკეთეს, უარეს გუნდებთან ვაგებთ. ზუროსიც აგებდა. უკეთეს და უარეს ნაკრებებთან, გუნდებთან. მაგრამ კოკოშკოვს უფრო ახალგაზრდა ნაკრებით მუშაობა ბევრ თავის ტკივილს უხსნიდა. იმ ნაკრების ასაკი იგორისთვის ტკივილგამაყუჩებელი იქნება და ამ ნაკრების ასაკი ზუროსისთვის თავისტკივილია. უბრალოდ, სხვები, კარგები და ჩვენები, ახალგაზრდები და ნიჭიერები არ მოდიან. ან მოდიან და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ.

ზუროსმა ეს იცის. ზუროსმა ეს იცოდა. ის ამისთვის მზად უნდა იყოს და ახალ ნაკრებში მხოლოდ ძველ ბიჭებზე აქცენტის გაკეთება რთული იქნება. და უფრო რთული იქნება ძველი გენერაციის ახალი მოთამაშეებით შეცვლა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ახალი, ნაკრების დონის ლიდერები, ან უბრალოდ, კარგი შემცვლელები ჯერ არ მოდიან.

ვიღაცებს შეიძლება ხელოვნურად გავუწიოთ მეგობრული პროტექცია, მაგრამ ეს ერთჯერადი იქნება. ვიღაცამ უნდა შეცვალოს ზაზა, დაასვენოს მანუჩარ მარკოიშვილი, ვიკასავით ბევრი უნდა მოხსნას და გიორგი ცინცაძის ენერგია ჩაიბაროს. ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს და ზუროსი თვითონ ვერ ითამაშებს. ზუროსმა სხვები უნდა ათამაშოს ან - სხვები ზუროსს ათამაშებენ. და ნაკრები არ იქნება.

იგორ კოკოშკოვმა ეს პროცესები დაალაგა. ზუროსს არ ვიცნობთ. მხოლოდ მისი "სივი" არ არის საკმარისი. იმუშაოს, შეეჩვიოს რთულ, ქართულ ხასიათს და გაიგოს, რომ აქ კალათბურთი ყველას მასზე უკეთ ესმის. ეს უნდა გაიგოს და ეგრევე გაიცინოს. ზუროსმა ხმაურს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და ყველაფერი კარგად, ხოშიანად წავა. და როცა საკონტრაქტო ვალდებულება დასრულდება, ზუროსიც წავა. ან დარჩება.

ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ზუროსმა სხვა რაღაცებზე უნდა იფიქროს. ზუროსი ახალ პროცესს იწყებს, სადაც ფრთხილად და ენერგიით უნდა იმუშაოს.

საქართველოში მაქსიმალისტები არიან. ზარმაცი მაქსიმალისტები, ვისაც არ უნდა, დაიჯეროს რაღაცები. ზუროსი მასისთვის მაგალითი უნდა გახდეს. როგორც კოკოშკოვი, რომელმაც ერისგან დიდი მადლობა ვერ მიიღო. ზუროსს მაინც გადავუხადოთ ეს მადლობა. იმედი მაქვს, ის ამას დაიმსახურებს.

მომავალ შეხვედრამდე და ითამაშეთ კალათბურთი! მაგრად!

ზურა თალაკვაძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კოკოშკოვმა არაფერიც არ დაალაგა. კოკოშკოვმა გააფუჭა ძალიან დიდი შანსი. შანსი ქართული კალათბურთის განვითარებისა. კოკოშკოვმა ვერაფერი შემატა კარგი მოთამაშეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. პირიქით ვერ ააწყო თამაში და ეს ყველა ევროზე ჩანდა. ყველაზე მეტი ბურთის დაკარგვები, თითქმის ვერცერთი სწრაფი შეტევა, ძალიან ბევრჯერ მეტოქის სასროლ პოზიციაზე მარტო დატოვება, ფაჩულიას და შენგელიას შეტევაში ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ბურთის ჩაგდება, ეს ყველაფერი დაულაგებელი თამაშის ბრალია. ზუროსს კი ვერ გამოყენებული შანსებით დაღმასვლისკენ მიმავალი ნაკრები დახვდა
0
GG, მოგენატრა მშობლიური ბ დივიზიონი?
B Division
02:26 06-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული